ნაციონალური მოძრაობა და მისი დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი ასოცირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან, ის აღიარებულია როგორც რეფორმატორი ლიდერი. ნაციონალური მოძრაობა იყო და არის კორუფციის დაუძინებელი მტერი, ჩვენი ხალხის ჩაგვრის, გაჭირვების და სიღატაკის მტერი… ნაციონალურმა მოძრაობამ ერთხელ უკვე დაამარცხა კორუფცია, უიმედობა, უსამართლობა და ქვეყანა გამოიყვანა უკიდურესი კრიზისიდან. ლამფების, ჭრაქების, გაის, ლაგატკებიანი ჯარიდან მივიღეთ თანამედროვე, გამართული, ძლიერი, რეფორმირებული, გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები.
2021 წელს, ნაციონალურმა მოძრაობამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ახალი, მნიშვნელოვანი ფურცელი დაწერა – პირველად ისტორიაში, არჩევნების გზით გადააბარა ხელისუფლება, და ეს იყო ახალგაზრდა დემოკრატიის ტესტი, რომელიც წარმატებით ჩააბარა პრეზიდენტ სააკაშვილმა და მისმა გუნდა. მას შემდეგ 11 წელი გავიდა, ნაციონალური მოძრაობა, მისი მხარდამჭერები, წარმომადგენლები, ლიდერები – არიან დევნის ობიექტები. 11 წელი ვართ უთანასწორო, უკომპრომისო ბრძოლაში რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმთან. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ენმ-ს არასდროს დაუხევია უკან, არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა…
დღეს გვაქვს პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე. დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ საქართველოს მხოლოდ ერთ მტერს, რომელსაც აქვს სახელი. ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული ოცნება.
ჩემო ძვირფასებო, ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებების მიღებაში, პოლიტიკურ საბჭოში, სრული უმრავლესობა გექნებათ თქვენ – რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, თქვენ მიერ არჩეულ რეგიონულ ლიდერებს და დიახ, ნაციონალური მოძრაობა გიბრუნდებათ თქვენ. თითოეული თქვენგანის ხელშია ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე.
დაპირების შესაბამისად, უახლოეს პერიოდში დავიწყებთ რაიონებში ენმ-ის ოფისების გახსნას. ჩვენ უკვე შევქმენით სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. უახლოეს პერიოდში თბილისის ნაციონალურ მოძრაობას ექნება ახალი ოფისი, ჩავატარებთ თბილისის კონფერენციას, ავირჩევთ პარტიის ხელმძღვანელებს, დავიწყებთ ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმირებას და ჩავატარებთ ახალგაზრდულ ყრილობას. ასევე, დავიწყებთ რეგიონული კონფერენციების მომზადებას. არ გვაქვს არც ერთი წამი დასაკარგი და 24-საათიან რეჟიმში ვიწყებთ აქტიურ მუშაობას. დადგა დრო, რომ ყველამ ერთად გავიმარჯვოთ რუსულ ბოროტებაზე, გაჭირვებაზე, რუსულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილზე.