ერთკაციანი არჩევნები ფეხბურთის ფედერაციაში – სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიისა და კალათბურთის ფედერაციის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები აქაც ფორმალურად ჩაატარა.
ყველამ წინდაწინ იცის, რომ გამარჯვებული “ქართული ოცნების” დეპუტატი, ლევან კობიაშვილი იქნება, რომლის საშუალებითაც მმართველი გუნდი და კახა კალაძის საძმო ფეხბურთის ფედერაციას კიდევ მომავალი ოთხი წელი გააკონტროლებს.
კობიაშვილი გაკვირვებულია, ვერ ხვდება, რატომ გახდა ეს სალაპარაკო. ამტკიცებს, რომ პროცესი სრულად დემოკრატიულია და კითხვები არ უნდა არსებობდეს.
ამის მიუხედავად, კითხვები აქვთ ანალიტიკოსებს, რომლებიც წლებია, ქართული ფეხბურთისგან წარმატებებს ელოდებიან, მაგრამ უშედეგოდ.
საფეხბურთო კლუბების ყოფილ ხელმძღვანელებს აინტერესებთ, რა დამსახურებისთვის უნდა დარჩეს კობიაშვილი პოსტზე. ამბობენ, რომ ეს არის საბჭოთა ტრადიციების გაგრძელება 21-ე საუკუნის საქართველოში.
tv pirveli