ამათი შემხედვარე მინიმუმ 2030 წლამდე ხელისუფლებაში ვართ! – რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს, მაგრამ ყველა დარწმუნდა, რომ „ქართული ოცნება“ შეცდომებისა და ხარვეზების მიუხედავად ის ძალაა, რომელიც საქართველოს ინტერესებით ხელმძღვანელობს, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არც ერთ კანდიდატს ცვლილებების რესურსი არ გააჩნია და „არც ნიკა მელიასგან და არც ხაბესგან არაფერი გამოვა“.
ზარქუამ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა პარტიული არჩევნების გამჭვირვალედ და გაყალბების გარეშე ჩატარებისკენ მოუწოდა.
„გუშინ ნიკა მელიას ვუსმინე. სიმართლე გითხრათ, ეს ადამიანი შემეცოდა – რა დღეში ჰყოლიათ „ნაცებს“, საოცრებებს ვისმენთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა და უკვე თავიანთი პირით აღიარებენ, რომ გამორიცხულია მათი შეცვლა, იგივე ხელწერა აქვთ – ჩაშვება, დასმენა, მოსმენა, ერთმანეთის შანტაჟი, ჩანაწერების გაკეთება. ამ პროცესის შედეგად ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს და უკვე გამარჯვებულია, ამ სექტის ლუსტრაცია ხდება. ახალი თაობა, რომელსაც მე „ხაბეს“ ვეძახი, თურმე მერაბიშვილს ეყრდნობა და ამით ამაყობს. ბიჭო, საზოგადოებას მერაბიშვილი რომ არ უნდოდა ორი გვამის, რეკეტის, ახალგაზრდების ჩაცხრილვის გამო, ამიტომ გააგდო „პანჩურით“ 2012 წელს. როცა ახალი თაობა ხარ – „ხაბეს“ ვგულისხმობ და ამ დროს ამას ეყრდნობი, როგორ აღიქვამს ქართული საზოგადოება სერიოზულად?!
მიმდინარეობს დავით კეზერაშვილის ფულისთვის ბრძოლა. ამ ვაჟბატონმა იქიდან შემოუთვალა – ვინც ჩემს დაკრულზე იცეკვებს, იმას დავაფინანსებო. ეტყობა, მელიამ ცეკვის სხვა მიმდინარეობა აირჩია და არ დათანხმდა. „ხაბე“ დათანხმდა – ხაბე ჯიგარია! რომლისგან მოგისმენიათ, ან ქვეყნის განვითარების სტრატეგია ან ეკონომიკური ხედვა? – პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას არც ერთი დასწრებია. 12 პუნქტიანი გეგმის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს?!
მგონია, რომ ნიკა მელია აყირავებულია და „ხაბე“ არის დე ფაქტო თავმჯდომარე – დე იურედ 28 იანვარს გაფორმდება, რასაც მერე მივულოცავ.
ძვირფასო „ნაცებო“, მოგიწოდებთ, 28 იანვარს არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. როგორც კი შანტაჟი და გაყალბება იქნება, ლეგიტიმაციას არ მოგცემთ!“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.