სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წონის კლება ბოლო 7 თვის განმავლობაში პირველ 7 თვესთან შედარებით, სამჯერ არის აჩქარებული. ამის შესახებ მან გიორგი თარგამაძის ფორმულაში ისაუბრა.
“დაახლოებით, ოქტომბერ-ნოემბერში, ჩვენ არ დაგვიდოკუმენტირებია, მაგრამ რაც გვითხრა ვივამედმა, სადღაც 20 კილომდე აქვს ბოლო ორ თვეში დაკლებული. საერთო ჯამში, პირველი 7 თვის განმავლობაში წონის კლებას თუ შევადარებთ მეორე 7 თვის განმავლობაში წონის კლებას, სამჯერ არის აჩქარებული წონის ვარდნა”, – განაცხადა მან.
ამასთან, როგორც ლომჯარია აღნიშნავს, განსხვავებით პირველი თვეებისგან, ექსპრეზიდენტი არაკონტაქტურია და კომუნიკაცია უჭირს. მისი თქმით, ბოლო ნახვის დროს, სააკაშვილი მოკლედ პასუხობდა და საუბრის დიდ ინტერესს არ იჩენდა.
“რაც შეეხება ჩემს შთაბეჭდილებას, შარშან ზამთარში და შემოდგომაზეც მქონდა მე მასთან კომუნიკაცია და ყოველთვის იყო ძალიან აქტიური კომუნიკაციაში, ბევრ რამეზე საუბრობდა, ყველაფერზე თავისი შეხედულება ჰქონდა, ანუ ჰქონდა კომუნიკაციის სურვილი. ბოლოს ორჯერ ვნახე, დაახლოებით, 5-10 წუთი და შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის კომუნიკაცია არ გვქონია, იმიტომ, რომ შეიძლება ითქვას, არაკონტაქტური იყო და ვერ აეწყო კომუნიკაცია, ძალიან მოკლედ პასუხობდა შეკითხვებს, დიდ ინტერესს არ იჩენდა და მეც ვიგრძენი, რთული იყო მისთვისაც. იყო თვითონ დამძიმებული”, – აღნიშნა ლომჯარიამ.
ომბუდსმენი მესამე პრეზიდენტის მკურნალ ექიმზე დაყრდნობით ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესება მას შემდეგ დაიწყო, რაც მის საკანში პროკურორი და მოსამართლე შევიდნენ – კერძოდ, ლომჯარიას თქმით, ექიმი ამბობს, რომ იმ წუთებში სააკაშვილს მძიმე ემოციური ფონი შეექმნა.
“მკურნალი ექიმის თქმით, გაუარესება და აჩქარება ამ ვითარების, განაპირობა ერთ-ერთმა ინციდენტმა, როდესაც მის საკანში შევიდა პროკურორი და მოსამართლე და ასე ვთქვათ, მძიმე ემოციური ფონი შეიქმნაო, 220 წნევა ჰქონდა და იმ წუთას ძალიან საშიში პარამეტრები ჰქონდა. ამის შემდეგ მძიმდება, თვითონ მკურნალი ექიმის აღწერით, ზოგადად, მისი მდგომარეობა, რადგან მანამდე მეტნაკლებად სტაბილიზაცია ჰქონდაო. თუმცა თუ წონას შევხედავთ, მათ შორის ოქტომბრის დასაწყისამდე, მაინც ჰქონდა კლება ვივამედში შესვლიდან იმ დღემდე”, – თქვა მან.
9 დეკემბერს 13:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. პარალელურად, ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა.
6 დეკემბერს, ვივამედის მთავარმა ექიმმა ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ “პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში”. დღეს სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა აღნიშნა, რომ “სააკაშვილი საკვებს მცირე უფლებებით იღებს და ირგებს”. როგორც ექიმმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, არც ერთ სამედიცინო დოკუმენტში არ წერია, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკვებს გამიზნულად არ იღებს.