ქალბატონო სალომე, უმაღლესი მთავარსარდალი ხართ, ჯარი თქვენ გემორჩილებათ, რა დაცვას ითხოვთ? – სანიკიძე პრეზიდენტს

„ცოტა გაუგებარია არასამთავრობოებს რომ მოუწოდებს დამიცავითო. ქალბატონო სალომე, გავლილი გაქვთ ფრანგული დიპლომატიის სკოლა, ყველაზე მაღალი თანამდებობა გიკავიათ, თოფიანი ადამიანები თქვენ გემორჩილებიან, უმაღლესი მთავარსარდალი ხართ, ჯარი თქვენ გემორჩილებათ, სახელმწიფოს თქვენ წარმოადგენთ ქვეყნის გარეთ, სახელმწიფოს მეთაური ხართ, რა დაცვას ითხოვთ, ვისგან ითხოვთ?“, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე „ტვ პირველის“ ეთერში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც პრეზიდენტზე ზეწოლა, ბულინგი და შანტაჟი ხორციელდება.

სანიკიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ზურაბიშვილი გაბედავს და სააკაშვილს შეიწყალებს, ის პრეზიდენტს პირადად დაიცავს.

„დღეს რაც ვნახეთ, მაინცდამაინც გასაკვირი არ იყო. რა თქმა უნდა, საქმე აქამდე მივიდოდა. არ ვარ სალომე ზურაბიშვილის არც მეხოტბე, არც მისი ტალანტების დამფასებელი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ არ გააჩნია პოლიტიკოსის ტალანტები, მაგრამ მას მაინც აქვს რაღაც განსხვავებული.

შეხვედრებზე არ ეძახდნენ, ეს სხვათა შორის ბიძინას სტილია, როცა მისი დახმარებით რაღაცას მიაღწევ, მაქსიმალურად ყოველთვის ცდილობს, რომ დაგამციროს. ბიძინა ივანიშვილს ყველას გახედნა გაუჭირდება.

საქმეც იმაში არის, რომ ბიძინა არ უყვარს და ეშინია იმათი, ვინც მის ჭკუაზე არ დადის, მაგრამ ვინც აბსოლუტურად მის ჭკუაზე დადის და მისი გავლენის სფეროშია, დასანახავად ვერ იტანს. დღეს რასაც ვუყურებ, გაჯიუტებულია ბიძინა ივანიშვილი და მისი სასამართლოც… გაჯიუტებულს ჰგავს სალომეც. არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგ ერთმანეთს გადაასწრონ მიშას საკითხში.

გადასარევი ამბავია, თურმე სალომეს რამდენი ამბავი ჰქონია გულში, მაგრამ ცოტა გაუგებარია არასამთავრობოებს რომ მოუწოდებს დამიცავითო. ქალბატონო სალომე, გავლილი გაქვთ ფრანგული დიპლომატიის სკოლა, ყველაზე მაღალი თანამდებობა გიკავიათ, თოფიანი ადამიანები თქვენ გემორჩილებიან, უმაღლესი მთავარსარდალი ხართ, ჯარი თქვენ გემორჩილებათ, სახელმწიფოს თქვენ წარმოადგენთ ქვეყნის გარეთ, სახელმწიფოს მეთაური ხართ, რა დაცვას ითხოვთ, ვისგან ითხოვთ?

დღეს ზურაბიშვილის აპოლოგეტები გამოვიდნენ, როგორი სიმამაცით გამოვიდაო… რა სიმამაცე ჩაიდინა, რაღაცა ამოილუღლუღა, როცა ესენი მიადგნენ. ამაშია ქალბატონო სალომე საქმე, თქვენ უნდა გასულიყავით პრეზიდენტად და არა „ოცნებამ“ რომ გაგიყვანათ. აი, ასეთი ხალხის გაყვანილი რომ ხართ პრეზიდენტად, ამიტომ გამადლიან.

ქალბატონო სალომე, მიუხედავად ჩვენი მოშორებული პოზიციებისა, პირადად მინდა გითხრათ, თუ თქვენ გაბედავთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებთ და ფიზიკურად გადაარჩენთ მას, მე პირადად ძალიან აქტიურად დაგიცავთ და არა მარტო მე“, – აცხადებს სანიკიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share