ჩავლეშვილები და ჩავლეიშვილები გურიაში

დღევანდელი გურიის ტერიტორიის ძველ დავთრებსა და სიგელებში ჩავლეშვილების ან ჩავლეიშვილების გვარის არცერთი ფორმით მოხსენიებას მე-19 საუკუნის ბოლომდე ვერ მივაგენი, ამიტომაც დიდი ალბათობით მათი გურიაში გადმოსვლა ამავე პერიოდში უნდა მომხდარიყო.
.
იმის შესახებ რომ მათი წინაპრები თურქეთიდან გადმოვიდნენ, სადაც ისინი იწერებიდნენ ჩალოღლებად და შალოღლებად ეს ამბავი ალბად გურიაში მცხოვრები ყველა ჩავლეიშვილისა და ჩავლეშვილისათვის ცნობილია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1878 წლამდე ჩოლოქს გაღმა დარჩენილ საქართველოს ცნობილი მიზეზის გამო გურულები თურქეთს ეძახდნენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია პირველი მათი დასახლება გურიაში გვაბრათი (ასკანა) და ოქროს ქედი (მთისპირი) იყო. რაც შეეხება გვარებს ჩავლეშვილს და ჩავლეიშვილს ერთიდა იგივე გვარია და რუსული გადაწერა-აღწერის შედეგად არის ეს სხვაობა და ადრე ძალიან ხშირი არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთი ძმა ჩავლეიშვილი იყო მეორე კი ჩავლეშვილი.
.
ვანილიშს და თანდილავას თავიანთ ნაშრომში ჩამოთვლილი აქვთ ლაზი თავადები მათი სამფლობელოების მითითებით – „ლაზეთში თავადური გვარის ოჯახები იყვნენ: ზვამბაია და მანელიშვილი მაკრიალსა და ლიმანში; მოურავიშვილი – ბუჯაღში, ორთახოფაში, დიმიტრიეთსა და სუნდურში; შალიკაშვილი (შალოღლი) – სუნდურაში; ჟორდანია – კისეში, პირონიტსა და არქაბეში; ფოთურია – კაპისტრაში; ბალთაშვილი – ბელევსა და ათინას შორის“.
.
ზემოხსენებულსვე იმეორებს რამაზ სურმანიძე და დამატებით უთითებს – „შალოღლი აჭარაში გადმოსახლების შემდეგ ჩალოღლი-დ გადაკეთდა. რატომღაც შემდგომში ამ გვარის შთამომავლებმა უძველესი გვარის შალიკაშვილი-ს დაბრუნების ნაცვლად ჩავლეიშვილი და მელიქიშვილი აირჩიეს.“ ავტორი ასევე იმეორებს მათ საცხოვრებელ ადგილს დღევანდელ თურქეთში – ართვინის პროვინციის სოფელი სუნდურას.
.
აკადემიკოს ახუაშვილის მიხედვით – „ჩავლეიშვილი უძველესი გვარია. გვარი აჭარაში ჩანს, ტბეთის მაჭახელის სულთა მატიანეში, მოხსენიებულია არსენ ჩავლაეთი, მჭედელი ანუ ჩავლაძე, ჩავლეიშვილი. ამ გვარის ისტორია შესწავლილი აქვს მკვლევარ იოსებ ბექირიშვილს. ის წერს: „ანგისა-მეჯინისწყალში მცხოვრები ჩავლეიშვილების ნამდვილი გვარი შალიკაშვილია. გვარის წევრები ამბობენ, რომ მათი გვარი მესხეთიდან მოდის და ჩვენი წარმომადგენლობა იქ შალიკაშვილთა გვარს ატარებდაო. ოსმალები აჭარაში რომ შემოსულან, ქედის რაიონში შალიკაშვილები ჩალოღლებად მოუნათლავთ, ზოგი მათგანი (მაჭახელის ხეობაში) შალიკოღლებად დაუწერიათ, დღეს მათი შთამომავლები შალიკაძეები არიან. საღორიელი შალიკაშვილ-ჩალოღლები გასული საუკუნის დამდეგს ანგისაში, მეჯინისწყალსა და სხვაგანაც დასახლდნენ, დაიწერნენ ჩავლეიშვილებად.“
.
იგივე ავტორი კლდიაშვილის გვართან მიმართებაში წერს შემდეგს – „კლდია ერქვა ერქვა სამცხე-საათაბაგოს განთქმულ შალიკაშვილთა იმ წარმომადგენელს, რომელიც 1576-1578 წლებში დამარცხებულა ათაბაგ ჯაყელის წინააღმდეგ ბრძოლაში და იძლებული გამხდარა იმერეთში გადახვეწილიყო. შალიკაშვილები ახლანდელი თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში დასახლებულან და შალიკაშვილის ნაცვლად, საკუთარი სახელის მიხედვით კლდიაშვილად დაწერილან.“ აქვე „კლიდიას ბიძაშვილებმა ახლანდელი წედის რაიონის სოფელ პირველ მაისში ისურვეს ცხოვრება, თურქებმა ეს შალიკაშვილები შალოღლებად და ჩალოღლებად მონათლეს. ასე რომ კახაბერის დაბლობის მცხოვრები ჩავლეიშვილები შალიკაშვილები არიან. ზოგიერთი მათგანი დღესაც ასე იწერება. ჭანეთის წარჩინებულ გვარებში შალოღლი-შალიკაშვილებიც მოიხსენიებიან. ისინი სოფელ სუნდურში ცხოვრობდნენ“
.
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპედიციის გამოცემაში აღნიშნულია – „ორდუს შემოგარენში მეგზურობას გვიწევდა მუჰაჯირების შთამომავალი ბილალ ჩალოღლი – იგივე ჩავლეიშვილი.“ უნდა ღინიშნოს, რომ 1878 წელს რუსეთის მიერ დღევანდელი აჭარის დაკავებას მუსულმანი ქართველი მოსახლეობის თურქეთის ტერიტორიაზე მასობრივი გადასახალება ანუ მუჰაჯირობა მოყვა.
.
ჩვენი კანონმდებელობის მიხდვით შესაძლებელია ისტორიული გვარის შეცვლა ისტორიული გვარის აღდგენით. მე ნანახი მაქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მელიქიშვილმა დაიბრუნა მისი ისტორიული გვარი შალიკაშვილი, რისი საფუძველის გახლდათ სამეცნიერო დასკვნა, რომელის მიხედვითაც გვარების მელიქიშვილის, ჩავლეიშვილის (ჩავლეიშვილი) გვარების წარმომადგენელთა ისტორიული გვარია შალიკაშვილი.
.
გურიაში ამ გვარის წარმომადგენლები ცნობილნი არიან როგორც ლოტბარები და მომღერლები, რომელთაგან ყველაზე უფრო ცნობილნი არიან – სამუელ ჩავლეშვილი, ილარიონ ჩავლეშვილი, აპოლონ ჩავლეშვილი და ნიკიფორე ჩავლეშვილი.
.
სამოქალაქო რეესტრის მონაცემების მიხედვით დღეს საქართველოში რეგისტრირებულია 641 ჩავლეიშვილი და 578 ჩავლეშვილი. აქედან:
– გურიაში რეგისტრირებულია 419 ჩავლეშვილი და 49 ჩავლეიშვილი;
– აჭარაში კი 468 ჩავლეიშვილი და 42 ჩავლეშვილი;
– თბილისში 91 ჩავლეიშვილი და 90 ჩავლეშვილი;
.
წყაროები:
– მ. ვანილიში, ა. თანდილავა. ლაზეთი. თბილისი. 1964. გვ. 56
– რამაზ სურმანიძე – თავადაზნაურობა და მათი ოჯახები ბათუმის ოლქში 1912 წ. (2016)
– ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები 2019
– ჟურნალი თბილისელები 2005 წელი, #37. აკადემიკოსი იაკობ ახუაშვილი
– old.tbiliselebi.ge – „როგორ წარმოეიშვა ქართული გვასახელები“ აკადემიკოს იაკობ ახუაშვილი 04.07.2016
– იოსებ ბექირიშვილი – აჭარის ისტორია გვარსახელებში 1996
ფოტო: მოცეკვავე ჩავლეშვილი (1934 წელი – ამიერკავკასიის ხელოვნებისა და სახალხო შემოქმედებითი ოლიმპიადა, ივერიელის ციფრული ბიბლიოთეკა)
შეიძლება იყოს 3 ადამიანი and მდგომარე ადამიანები გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share