ჟურნალმა TIME-მა წლის პერსონად ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინელი ხალხის სულისკვეთება დაასახელა.
სულისკვეთება!
თითქოს აბსტრაქტული ცნებაა.. როგორ შეიძლება წლის, ან რამის პერსონად დასახელდეს, მაგრამ ასეა. სულისკვეთებაა ის, რაც ერს, საზოგადოებას – სახეს, პიროვნულობას სძენს, აყალიბებს, ისტორიის შემქმნელ სუბიექტად, სახელმწიფოდ აქცევს.
ახლა დავფიქრდეთ TIME-ს რომ საქართველოსთვის მოეცალა, წლის რა სტატუსს მოგვაკუთვნებდა თანამედროვე საქართველოს და ქართველებს და ვინ იქნებოდა ის – ვინც ამ შინაარსს განასახიერებს.
“მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?”
არც ივანიშვილის, არც ღარიბაშვილის, არც კობახიძის, არც კალაძის კიდევ ერთხელ ხსენებას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, არამარტო გასული წლის ყველაზე დიდ ანტიგმირ პუტინთან და მის სპეცსამსახურებთან ერთად, მათ ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი საზოგადოების ამ მდგომარეობამდე მოყვანაში, მაგრამ ის, რომ გლოვის დღეები გვიდგას, მძიმე დანაკარგის გარდა იმასაც გვახსენებს, რომ ჯერ კიდევ მებრძოლი ერი ვართ, გმირების და მათი გამზრდელების ქვეყანა.
ჯამბულატ ხოფერიას მამამ თქვა: ჩემს შვილს გმირს ნუ ეძახით, თავისი კაცური ვალი მოიხადაო.. ეს თავად არაერთ ომში ვალმოხდილმა მამამ თქვა და იმას კი არ ნიშნავს პარლამენტსა და პოლიტიკაში “ქვეყნის უკუღმა ტრიალის გამო” შემთხვევით მოხვედრილმა ხალხმა მათი გმირობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ლაჩრობის, წინდაუხედაობის და უგუნურების ასეთი და ამდენი ცოცხალი მაგალითი, ალბათ, ისტორიაში არ გვყოლია, ან გვყოლია და უბრალოდ ციფრულ საუკუნეში მათი ყოველდღე ყურება და მოსმენა ამ გრძნობას გვიჩენს, თორემ ასე რომ იყოს, ალბათ, არც ვაჟას გაუჩნდებოდა საბაბი შემდეგი სიტყვები დაეწერა:
“ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია”.
გამთენიას, 04:30-ზე თბილისის აეროპორტში უკრაინიდან კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს ჯამბულათ ხოფერიას ჩამოასვენებენ.
ჯამბულათს, ყველაზე ცოცხალს ჩვენს შორის და იმ სულისკვეთების მქონეს, რომლის გამოც მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა ჟურნალმა წლის პერსონის ტიტული უკრაინას, უკრაინელებს და უკრაინის ლიდერს მიაკუთვნა. ეს ტიტული მას და საქართველოდან წასულ თანამებრძოლებს თანაბრად ეკუთვნით.
ჩამოსასვენებელთა რიგში კიდევ 5 ქართველია, კიდევ 5 შეწირული სიცოცხლე მშვიდობისა და თავისუფლებისთვის. საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლი დღეს კიდევ ერთით გაიზარდა. ბოლნისელი რუსლან ბაირამოვი 34-ეა 24 თებერვალს განახლებულ თავისუფლებისთვის ომში.
დიდება ჩვენს გმირებს! გამარჯვება უკრაინას! თავისუფლება საქართველოს! სიკვდილი მტერს!
ფორმულა