“ეს არის საზოგადოების დაშინების მცდელობა და მაყურებლის დაბულინგება ამ შემთხვევაში, რომელიც ქუჩური გარჩევისკენ უფრო იხრებოდა, ნამდვილად არ ჯდება ჟურნალისტიკის და ეთიკის სტანდარტებში ” – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბარში მედიაფსიქოლოგი და მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (MCERC) დამფუძნებელი, მარიამ გერსამია.
მისი თქმით, სიუჟეტი, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გავიდა, უფრო საბჭოთა და სუს-ის სტანდარტებში ჯდება, ვიდრე მედიისა და ჟურნალისტიკის ეთიკის ნორმებში. ასევე, მარიამ გერსამიამ აღნიშნა, რომ ჟურნალისტს ნამდვილად შეუძლია წყაროების მეშვეობით მოიძიოს სხვადასხვა ადამიანის კონტაქტები და გავიდეს მათთან ხაზზე, მაგრამ ეს შემთხვევა გარკვეულწილად წარმოშობს კითხვებს.
“მეტრონომთან” საუბრისას მან სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა, თუ რა მიზანი შეიძლება ჰქონოდა ტელეწამყვანს , როდესაც სოციალური ქსელის მომხარებლების იდენტიფიცირება მოახდინა.
“ლოგიკურია, კითხვები ჩნდება, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოიპოვა მარიკა ბაკურაძემ საკონტაქტო ინფორმაცია. თავად ეს სიუჟეტი (ექსპერიმენტი) ჯდება უფრო სუს-ის და საბჭოთა სტანდარტებში და ნაკლებად ჯდება ჟურნალისტიკის სტანდარტებში. რა თქმა უნდა, მაყურებელს აქვს უფლება თავისი აზრი გამოხატოს და რა თქმა უნდა, ჟურნალისტსაც აქვს იმისი უფლება, რომ მათ იგივე სივრცეში გასცეს პასუხი, თუმცა მაყურებლის დაბულინგება ამ შემთხვევაში, რომელიც ქუჩური გარჩევისკენ უფრო იხრებოდა, ეს ნამდვილად არ ჯდება ჟურნალისტიკის და ეთიკის სტანდარტებში. რას მიაღწია ან რა მიზანი ჰქონდა, როდესაც ამას აკეთებდა, ეს ჩემთვის გაუგებარია. [რომ მე ვიცი თქვენ როგორ მოგძებნოთ? ანუ თქვენ ყველანი იდენტიფიცირებულები ხართ?] მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მიზანი ეს იყო. არც ერთ მაყურებელს არ შეშინებია და უფრო მეტი პრეტენზია გაჩნდა მარიკა ბაკურაძის მისამართით და დროა ჟურნალისტმაც გასცეს პასუხი ჩვენს კითხვებს. პოლიტიკოსების ტელეფონის ნომრის მოპოვება და ინფორმაცის მოპოვება მათ შესახებ იოლია, რადგან საჯაროა, მაგრამ აი ესე რანაირად არის შესაძლებელი ადამიანების პირადი ინფორმაციის გაგება? რამე ბაზაა ესეთი რო “ფეისბუქში” ვინც რას აკომენტარებს უცბად შეგიძლია მოიძიო, თან ესე ოპერატიულად? საინტერესოა, რომ ამის ტირაჟირებას ცდილობს “იმედი”. ეს არის საზოგადოების დაშინების მცდელობა – განაცხადა მარიამ გერსამიამ.