“არ შეიძლება…ქართველ ხალხს ისეთი ვინმე ჩამოუყვანო…რომელსაც ეს ქვეყანა არ უყვარს და პირიქით….სულ ლანძღავს”- დათო ოქიტაშვილი ლაიმა ვაიკულესა და ალა პუგაჩოვასთან ურთიერთობაზე

“გა­ა­ჩე­რეთ ომი, გე­მუ­და­რე­ბით!“, – ამ ში­ნა­არ­სის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა ცნო­ბილ­მა ლატ­ვი­ელ­მა მომ­ღე­რალ­მა ლა­ი­მა ვა­ი­კუ­ლემ ჯერ კი­დევ მარ­ტის და­სა­წყის­ში, აშშ-დან გა­ავ­რცე­ლა. ის ამა­ვე ვი­დე­ო­ში ჰყვე­ბო­და თა­ვის კი­ე­ველ მე­გო­ბარ მუ­სი­კოს­ზე, რო­მე­ლიც ბომ­ბებს თავ­შე­სა­ფარ­ში ემა­ლე­ბო­და… ლა­ი­მა ვა­ი­კუ­ლე ომის და­წყე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რია. ივ­ლის­ში, კონ­ცერ­ტზე, ის სცე­ნა­ზე უკ­რა­ი­ნის ლურჯ-ყვი­თე­ლი დრო­შით გა­ვი­და…

“რუ­სე­თი და­ეს­ხა თავს უკ­რა­ი­ნას და წერ­ტი­ლი, აქ არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბის მო­ძებ­ნა არ შე­იძ­ლე­ბა. ლა­პა­რა­კო­ბენ, ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი იღუ­პე­ბი­ა­ნო, სა­კუ­თარ თავს ჰკი­თხეთ, – რა­ტომ? რა­ტომ იღუ­პე­ბი­ან ისი­ნი? რას აკე­თე­ბენ ისი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში? თუ არ გინ­დათ, რომ ისი­ნი იღუ­პე­ბოდ­ნენ, წა­დით! წა­დით, თქვენ არა­ვინ გე­ლით! თქვენ არა­ვის უნ­დი­ხართ! იძა­ხი­ან, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბის და­სა­ცა­ვად წა­ვე­დი­თო და ამი­ტომ ბომ­ბავთ ხარ­კოვს?”, – წერდა მომღერალი…

ალბათ ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ლაიმა ვაიკულე საქართველოზეც უსაზღვროდ არის შეყვარებული და 2008 წელს, რუსეთ- საქართველოს ომiს დროსაც საქართველოს ბედს მწვავედ განიცდიდა… ამის შესახებ დავით ოქიტაშვილი გვიამბობს…

“იურმალას კონკურსზე ვიმყოფებოდი და ერთმანეთი იქ გავიცანით, ძალიან დავახლოვდით და ლაიმა ვაიკულე შემდეგ საქართველოში რამდენჯერმე მოვიწვიე. აქ ჩამოსვლის სურვილი თავად გამოთქვა. გარკვეული პერიოდი, იგი ბათუმში ცხოვრობდა და ბათუმის “ინტურისტში“ მღეროდა.ლაიმა ვაიკულეს დამოკიდებულება და სიყვარული ქართველი ხალხის მიმართ არასოდეს განელებულა… 2008 წელს მანაც, ისევე, როგორც ალა პუგაჩოვამ, თავისი პოზიცია მკაცრად დააფიქსირა. ეს ორი ქალბატონი ისედაც მეგობრები არიან და ყოველთვის იქ დგანან, სადაც სიმართლეა! მათი სიყვარული საქართველოს მიმართ იმდენად დიდია, სულ კითხულობენ, ჩვენს თავს რა ხდება…

დიდი მადლობა მინდა ლაიმა ვაიკულეს ვუთხრა ამ სიყვარულისთვის, რასაც სულ იჩენს ჩვენ მიმართ. საქართველოში ყოფნის დროს, უდიდესი სურვილი ჰქონდა საქართველოს პატრიარქს შეხვედროდა და შეხვდა კიდეც… იმ ურთიერთობებზე, იმ სიყვარულზე ისაუბრეს, რაც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს.

