ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში “პოსტ ალიონი” საუბრობს, როგორ გავაცილოთ 2022 წელი და შევხვდეთ ახალ 2023 წელს.
“ბევრი საუბრობს იმაზე თუ როგორ შევხვდეთ ახალ წელს, მაგრამ არავინ არ ამბობს როგორ გავაცილოთ. საქართველოში ეს ოდითგანვე დიდი ტრადიცია იყო. სინამდვილეში ახალი წელი 31 დეკემბერს კი არა, არამედ 25 დეკემბერს დგება და ადრე სწორედ ასეც აღნიშნავდნენ. 21 დეკემბერს იწყებს მზე ახალ სიცოცხლეს, აღზევებას და 25-დან სინათლე ყოველდღე 1 წუთით მატულობს.
აუცილებელია, რომ ძველ წელს სათანადო პატივი მივაგოთ და გავაცილოთ. თუ ცუდი იყო, მაშინ მან ნეგატივი მოგაშორათ და ამისთვის მადლობა გადაუხადეთ. საქართველოში იყო ასეთი ტრადიცია, იღებდნენ ზანზალაკს, ზარს და ზემოდან ჩვარს ადებდნენ. ხმა უნდა ყოფილიყო მოგუდული. იწყებოდა ლოცვა და მადლობის თქმა. საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ მოძრაობდნენ, რათა ცუდი ენერგია წასულიყო. სანთელთან და ლოცვასთან ერთად, ეს რიტუალი 21 დეკემბერს ხდებოდა. უკვე 25 დეკემბერს, ზარს ჩვარს აშორებდნენ და ხმა უნდა ყოფილიყო ძალიან კრიალა. შემდეგ საათის ისრის მიმართულებით ატარებდნენ ლოცვას და ყველას ეფერებოდნენ. ულოცავდნენ ერთმანეთს და სრულიად საქართველოს ახალი წლის დადგომას.
როგორ შევხვდეთ ახალ წელს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მოდის კატა-კურდღლის წელიწადი, როგორც შევხვდებით მას, სწორედ ისეთი იქნება მისი დამოკიდებული ჩვენდამი. 31 დეკემბერს აუცილებელია, რომ სუფრაზე სამი სიმბოლო გქონდეთ, კატა, კურდღელი და ვეფხვი, რადგან 22 იანვრამდე ჯერ კიდევ მისი წელიწადია. ჩვენ რომ ვეფხვი გავანაწყენოთ და მოვაშოროთ სუფრას და ის ორი დავტოვოთ, 22 იანვრამდე დიდი დროა. ვეფხვს წინ დავუდოთ პატარა ხორცის ნაჭერი, როგორც პატივისცემის სიმბოლო. კატას თევზი და კურდღელს სტაფილო ან კომბოსტო.
საიდან მოდის ცნება, წლის ფერი. ფერს გვაძლევს სტიქია, რადგან სამყაროს სწორედ სტიქიები მართავენ, აქედან გამომდინარე ამ წლის სტიქია წყალია და ძირითადი ფერები იქნება ლურჯი და შავი. მნიშვნელოვანია, რომ მისაღები იქნება ლურჯის სხვადასხვა გრადაციები. ასევე აქტუალური იქნება თეთრი ფერიც. მათი შეერთების შედეგად ვიღებთ ნაცრისფერს და ესეც წლის ფერია”, – საუბრობს მიხეილ ცაგარელი.