მასობრივი აქციები ჩინეთში – ნულოვანი კოვიდის პოლიტიკა და მისი გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე

ჩინეთი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. სი ძინპინის ნულოვანი კოვიდის პოლიტიკის და მისი მძიმე შედეგების წინააღმდეგ ქვეყანაში სულ უფრო მეტი ადამიანი გამოდის. დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქშიც მიმდინარეობს, რასაც ადგილობრივი პოლიცია ძალის გამოყენებით უპირისპირდება.

მასობრივ ტესტირებასთან, მკაცრ ლოკდაუნებთან, იძულებით კარანტინთან და ციფრულ თვალთვალთან ერთად, რასაც დამანგრეველი ეკონომიკური ეფექტი აქვს, ათასობით გამომსვლელი ჩინეთის ლიდერის გადადგომის მოთხოვნასაც აყენებს და პროტესტმა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სახე შეიძინა.

რას აპროტესტებენ ჩინელები და რატომაა ეს გამოსვლები მნიშვნელოვანი?

გარდა ჩამოთვლილი მიზეზებისა, პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა დასავლეთ ჩინეთის რეგიონ სინძიანის დედაქალაქში, ურუმქიში გაჩენილმა ხანძარმა, რომელმაც სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მეხანძრეებმა ინციდენტის ადგილზე დროულად მისვლა ლოკდაუნის გამო ვერ შეძლეს – ქალაქი უკვე 100 დღეზე მეტია ჩაკეტილია, რეზიდენტებს რეგიონის დატოვების უფლება არ აქვთ.

ურუმქის მცხოვრებლებმა ლოკდაუნის დასრულების მოთხოვნით სამთავრობო შენობას მიაშურეს, რის შემდეგაც, ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ ეტაპობრივად შეამსუბუქებს მიღებულ ზომებს, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაკონკრეტებულა.

მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილებამ საპროტესტო ტალღა ვერ დააცხრო და დემონსტრაციები მთელი ჩინეთის მასშტაბით, რამდენიმე ქალაქში გავრცელდა. ამერიკული გამოცემა CNN-ის ინფორმაციით, ქვეყნის 15 ქალაქში 20-მდე დემონსტრაცია დაფიქსირდა – მათ შორის, დედაქალაქ პეკინსა და ფინანსურ ცენტრ შანხაიში.

­­

 

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიცია BBC-ის ჟურნალისტს ძალის გამოყენებით.

გამომსვლელებს ხელში ცენზურის საწინააღმდეგო სიმბოლო, ცარიელი თეთრი ფურცლები ეჭირათ. აქციებზე ისმოდა სოციალისტური ჰიმნი ინტერნაციონალი, რომლითაც მაცხოვრებლებს მოქმედებისკენ მოუწოდებდნენ. პროტესტს შეუერთდნენ უნივერსიტეტები და სტუდენტებიც.

მართალია, პროტესტი ჩინეთში ადრეც ყოფილა, მაგრამ ამ მასშტაბებს მას იშვიათად თუ მიუღწევია, მით უმეტეს, ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. მმართველობის პერიოდში ქვეყნის კომუნისტურმა პარტიამ ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე მოიპოვა კონტროლი, ზღუდავს განსხვავებულ აზრს და შექმნა თვალთვალის მთელი სისტემა.

პროტესტი ჩინეთის დიდ ნაწილში მშვიდობიანია, თუმცა ვიდეოებიდან, რომლებიც მოგვიანებით ჩინური ინტერნეტ სივრციდან გააქრეს, ჩანს, რომ ზოგიერთ ქალაქში პოლიცია ძალას იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ.

გამოსვლები ცხადყოფს, რომ გრძელვადიან ლოკდაუნში მყოფი მოსახლეობის მოთმინების ფიალა თანდათან ივსება.

გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე

მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში აქციები არასტაბილურობის და ბუნდოვანების კიდევ ერთ, დამატებით ელემენტს აჩენს გლობალურ ეკონომიკაში, რომელიც ომით, ენერგოკრიზისითა და ინფლაციის მაღალი დონით ისედაც დაზარალებულია და რეცესიისკენ მიექანება.

წლების განმავლობაში ჩინეთი გლობალური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი იყო. ანალიტიკოსების თანახმად, ვითარების კიდევ უფრო გართულებამ შესაძლოა, შეანელოს წარმოება, გავლენა იქონიოს მრავალ სექტორზე და აიძულოს ამერიკული თუ ევროპული კომპანიები, დატოვონ ჩინეთის ბაზარი და გაამრავალფეროვნონ მიწოდების ჯაჭვები.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა მთავარი დარტყმა ეკონომიკისთვის მკაცრი ლოკდაუნით გამოწვეული შედეგებია, დემონსტრაციებმა და პროტესტის მასშტაბის შესაძლო ზრდამ გავლენა საერთაშორისო ბაზრებზე მაინც იქონია. 1.5%-ით შემცირდა 500 უმსხვილესი ამერიკული კომპანიის ინდექსი, S&P 500, დაღმასვლის ტენდენციაა აზიურ სააქციო ბირჟაზე, მყარდება დოლარი, ნავთობის ფასი კი მკვეთრად შემცირდა, თუმცა მოგვიანებით ნაწილობრივ აღიდგინა ღირებულება.

ჩინეთი ამჟამად ბენზინის უმსხვილესი იმპორტიორია და 2021 წელს მასზე მსოფლიოში წარმოებული პროდუქციის, არც მეტი არც ნაკლები, 30% მოდიოდა.

პანდემიის შედეგად გამოწვეულმა მიწოდების შეფერხებამ ინდუსტრიებს აიძულა მიწოდების დივერსიფიცირება და ნედლი მასალების თუ მუშახელის სხვა ქვეყნებში ძიების დაწყება. მაგალითად, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა უკვე დაიწყო წარმოების ვიეტნამსა და ინდოეთში გადატანა.

ბიზნესმენებსა და პოლიტიკურ ლიდერებს სულ უფრო მეტად სურთ ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირება, თუმცა ამის გაკეთება რთული იქნება. დასავლური კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ იაფად აწარმოონ პროდუქცია და ასევე გაყიდვებიც მნიშვნელოვნად გაზარდონ, ჩინურ ბაზარს მსოფლიოში ალტერნატივა ვერ მოეძებნება.

უნდა ითქვას ისიც, რომ პროტესტმა კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს ჩინეთში ინვესტირების მაღალი რისკების შესახებ, თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამის შესახებ აქამდეც ყველამ კარგად იცოდა.

osnos-china-protests-1669728203.webp

ჩინელი დემონსტრანტები თეთრი ფურცლებით ხელში.

ერთი დადებითი მხარე, რაც ჩინეთის ეკონომიკის შენელებას შეიძლება ჰქონდეს, ენერგიაზე ფასების შემცირებაა. ისტორია აჩვენებს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას თან ახლდა ნავთობზე მოთხოვნის ზრდაც.

ენერგეტიკოსების თანახმად, ქვეყანაში კოვიდით ინფიცირებულთა მატებამ და ეჭვებმა, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ შეამსუბუქოს შეზღუდვები, მთავარი როლი ითამაშა ბოლო კვირებში ნავთობის გაიაფებაში.

ახლა მთავარი გავლენა არა მსოფლიო ეკონომიკაზე, არამედ ქვეყნის შიგნით, იმ სექტორებზეა მოსალოდნელი, რომელთათვისაც ფიზიკური კონტაქტი აუცილებელია. მაგრამ სურათის ცვლილება მიმდინარე მოვლენების სამომავლო განვითარებაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share