ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების რუსულ კანონს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ამერიკულის მსგავსი არ არის. მისი თქმით, “ხალხის ძალის” კანონპროექტი მსგავსია რუსეთში არსებულის, რომელიც ეფექტური იყო არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვისა და მედიის გასაჩუმებლად.
“კანონი, რომელიც პარლამენტში წარადგინეს, არ არის ამერიკული კანონი FARA. მე მიმუშავია იმ კანონზე, მის რეფორმირებაზე. თავდაპირველად ის 1930-იანებში იყო მიღებული ჰიტლერის პასუხად, როგორც ძალისხმევა, რომ ამოგვეცნო ლობისტები ან სხვები, რომლებიც სხვა ქვეყნებს წარმოადგენდნენ აშშ-ში და მათ მოვთხოვეთ რეგისტრაცია. აქაური კანონპროექტი არის რუსეთში არსებული კანონის მსგავსი, რომელიც ძალიან ეფექტიანი იყო რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვისა და მედიის გასაჩუმებლად.
ეს არ არის ხელშემწყობი იმ 12 პირობისა, რომლის შესრულებაც ევროკავშირმა სთხოვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ეს კანონი ძალიან ჰგავს იმას, რომელიც უნგრეთმა მიიღო და რომელიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ასე რომ, ეს არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებსაც, ვფიქრობ, ვისურვებდით დემოკრატიულ ქვეყანაში. და, არც გამჭვირვალეობისთვის არის საჭირო ასეთი კანონი. არგუმენტი, რომ ეს გამჭვირვალეობისთვის არის საჭირო, უბრალოდ არ ჭრის, რადგან უკვე არსებობს გამჭვირვალეობა. არასამთავრობო ორგანიზაციებს ისედაც ეკისრებათ ვალდებულება განაცხადონ საიდან ფინანსდებიან”, – აღნიშნავს სენატორი.
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს “ხალხის ძალას” უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში “უცხოური გავლენის აგენტებს” გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. “უცხოური გავლენის აგენტებად” დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.
მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და “უცხოური აგენტების” “გამოვლენა” სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.
ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.