„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ, საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.
აქციაზე შეკრებილებმა პროტესტი ტრანსფარანტებითა და საყვირებით გამოხატეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, ივანიშვილის რეჟიმს გადაწყვეტილი აქვს, მიხელი სააკაშვილი ნელ-ნელა მოკლას. მისი თქმით, აქციაზე შეიკრიბა ყველა, ვისაც მისი მდგომარეობა აღელვებს.
„აქ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, უპარტიოები, სხვა პარტიის წარმომადგენლები. არ აქვს მნიშვნელობა აქ მელიას მხარდამჭერი თუ არამხარდამჭერები არიან. ჩვენ არავის არ ვყოფთ. შეიძლება, ვიღაცამ ვერ შეძლო აქ მოსვლა, მაგრამ აღშფოთება, რომელიც არის გამოხატული ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სიმბოლურად, არის პროტესტის გამოხატულება ყველა იმ ადამიანისა, ვისაც აღაშფოთებს კონკრეტულად პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ასეთი მოპყრობა. რასაც ჩვენ ღიად ვუყურებთ, რეჟიმს აქვს გადაწყვეტილი, მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა მოკლან, თან შეურაცხყოფა მიაყენონ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.