გიგიშა შარაშიძემ საზოგადოების ყურადღება მაშინ მიიპყრო, როცა „უცნობის“ სიძე გახდა

გია გაჩეჩილაძის ერთადერთმა ქალიშვილმა ირინამ გიგიშა შარაშიძეზე რამდენიმე წლის წინ იქორწინა. წყვილს ერთი ვაჟი, ილია ჰყავს. ირინა გაჩეჩილაძე დიზაინერია, სამკაულებს ამზადებს.

როგორც შარაშიძე ამბობს, ის ბუტა რობაქიძის ბავშვობის მეგობარია.

“მე და ბუტა რობაქიძე ბავშვობის მეგობრები ვიყავით, ჩემი კარის მეზობელი იყო… ჩემში იდეალების ნგრევა ბუტას სიკვდილიდან დაიწყო”, – ამბობს შარაშიძე ერთ-ერთ მედიაგამოცემასთან საუბრისას.

გიგიშა შარაშიძის შესახებ საზოგადოებამ მეორედ 2017 წელს გაიგო, როდესაც ის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სიმამრის გამო დაუპირისპირდა. გიგიშა შარაშიძე “სიტროენ ჯორჯიას” დირექტორი გახლდათ. “უცნობის” განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვები არასწორად იმართებოდა და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტაციაც ჰქონდა. მოგვიანებით, შარაშიძემ კარტელურ გარიგებებზე დოკუმენტაცია კანცელარიაში მიიტანა, იმავე საღამოს კი “უცნობი” ტელევიზიით გამოვიდა და საზოგადოებას მეგობარ კვირიკაშვილისთვის გაგზავნილი მესიჯები სახალხოდ წაუკითხა. მომღერალი “უცნობი”, რომელიც თავს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მეგობარს უწოდებდა, სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და მის კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში დაუმსახურებლად გამარჯვებაში, ასევე სხვა ავტოიმპორტიორ კომპანიებთან კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებდა. გია გაჩეჩილაძემ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და ამ საქმეში ჩართულ ჩინოვნიკებს “ბიუჯეტის ვირთხები” უწოდა. საქმე ის იყო, რომ შპს “სიტროენ ჯორჯიამ”, რომელიც გიგიშა შარაშიძის დაფუძნებული კომპანიაა, 2017 წლის 12 დეკემბერს კონკურენციის სააგენტოს საჩივრით მიმართა კომპანიების: შპს “კია მოტორს ჯორჯიას”, სს “ფრანს ავტოს”, შპს “იბერია ავტოს”, შპს “ჯი-თი მოტორსის”, შპს “სტრადა მოტორსის”, სს “ჰიუნდაი ავტო” წინააღმდეგ. ჩამოთვლილთაგან პირველი სამი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ტარიელ ხეჩიკაშვილი გახლდათ.

გია გაჩეჩილაძე აცხადებდა, რომ ამ საკითხზე მეგობარ გიორგი კვირიკაშვილს მხოლოდ ერთხელ მიმართა ზაფხულში შMშ-შეტყობინებით და აცნობა, რომ დიდი უსამართლობა ხდებოდა სახელმწიფო შესყიდვებში, თუმცა მეგობრის პასუხი არ მიუღია.

როგორც მომღერალი ამბობდა, გიორგი კვირიკაშვილზე ნაწყენი არ იყო, პირიქით, ამით მიხვდა, რამდენად სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა მისი მეგობარი. “სანამ ამ ბიუჯეტის ხვრას და არასახელმწიფოებრივ მიდგომას არ შეეშვებიან, მით უმეტეს, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, პრინციპში, დღეს აღარ არის ეს ადამიანი წარმომადგენელი, ვისზეც ვსაუბრობ, არც მინდა მისი გვარის დასახელება და სარგებლობენ პრემიერ-მინისტრის ხასიათით, წესიერებით… როგორც ვირთხები, ისე არიან სახელმწიფო ბიუჯეტზე მიმდგარი და წოვენ სისხლს მერამდენე წელია. ამით უნდათ გასვარონ გიორგის პატიოსნება, ღირსეული ადამიანის სახელი. ამას მე პირადად არავის შევარჩენ. მას შეეძლო ჩარეულიყო კიდეც, მაგრამ ზუსტად ამიტომაც ვაფასებ, რომ არ ჩაერია”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე გია გაჩეჩილაძემ.

შპს “სიტროენ ჯორჯიას” ამავე საჩივარში მოპასუხე მხარედ სახელმწიფოს უწყების წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო. როგორც გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, ჯანდაცვის სამინისტროს გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერი სასწრაფო დახმარების მანქანებზე არის საქმე, რომელზეც მისი სიძის კომპანია სასამართლოში დაობს.

თავად გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძის ბრალდებებს მეორე დღესვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გია გაჩეჩილაძემ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გალანძღა მისი გუნდის წევრები:

“ჩვენ ერთად ვიბრძოდით – გიაც, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ადამიანის ღირსება დაგვეცვა. სამწუხაროდ, მისგან ასე დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას არ ველოდი და არ შევეგუები. მე არ შემიძლია მოვისმინო ქება ადამიანისგან, როცა ის შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს”.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დაწ­ვრილებით გაეცნო იმ საკითხს, რის შესახებაც გია გაჩეჩილაძემ ისაუბრა: “ჯერ ერთი, როდესაც ის დამიკავშირდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, არ მომხდარიყო ისე, რომ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი, რომ ყოფილიყო თანაბარი საკონკურენტო პირობები ყველასთვის. შემდეგ გავეცანი ამ საქმეს და ჯერ ერთი, ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნესჯგუფი არაფერ შუაში არ იყო ამ ტენდერთან. სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა, კანონიც ზედმიწევნით დაცული იყო. მოვითხოვ მან მიმართოს კონკურენციის სააგენტოს, ან რომ არ იყოს სპეკულაციები, სააგენტოს ხელმძღვანელი მთავრობის მეთაურის დანიშნულიაო, მიმართოს სასამართლოს”.

პრემიერის განცხადებით, თუ სასამართლო დაადგენდა, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მზად იყო ნებისმიერი პასუხისმგებლობისთვის, მათ შორის თანამდებობის დატოვებისთვის: “თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო, გამობრძანდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და ტარიელ ხეჩიკაშვილს და ყველას, მათ შორის მეც, მოგვიხადოს ბოდიში… აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ჩემი გუნდის წევრი ლანძღონ, ხოლო მე შემაქონ – არ მჭირდება ასეთი ქება!”.

როგორც შპს “სიტროენ ჯორჯიას” ადვოკატი ირაკლი კორძახია აცხადებდა, არსებობდა ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა ზემოაღნიშნული კომპანიების კარტელურ შეთანხმებას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის განაწილებისა და ფასების ფიქსირების მიზნით. მისი განცხადებით, აშკარაა შემსყიდველი ორგანიზაციების მხარდაჭერა უკანონო ქმედებებში, რაც გამორიცხავს ამ სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს ბიუჯეტს.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებდნენ თავად იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც გია გაჩეჩილაძის სიძის კომპანია კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებდა – ისინი აცხადებდნენ, რომ ბაზარზე დამოუკიდებლად მოქმედებენ და ტენდერებშიც მხოლოდ საკუთარი კომპანიების ინტერესების მიხედვით მონაწილეობენ.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share