ოზურგეთის “მერცხალის” ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების კოორდინატორი, ხარიტონ ჩხატარაშვილი და ამავე კლუბის საქმის მწარმოებელი, მისი ძმა, თენგო ჩხატარაშვილი, სამსახურიდან ერთდროულად, რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს.
როგორც გათავისუფლების ბრძანებაშია აღნიშნული, ხარიტონ ჩხატარაშვილს შრომითი ხელშეკრულება კლუბის ადმინისტრაციაში განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების საფუძველზე არ გაუგრძელეს. თუმცა ხარიტონ ჩხატარაშვილი ყველანაირ რეორგანიზაციას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება მერის, ავთანდილ თალაკვაძის მოთხოვნით მოხდა:
”პირდაპირ მითხრა “მერცხალის” დირექტორმა ჯონი კალანდაძემ, მერს არ სურს შენი ამ თანამდებობაზე მუშაობა, არჩევნებში მხარს არ მიჭერდა და მაგასთან ვერ ვიმუშავებო..დღეს ჩატარდა კრება და ექვსი მწვრთნელი დანიშნეს, მათი მხარდამჭერები” – აცხადებს ხარიტონ ჩხატარაშვილი “გურიის მოამბესთან” საუბრში.
ხარიტონ ჩხატარაშვილი ერთადერთია ოზურგეთში, რომელიც უეფას მწვრთნელთა ა კატეგორიის ლიცენზიას ფლობს, მას “მერცხალში თითქმის 4 ათეული წელი აქვს გატარებული.
მან 1981 წელს წარჩინებით დამთავრა ბათუმის შ.რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი.
თამაშობდა ბათუმის“ დინამოში“ 1980-81 წ.წ. (მწვრთნელი ლერი ველურიძე).
1982 წლიდან მუშაობას იწყებს მახარაძის“მერცხალში“ბავშვთა გუნდის მწვრთნელად.
1983 წელს სოფელ შემოქმედის საშუალო სკოლის ბაზაზე აყალიბებს ფეხბურთის გუნდს შემოქმედის „ჩაქუხას“ , რომელიც იმავე წელს ასპარეზობს „ტყავის ბურთის“ რესპუბლიკურ გათამაშებაში, ხდება რესპუბლიკის ჩემპიონი და მონაწილეობს საკავშირო პირველობაზე ქ.ტალინში, სადაც ერთი სკოლის გუნდი იღებს საპატიო მესამე ადგილს,
1986 წელს ”მერცხალის” მთავარი მწვრთნელის სოსო გაგუას მიწვევით მუშაობას იწყებს მახარაძის “მერცხალში“ მეორე მწვრთნელად.
იყო მახარაძის „მერცხალის“ მთ.მწვრთნელი 1996-98წ.წ.
1999 წლიდან -2005 წლამდე ბათუმის საფეხბურთო კლუბ „ლუკას“ მთავარი მწვრთნელი და კლუბის დირექტორი იყო.
2006- წლიდან – 2013 წლამდე იყო ოზურგეთის „მერცხალის“ მთავარი მწვრთნელი და დირექტორი.
ამავე წელს რეგიონალური ლიგიდან მისი ხელმძღვანელობით გუნდი გადადის საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში!
2012 წელს მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზურისათვის მონაწილეობის უფლება.
2014 წლიდან ხელმძღვანელობს ოზურგეთის „მერცხალის” ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამას.
ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისა და ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2012 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
2012 წლიდან UEFA -ს „A”ლიცენზიის დიპლომის მფლობელია.
ასევე იყო ს/კ „ბახმაროს“ მთ.მწვრთნელი 2019-20წ.წ.
ხარიტონ ჩხატარაშვილი მიიჩნევს, რომ მისი და მისი ძმის გათავისუფლება უკანონო იყო, თუმცა ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, გაასაჩივრებენ თუ არა ძმები მათი სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებებს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: