ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რადას მიერ 24 თებერვალს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში მიწვევას ეხმაურება და განმარტავს, რატომ არ ჩავლენ კიევში.
მდინარაძის თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდებების ფონზე, “საქართველო პირდაპირ ჩაერთოს ომში”, “არ მიიჩნიეს რელევანტურად დელეგაციის კიევში ვიზიტი”.
“ჩვენც ასე ვიქცევით. ოღონდ, მაქსიმალურად ზღვარს მიღმაც კი, რისკების გათვალისწინებით ვუჭერთ მხარს უკრაინას და რა მივიღეთ სანაცვლოდ? – სანაცვლოდ მივიღეთ მათი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან პიარკამპანიაში ჩართვა, რომ მიშა სააკაშვილს კლავენ და აწამებენ, მიშა დემოკრატიის შუქურაა, ჩვენ მწამებლები, და რომ საქართველო პირდაპირ უნდა ჩაერთოს ომში. ამას არ მიიღებს ადამიანი, ვინც ოდნავ მაინც ახლოს არის საღ აზრთან და, ვისაც რაღაც ახსოვს გუშინდელი დღიდან.
ამ მოწოდებების ფონზე მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის უკრაინაში ვიზიტი არ მივიჩნიეთ რელევანტურად. ეს იყო რაღაც მინიმალური ჟესტი იმისთვის, რომ გვეთქვა – თქვე კარგო ხალხო, როდესაც ჩვენ ასეთ რამეს ვაკეთებთ და იცით, რას ვრისკავთ, როცა ქვეყნის შუაგულში საოკუპაციო ჯარი გვიდგას იმ ტერიტორიაზე, რომელიც თქვენ რომ დღეს ასე უჭერთ მხარს, იმ მიხეილ სააკაშვილმა ჩააბარა ამ ხალხს, გაუფორმა და მერე ხელიც მოუწერა ყველაფერზე, რაც კი სჭირდებოდათ, თქვენ იცით, რამდენად დიდია ამ ჯარის რისკი და მიუხედავად ამისა, ომში ჩართვას გვაძალებთ, მოგვიწოდებთ პირდაპირი, ღია ტექსტებით და გვაბრალებთ, რომ აქ ვაწამებთ ვიღაცას“, – თქვა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მდინარაძის თქმით, უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოს სასაყვედურო არაფერი აქვს.
“მგონია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით სასაყვედურო ნამდვილად არაფერი გვაქვს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ 400-ზე მეტ მხარდამჭერ დოკუმენტს, რაც კი ამ პერიოდის განმავლობაში შეიქმნა. მათ შორის, ხაზგასმით ვამბობ ჰააგის ტრიბუნალთან მიმართებით რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას, რაც კონკრეტულ მხარდამჭერ დოკუმენტში აისახა და ასეთ დოკუმენტებში ჩვენ ვიყავით როგორც თანასპონსორები, ასევე თანაავტორები. მაგალითად, ასევე ჩვენი მეგობარი მოლდოვასგან განსხვავებით, რომელმაც ეს შეიძლება, ვერ გარისკა, მაგრამ აქ ვერც მოლდოვას ვერ გაამტყუნებ, ისიც განსაკუთრებული გამოწვევის წინაშეა. ჩვენ ეს გავრისკეთ, მაგრამ როდესაც საქმე შეეხებოდა უშუალოდ სანქციების დაწესებას, ვთქვით – კი ბატონო, სანქციების გვერდით ავლისთვის ეს ქვეყანა არ გამოდგება, რაც დაწესებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ სანქციების დამატებით დაწესება ჩვენი ქვეყნიდან, წარმოუდგენელი რამ იქნებოდა“, – ამბობს მდინარაძე.
20 თებერვალს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის რადამ, სხვა ქვეყნებთან ერთად, კიევში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია.
მმართველი პარტიის წევრმა ირაკლი ზარქუამ გუშინვე დაადასტურა, რომ ქართულმა ოცნებამ ვიზიტზე უარი თქვა.
დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლების პოზიცია “ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას არ ტოვებს”.