“როდესაც ჩვენთან სტუმრები მოდიოდნენ და საკიდზე შესამოსელს ტოვებდნენ…ჩუმად შევიპარებოდი ხოლმე იმ ოთახში და ანაფორას ვიცვამდი…მაშინ 10-12 წლისა ვიყავი…ამან განაპირობა ჩემი ცხოვრების გზა”

1945 წლის 18 ნოემბერს მეამბოხე მღვდელმთავრებმა დეპეშები გაგზავნეს რესპუბლიკისა და საკავშირო ცენტრალურ კომიტეტებში – ისინი ხელისუფლებას წმინდა სინოდის გადაწყვეტილების უკანონობას­ ატყობინებდნენ. ბათუმ-შემოქმედელი­ მიტროპოლიტი რომანოზი პარტიის გენერალური მდივნის ლეონიდ ბრეჟნევის სახელზე გაგზავნილ დეპეშაში წერდა, რომ წმინდა სინოდს პატრიარქად დისიდენტების მხარდამჭერი და პარტიის მტრების წამქეზებელი ილია შიოლაშვილი ჰყავდა შერჩეული. იმხანად ვასილ მჟავანაძე პირველი პირი იყო საქართველოში. როდესაც მას წმინდა სინოდის გადაწყვეტილება აცნობეს, მჟავანაძემ ძალიან დიდხანს უყურა ანკეტას, სურათს და ბოლოს თქვა, რა ლამაზიაო. მაშინ ილია შიოლაშვილი 39 წლის იყო. 5 წლის შემდეგ კი საქართველოს წმინდა სინოდის არჩევანს რელიგიის საკავშირო კომიტეტი დუმილით შეხვდა. თუმცა ნიშნავდა თუ არა მოსკოვის დუმილი­ თანხმობას, გაურკვეველი იყო, ყველაფერი საეკ­ლესიო კრებაზე უნდა გადა­წყვეტილიყო. 23 დეკემბერს სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართა მეთორმეტე საეკლესიო კრება, რომელსაც 45 დელეგატი ესწრებოდა. მათ ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი, ვინ იქნებოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი. “უწმინდესმა სინოდმა წამოაყენა ჩემი კანდიდატურა საპატრიარქო ტახტზე ასარჩევად და მე მოგმართავთ ყველა დელეგატს: თქვენ ნუ მოგერიდებათ, უკეთუ გყავთ თქვენ სხვა კანდიდატი. თქვენ შეგიძლიათ გადაშალოთ ის სახელი, რომელიც წერია იქ და დააწეროთ სხვა. თქვენ ამაში არ ხართ შეზღუდული. სამანდატო კომისიას ვთხოვთ, რომ ჩაატარონ ფარული კენჭისყრა”. ხმების დამთვლელმა კომისიამ დაითვალა ხმები და აღმოჩნდა, რომ მოსაყდრე ილია ერთხმად არის არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად” (ამონარიდი პატრიარქის ჩანაწერებიდან). \წელს 45 წელი შესრულდება ჩვენი უწმინდესის აღსაყდრებიდან, ხოლო 90 წელი დაბადებიდან. გაზეთი “კვირის პალიტრა” ულოცავს მის უწმინდესობას ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ რეპორტაჟს სოფელ სნოდან, სადაც ბევრი რამ გაიხსენეს მისმა ნათესავებმა, თანასოფლელებმა და მონაზვნებმა, რომლებიც პატრიარქის სახლს უვლიან.

