ის რაც ახლა ხდება, არის პაციენტის ინტერესების და გამოსავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები – კატასტროფულად, ცალსახად არ შეიძლება პოლიტიკოსები ერეოდნენ კლინიკურ მართვაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკოსების განცხადებები ექიმს უზღუდავს სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და „პაციენტს მკურნალობაზე დამყოლობას უმცირებს“.
„მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს მისი მკურნალი ექიმი და ექთანი იმ პირობით, თუკი მისცემენ ამის საშუალებას მათ პოლიტიკოსები. ის, რაც ახლა ხდება, არის პაციენტის ინტერესების და გამოსავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, კატასტროფულად, ცალსახად არ შეიძლება პოლიტიკოსები ერეოდნენ კლინიკურ მართვაში. ეს აზიანებს ორ რამეს, ექიმს უზღუდავს სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და პაციენტს ჯერადობით უმცირებს მკურნალობაზე დამყოლობას. რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ორი ფაქტორი, ამის განმარტება ჩემი აზრით, ზედმეტია. პოლიტიკოსებმა უნდა დაანებონ თავი, ერთი კვირა მაინც მონახონ თავის თავში ძალა და აცადონ ექიმებს,“ – განაცხადა სერგეენკომ.