უკრაინელ ხალხს დასახმარებლად საქართველოდან მოხალისეები უერთდებიან – მოხალისეების რიგებს უერთდებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები.
ისინი უკრაინის საელჩოსთან იმყოფებიან და რამდენიმე წუთში მიიღებენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.
“მივემგზავრებით რიგით ჯარისკაცებად და ვიქნებით ყველგან, სადაც დასჭირდება უკრაინელ ხალხს. რუსეთი უკვე დამარცხებულია და ეს უნდა გაფორმდეს უახლოეს პერიოდში და ამის შემდეგ ეს კოლაბორაციონისტი, რუსეთუმე, რუსეთის ფილიალი უნდა დაიშალოს, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ესენი უნდა წავიდნენ მოსკოვში”,- ამბობს “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი, დავით ქაცარავა.
ისინი საქართველოდან საერთაშორისო ლეგიონს შეუერთდებიან, რომლებიც უკრაინაში სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილეობენ. საქართველოს ათობით მოქალაქე უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში უკრაინის ინტერესების და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ჩადიან.
ცნობისთვის, სპეცრეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 18:00 საათზე შესრულდება, დაახლოებით 80 ადამიანი გაემგზავრება დღეს უკრაინაში, მათ შორის 9 ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრია.
mtavari.tv