“მამას და ბიძას პურის საცხობი ჰქონდათ… ჩრდილოეთ კავკასიაში გადადიოდნენ­ და იქიდან ჩამოჰქონდათ ხორბალი, სიმინდი.­ ერთხელ, ღამით, მამაჩემის ერთი ნაცნობი მოვიდა და გვითხრა, მოსკოვიდან­ მათი სია გამოვგზავნეთ, ვინც უნდა გავა­კულაკოთ, თქვენც ამ სიაში ხართო… მშობლებმა დროებით დატოვეს საქართველო­ და ვლადიკავკაზში გადავიდნენ საცხოვრებლად. იქ სახლი იყიდეს. მოგვიანებით მამ­აჩემმა, გიორგი ღუდუშაურმა, შეიძინა­ მიწის ორი ნაკვეთი ჩვენს ქუჩაზე, ვლადი­კავკაზში, და იქ მოაწყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარვლის სახელობის სამლოცველო. ამ სამლოცველოში კარგი მოძღვრები მსახურობდნენ. მე ისინი ძალიან მიყვარდა.­ როდესაც ჩვენთან სტუმრები მოდიოდნენ და საკიდზე შესამოსელს ტოვებდნენ, ჩუმად შევიპარებოდი ხოლმე იმ ოთახში და ანაფორას ვიცვამდი. ღვთისმსახურებაზე ამბიონთან ძალიან ახლოს ვდგებოდი ხოლმე, რადგან დიაკონი აღსავლის კარში როცა შევიდოდა, მის შესამოსელს შევხებოდი. მაშინ 10-12 წლისა ვიყავი. აი, როგორ ოჯახში ვიზრდებოდი. ამან განაპირობა ჩემი ცხოვრების გზა” (ამონარიდი პატრიარქის ჩანაწერებიდან).

21122022-0930-1671600656.40_REC.png

ლიზა კობაიძე, უწმინდესის ნათესავი: “გიორგი შიოლაშვილის ოჯახი ვლადიკავკაზში ცნობილი იყო როგორც ღვთისმოშიში და ღრმად მორწმუნე. 1933 წლის 4 იანვარს გაჩნდა ბიჭი, რომელსაც მამამ მეფე ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი დაარქვა. პატარა ირაკლი წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ტაძარში მონათლეს. მისი ნათლია მონაზონი ზოილე დვალიშვილი დიდხანს მცხეთის დედათა მონასტრის­ წინამძღვარი იყო. ნათლიას ნათლული ხშირად ჩამოჰყავდა მცხეთაში, სადაც პატარა ირაკლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ დალოცა”.

“ჩემი ბავშვობა დაემთხვა საქართველოს ეკლესიისათვის მეტად მძიმე პერიოდს. სამღვდელოება იდევნებოდა, ეკლესიები იხურებოდა, ხალხს წირვა-ლოცვაზე დასწრებისა ეშინოდა. ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე” (ამონარიდი პატრიარქის ჩანაწერებიდან).

ოჯახი დიდ ყურადღებას აქცევდა უფროსუმცროსობის ტრადიციის დაცვას. ვის არ შეხვდებოდით მათ ოჯახში, “შინა­ურსაც” და “გარეულსაც”, ქრისტიანსაც და სხვა სარწმუნოების წარმომადგენელსაც.­ 1952 წელს უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატეს გარდაცვალების გამო ვლადიკავკაზიდან ჩამოვიდა ქართველთა სათვისტომოს დელეგაცია, რომელსაც გიორგი შიოლაშვილი ხელმძღვანელობდა. რა თქმა უნდა, მათ შორის იყო ჩვენი უწმინდესიც, რომელიც ზაფხულს სნოში, საგვარეულო სახლში ატარებდა.

იღუმენია ნინო (კუპრეიშვილი), სნოს წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის იღუმენია: “პატრიარქის საგვარეულო სახლი არის სნოს ციხის გვერდით, რომელიც უწმინდესის მამას, გიორგის გადაეცა წინაპრებისაგან. 2016 წლის 10 მაისს უწმინდესმა მეუფე იუგუდიელსა და წმინდა სინოდის სხვა წევრებთან ერთად გადაიხადა­ პარაკლისი და გადაწყვიტა მამაპაპისეულ სახლის აღდგენა. ეს საქმე დაევალა პატ­რიარქის ძმისშვილს, თეიმურაზ შიოლაშვილს. სახლს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და 2016 წლის ივლისში, მისი უწმინდესობა ესტუმრა მშობლიურ სოფელს და აკურთხა სახლი. როგორც თავად მოგვიყვა, ძველად ეს ბანიანი სახლი ყოფილა. წვიმის დროს დედა მაღლა აგვიშვებდა და მიწას ვტკეპნიდით, წყალი რომ არ ჩამოსულიყოო. მახსენდება ისტორია, რომელიც თავად უწმინდესმა გვიამბო: დარიალისკენ მიმავალ გზაზე, არის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მე-4 საუკუნის ტაძარი. დაახლოებით 80-იანი წლები იქნებოდა, როდესაც უწმინდესი წმინდანის ხსენების დღეს ამ ტაძრის მოსალოცად მიბრძანდებოდა. მოულოდნელად გზაზე მანქანას წინ ვიღაც ჭაბუკი გადაუდგა, რომელმაც უთხრა, რომ იქით გზა აღარ იყო და ჯობდა უკან გაბრუნებულიყვნენ. როდესაც მოტრიალდნენ, იმ წუთებში კლდე ჩამოიშალა და გზის დიდი ნაწილი ნანგრევებმა დაფარა. ის ჭაბუკი ყველამ იხილა, მაგრამ არავინ იცის, ზუსტად იმ დროს იქ საიდან გაჩნდა ან მერე სად გაუჩინარდა. ჩვენ გვწამს, რომ ის წმინდა იოანე ნათლისმცემელი იყო, რომელმაც ჩვენი უწმინდესი საფრთხისაგან იხსნა. უწმინდესის შესახებ ბევრი დაწერილა, ბევრიც თქმულა, მაგრამ ვფიქრობ, მისი ღვაწლი შეუფასებელია, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან გვიყვარს და გვეიმედება”.

