„ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, ვინც ომის დროს ტელეეკრანებთან პოზირებს, როგორც წესი, ძალიან მძიმედ ამთავრებს.
„ომის დროს არიან ადამიანები, ვინც ღირსეულად იბრძვიან და არიან ადამიანებიც, ვინც ტელეეკრანებთან პოზირებენ ხოლმე – ვინც ამ მეორე გზას ირჩევს, როგორც წესი, ძალიან მძიმედ ამთავრებს. შესაბამისად, აქ უჩვეულო არაფერია. უბრალოდ, მე გავიხსენებდი, ამ ადამიანს ზოგიერთი ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ლამის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად თვლიდა დედამიწის ზურგზე და დღეს საინტერესო იქნება მათი რეაქცია და კომენტარები ამასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი რომ დიდ ფიგურას არ წარმოადგენდა და გარკვეული მესიჯების გამხმოვანებელი იყო, ეს ძალიან კარგად ვიცით ჩვენც და საზოგადოებამაც”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, არესტოვიჩის გადადგომა 14 იანვარს რუსული ძალების მიერ ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელებასთან დაკავშირებულ მის განცხადებას უკავშირდება. კერძოდ, არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.