ბავშვებისთვის საყვარელი, უცხო, ორიგინალური და საინტერესო ნივთები ერთი შეხედვით თვალისმომჭრელად გამოიყურება, თუმცა ამ სათამაშოებთან კონტაქტი შესაძლოა პატარების ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
ტოქსიკური და ქიმიური ნივთიერებები, ტყვია და რეპროდუქციული მოწამვლა, ბავშვების ორგანიზმისთვის გამოუსწორებელი დაზიანებები – ამას უხარისხო სათამაშოების გამოყენება იწვევს. ბაზარზე კვლევა ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სააგენტომ ჩაატარა . შედეგად 77 სათამაშოს რეალიზაცია შეუჩერდა. საფრთხე აღმოჩნდა “ტყლარწის” 11 სახეობაში, ერთი დასახელების მუსიკალურ სათამაშოში – ლაბორატორიულმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ქსილოფონის საღებავი, იწვევს სასუნთქი გზების დახშობას. დადგენილი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა საბავშვო ფრჩხილის ლაქის ნაკრებმაც. შეიცავდა ტყვიას, რომელიც 96%-ით აღემატებოდა რეგულაციებით დადგენილ ზღვარს. ხშირ შემთხვევაში ამ პროდუქციის მწარმოებელი კომპანია უცნობია.
სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი ნებისმიერი ასაკისთვის დღეს, ყველა სივრცეში მოიძებნება და ხელმისაწვდომია – დიდ, ღია ტიპის მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე, რეგიონებსა თუ თბილისში. ყველა ამტკიცებს, რომ დახლზე განთავსებული პროდუქცია საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა მწარმოებელი კომპანიის შესახებ არაფერი იციან. სათამაშოების უმეტესობას ხარისხის ნიშანი და კომპანიის ეტიკეტიც საერთოდ არ აქვს.
ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შემოწმების ყველა ეტაპი გაიარეს დიდმა ქსელურმა მაღაზიებმაც. “კურიერის” რესპონდენტები ამბობენ, რომ პროდუქციამ წარმატებით ჩააბარა ლაბორატორიული შემოწმების ყველა ეტაპი და არცერთი სათამაშოს რეალიზაცია არ შეჩერებულა.
სათამაშოს უსაფრთხოებასა და ხარისხზე საუბრობენ პედიატრები. ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ უხარისხო სათამაშოებთან შეხების გამო არაერთი ბავშვი მოხვედრილა ალერგიული რეაქციით კლინიკაში.
ზედამხედველობის სააგენტომ გასულ წელს საბაჟო გაფორმების ეკონომიკური ზონიდან შემოსული 8 ათასზე მეტი სათამაშო შეამოწმა. ადგილობრივ ბაზარზე განთავსებული პროდუქციის შემოწმება გრძელდება, მანამდე კი მშობლებს ურჩევენ ფრთხილად და ყურადღებით შეურჩიონ ბავშვებს მათთვის საყვარელი გასართობი საშუალებები.
პრაიმ ტაიმი