საქართველოში მისი ყოველი ჩამოსვლა ზეიმი იყო! ძალიან უყვარს ქართველ ხალხს… არ შეიძლება ყველაზე ჭკვიან, გონიერ და მუსიკალურ საზოგადოებას – ქართველ ხალხს ჩამოუყვანო ისეთი ვინმე, რომელსაც ეს ქვეყანა არ უყვარს და პირიქით, სულ ლანძღავს… სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევებიც ყოფილა და ქართველმა მაყურებელმა ასეთი ხელოვანები არ მიიღო! ლაიმა ვაიკულე ერთ-ერთი ის მომღერალია, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გამორჩეულად უყვარს და ამიტომაც, პირადად მე, იგი სამჯერ მოვიწვიე.რამდენიმე თვის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი და მან, რასაკვირველია, მკაცრად დაგმო ეს ყველაფერი… როგორც ვიცი, ალა პუგაჩოვა გარკვეული პერიოდი მასთან ცხოვრობდა.

რუსეთ-უკრაინის ომი რომ დაიწყო, ალა პუგაჩოვამ ხომ დატოვა რუსეთი და როგორც თქვეს, იმ პერიოდში ლაიმა ვაიკულესთან იმყოფებოდა… მე ასე მითხრეს და არც არის გასაკვირი, რადგან ძალიან ახლო მეგობრები არიან. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ რამდენიმე ზაფხული ალა პუგაჩოვა ბავშვებთან, ოჯახთან ერთად, ლაიმა ვაიკულესთან ისვენებდა.

ალა პუგაჩოვას დირექტორს ვესაუბრე… ჩვენ მაქსიმ გალკინის მოწვევას ვაპირებდით, მაგრამ აქ მთელი ამბები ატყდა და თებერვლისთვის გადავდეთ… მე ალას მოკითხვა გადავეცი და გავამხნევე, რადგან ძალიან აღელვებული იყო. სკოლაში მის ბავშვებს საშინლად აბულინგებდნენ, ამან გადააწყვეტინა რუსეთი დაეტოვებინა და ისრაელში გადასულიყო. ალა ის ადამიანია, რომელიც ტელეფონით ბევრ რამეზე არ გესაუბრება, პირისპირ საუბარში კი ძალიან გულწრფელია.

მე სულ ვამბობ, რომ ორივე – ლაიმა ვაიკულე და ალა პუგაჩოვა ძალიან უშიშარი ქალბატონები არიან! ამხელა აგრესიულ მანქანას დაეჯახო,წარმოუდგენელი რამეა! თან რუსეთში შოუ-ბიზნესი ძალიან განვითარებული იყო და იქ მეტად სერიოზულ თანხებზეა საუბარი. ამ ორმა ადამიანმა ყველაფერი გვერდზე გადადო, სიცოცხლეც კი საფრთხეში ჩაიგდეს… მათ დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ხმამაღლა თქვეს, რომ რუსეთი ოკუპანტია. დიახ, რუსეთი ოკუპანტია!

ასეთი ხალხი მათ დაკარგეს! რუსეთს დაახლოებით 20-30 წელი დასჭირდება, ეს სფერო რომ ააყვავოს, ისეთი გახდეს, როგორიც იყო. სულაც არ მიხარია, ყველაფერი რომ დაანგრიეს და მოსპეს, რაც კი უკეთებიათ. ეს ხალხიც გადაიმტერეს თავიანთი უნიჭობით და ურჩხული პოლიტიკით. მხოლოდ კულტურა კი არა, აბსოლუტურად ყველა სფერო დაანგრიეს.

ამიტომაც, მე უდიდეს მადლობას ვუხდი ორივე მათგანს, ასეთი სამოქალაქო პოზიცია რომ დაიკავეს…

ფოტოებში, სადაც ლაიმა ვაიკულესთან ერთად ვარ, იმ მომენტში “სულიკოს” ვასწავლიდი და უდიდესი სიხარულითა და სიამოვნებით იმეორებდა ამ სიმღერას, აქედანაც ჩანს ჩვენდამი მისი დამოკიდებულება…

oqitashvili-laima-1671522318.jpg

რაც შეეხება ალა პუგაჩოვას საქართველოსადმი სიყვარულს, მოგეხსენებათ, საქართველოში ალაც მოვიწვიე და მისი სიყვარული ჩვენ მიმართ ცალკე, უზარმაზარი ინტერვიუს თემაა… ყველას ეგონა, რომ ალა პუგაჩოვა მიუკარებელია, მას მე, ნანი ბრეგვაძე და ნატო დუმბაძე ვმასპინძლობდით… კადრებიც არსებობს, როგორ ტიროდა, როცა ალა პუგაჩოვა საქართველოს ტოვებდა…

kvirispalitra.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share