არჩევნები ენმ-ში – “ლიდერობა – მოქმედება და არა სტატუსი” – გიორგი თარგამაძის ედიტორიალი

კამპანია საკმაოდ ხისტი და დაუნდობელი გამოდგა. ურთიერთკრიტიკის ტონისა თუ შინაარსის გამო, ბევრი შენიშვნა ისმის. აქვე შესამჩნევია, რომ ამ კრიტიკოსთა უმრავლესობა სულაც არაა ნაცმოძრაობის ტრადიციული ამომრჩეველი. კამპანიის ნეგატიურ მხარეებზე მეც ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მითუმეტეს მაშინ, როცა ერთი ფლანგი თავად არჩევნების ახლა ჩატარებას მიიჩნევს მთავარ ნეგატიურ მოვლენად, მაგრამ მე მაინც უფრო პოზიტიურ კუთხეებზე გავამახვილებ ყურადღებას.

პირველი თავად შიდაპარტიული არჩევნების ფაქტია. შესაძლებლობა ლიდერის თუ არა ნდობის მანდატის განახლების, განსხვავებების წარმოჩენის, ან თუნდაც დაშვებულ შეცდომებზე ყურადღების გამახვილების. ქართული პოლიტიკური სისტემა არაა განებივრებული შიდაპარტიული დემოკრატიული პროცესებით, მასში რიგითი წევრების ჩართულობის ხარისხით და ლიდერების ანგარიშვალდებულებით.

მეორე და მნიშვნელოვანი გარემოება არაპროგნოზირებადობაა. მე, მაგალითად, როგორც ჟურნალისტმა, ანუ პროცესებზე შედარებით სხვებზე მეტად ინფორმირებულმა ადამიანმა, ნამდვილად არ ვიცი და არჩევნებამდე 3 დღით ადრე გამიჭირდება ვთქვა – ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს, რაც ნამდვილი დემოკრატიული პროცესის ინდიკატორია და მხოლოდ შექებას იმსახურებს.
და მესამე – სააკაშვილის დაფუძნებულ და “ნათავმჯდომარებ” პარტიაში ლიდერობის ამბიცია უკვე დიდ გაბედულებას მოითხოვს და კანდიდატების სიმრავლე, რომელთაც ნამდვილად ჰყავთ მხარდამჭერების სოლიდური ჯგუფები, ასევე მეტყველებს შიდა პარტიული პოტენციალის არსებობასა და კონკურენციაზე. ამ კონკურენციის შედეგი შეიძლება, დღეს ბევრს არ აკმაყოფილებდეს, მაგრამ აქსიომაა – პროგრესი, ზრდა, გაძლიერება მხოლოდ შეჯიბრებითობას მოაქვს და არა ჩაკეტილ სისტემებს პარტიებში. იქნება ეს სახელისუფლებო, თუ ოპოზიციური, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ცვლილებების, შიდაკონკურენციის არარსებობისა და უძრაობის გამო, რუდიმენტებად არიან ქცეულები და არათუ ზოგადად ქვეყნის მოსახლეობასთან, საკუთარ ამომრჩეველთან მზარდ გაუცხოებას განიცდიან.

მოკლედ, რაც ხდება – ქართული დემოკრატიისთვის უკეთესია. იქნება თუ არა უკეთესი უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის გაცხადებული პრიორიტეტების რეალიზებისთვის, ამას არჩევნების შედეგზე მეტად ის გვაჩვენებს, რა რეალური სიახლეები მოჰყვება მას სტრატეგიის თუ არა – ტაქტიკის ცვლილების მხრივ.

ეს ცვლილებები კი, თავის მხრივ, ძველმა თუ ახალმა, არჩევნების შედეგად გამარჯვებულმა ლიდერებმა უნდა მოიტანონ, რომელთაც ალბათ, კარგად აქვთ გაცნობიერებული, რა სიმძიმის ტვირთს იდებენ ბეჭებზე, მითუმეტეს, რომ მისი აწევისთვის წინასწარ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობა არაერთისთვის გამხდარა პოლიტიკური ეშაფოტი.

გამოწვევები კი მართლაც ექსტრემალურია: აქეთ მიხეილ სააკაშვილის პარტიული მემკვიდრეობა და მისივე პატიმრობის ურთულესი გარემოებები და იქით რუსული ჰიბრიდული ომის დასკვნითი ფაზა ქვეყანაში, რომელსაც ბუნაგიდან ამოსული რუსი პიტეკანთროპი გამოქვაბულში შესათრევად მოსდევს და რამდენიმე ნაბიჯზე კი, საქართველოსთვის ცივილიზაციის ციხესიმაგრის კარია გახსნილი და ოდნავი ძალისხმევა გვჭირდება, რომ შიგნით შევასწროთ. ოპოზიციური დემოკრატიული ფლანგის ყველაზე მსხვილი პარტიის ლიდერობა ხედვასთან ერთად, სწორედ ამ მისიის სერიოზულობის გააზრებაზე დგას და მოქმედებაზე.

“ლიდერობა არის მოქმედება და არა სტატუსი” – ეს ერთმა ჭკვიანმა ამერიკელმა თქვა, სადაც კარგად იციან დემოკრატიაში რიგითი ადამიანის ფასიც და იმავე დროს, ლიდერის როლი ისტორიაში. იმედია ნელ-ნელა ქართველებიც ვისწავლით და გავიაზრებთ როგორც შიდაპარტიული დემოკრატიის, ასევე ქვეყანაში ჯანსაღი, ევროპული მოდელის პოლიტიკური კონკურენციის მნიშვნელობას.

მნიშვნელობა არ აქვს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ხართ, თუ სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ პოლუსზე იმყოფებით, პროცესი, რომელიც ყველაზე მსხვილ პარტიაში მიდის, მიუხედავად ბევრი ნეგატივისა – დადებითი მოვლენაა, რადგან ქართულ პოლიტიკურ სისტემას აჯანსაღებს კონკურენციის გზით. პოლიტიკური კონკურენცია კი ისაა, რაც ძალიან გვაკლია და რის გარეშეც ქვეყანას უკეთესი ხელისუფლებები არასოდეს ეღირსება.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share