21122022-0931-1671600736.48_REC.png

ქეთევან გელაშვილი, სოფელი სნო: “ჩემი მშობლების თაობა ამბობდა, რომ ბავშვობიდანვე დინჯი, მოკრძალებული და შრომისმოყვარე იყო. მახსოვს, მისივე თანატოლები საუბრისას როგორი განსაკუთრებული სიყვარულით მოიხსენიებდნენ “შიოლეთ მღვდელს” ჯერ კიდევ მის პატრიარქობამდე. როდესაც აქ პატრიარქი ჩამობრძანდებოდა, მისი თაობის ერთი კაცი ხიდზე დადგებოდა (რომელიც რეზიდენციასა და სოფელს შორისაა), ქუდს იხდიდა და ასე მიაგებდა პატივს. იძახდა, მე იმის ღირსი არა ვარ, მასთან ახლოს მივიდე და შევაწუხოო. ასეთი კრძალვა და პატივისცემა ჰქონდათ მის მიმართ თანატოლებს უღმერთო ეპოქაში, კომუნისტურ საზოგადოებაში აღზრდილ ადამიანებს. რთული ჯვარი გერგოთ, თქვენო უწმინდესობავ, სრულიად ღირსეულად და კეთილსინდისიერად ატარებთ ამ ტვირთს 45 წელია. მეამაყებით როგორც ქართველი, როგორც მოხევე და ბოლოს, როგორც სნოელი”.

კონსტანტინე ლურსმანაშვილი, მღვდელ-მონაზონი: “მახსენდება ჩემი პირველი შეხვედრა პატრიარქთან 2007 წელს, როდესაც თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე და უწმინდესთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად და დასალოცად მივედი. დღემდე მძაფრად მახსოვს ის განცდა, რომელიც მასთან შეხვედრისას დამეუფლა, თითქოს ცა და დედამიწა გაერთიანდა, რაღაც უცნაური სიხარული ვიგრძენი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. უწმინდესის რექტორობის პერიოდს სტუდენტები ,,ოქროს ხანას” ვეძახდით. ყოველი ორშაბათი დილა სტუდენტებისთვის იყო ძალიან დიდი სიხარული, რადგან ამ დღეს უწმინდესი გვხვდებოდა და გვესაუბრებოდა, გვარიგებდა, გვაძლევდა დავალებებსა და თავისუფალ თემებს. სემინარიაში სწავლის დროს ვცხოვრობდი სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში (პანსიონში). მახსოვს, უწმინდესი სასწავლებელში მოულოდნელად მობრძანდებოდა ხოლმე, სიონის ეზოში, ძველ რეზიდენციაში, დაგვიძახებდა პანსიონში მცხოვრებ სტუდენტებს და მოგვიკითხავდა. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მისი უწმინდესობის ეპოქაში მომიწია ცხოვრებამ, მისი უწმინდესობის კურთხევით ვარ ბერად აღკვეცილი, მისივე კურთხევით – დიაკვნად და შემდგომ უკვე ასევე უწმინდესისვე კურთხევით მღვდელ-მონაზვნად. ბედნიერი ვარ, რომ ღვთისმსახურება მიწევს მის მშობლიურ მხარეში, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში.

kvirispalitra.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share