“პირველ ნაწილში ივანიშვილმა და რუსეთმა მოიგეს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სოცქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ კინო მინიმუმ ორნაწილიანი აღმოჩნდა.

პირველ ნაწილში ივანიშვილმა და რუსეთმა მოიგეს.

მეორე ნაწილიც ზუსტად იმავე სცენარის მიხედვითაა განსაზღვრული ივანიშვილის მიერ. ახლა სწორედ მეორე ნაწილში ვართ.

გავიხსენოთ, რა მოხდა პირველ ნაწილში:

ივანიშვილს საერთო არ უნდოდა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა, მაგრამ საქართველოს საზოგადოებისა და ბრიუსელის გამო გამოუვალი სიტუაცია შეექმნა და თბილისიდან მაინც გაიგზავნა განაცხადი.
ომმა უკრაინასთან ერთად საქართველოსა და მოლდოვასაც მისცა შანსი, მოეპოვებინათ კანდიდატის სტატუსი. ეს სამი ასოცირებული ქვეყანა ერთ პაკეტში აღმოჩნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო – უკრაინა რომ კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ეჭვს არ იწვევდა, თუ მასთან ერთად იქნებოდა საქართველოც, ისიც მიიღებდა.

განაცხადის გაგზავნის შემდეგ ივანიშვილის ამოცანა გახდა საქართველოს ჩამოცილება უკრაინისა და მოლდოვისგან.

ამისთვის გაკეთდა ყველაფერი – ქვეყანაში დაიწყო აღვირახსნილი ანტიუკრაინული და ანტიდასავლური კამპანია. ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას გულშემატკივრობს, გამოცხადდა გლობალური ომის პარტიად და მტრად.

ამასთან, შარშან გადაიდგა რამდენიმე ისეთი პრაქტიკული ნაბიჯი, რაც შეუძლებელს ხდიდა სტატუსის მოპოვებას და გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ამჟამინდელ ქმედებებს. ტაქტიკა არ შეცვლილა.

ცნობილი იყო, რომ კანდიდატის სტატუსის ბედი ზაფხულში გადაწყდებოდა – სავარაუდოდ ივნისში.

ამიტომ ივანიშვილმა თავის პარტიას დაავალა და პარლამენტში დაარეგისტრირეს ფარული მოსმენების შესახებ დრაკონული კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას მოქალაქეების წინაშე განუსაზღვრელ უფლებებს აძლევს. სწორედ ეს კანონი იყო დიქტატურისკენ გადადგმული ერთ-ერთი უდიდესი ნაბიჯი.

როდის ხდება ეს ყველაფერი ? 2022 წლის 20 აპრილს – ზუსტად 2 თვით ადრე კანდიდატის სტატუსის ბედის გადაწყვეტამდე.

ეს ივანიშვილის სტილია – მიიღოს რამდენიმე სარგებელი ერთდროულად. თან სასურველი კანონპროექტი შეატანინა პარლამენტში, რაც შეუზღუდავ უფლებებს აძლევს, თან დიდი დარტყმა მიაყენა სტატუსის მოპოვების შანსებს. ან ორივე მიზანს მიაღწევს ან ეს კანონი ხომ ყველა ვარიანტში შერჩება.

ერთ კვირაში უკვე ეს საშინელი კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეების სრული კონტროლის საშუალებას უკვე კანონის ძალით აძლევს, პირველი მოსმენით დამტკიცებული იყო.

ამის შემდეგ ივანიშვილმა ეს კანონპროექტი, ასე ვთქვათ, ,,მიაძინა”, ,,დაასვენა” და დაელოდა, როდის მოახლოვდებოდა კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტის თარიღი.

მიიჩნია, რომ ეს საკმარისი არ იყო. საჭიროა დამატებითი დარტყმები და თან ამავე ტაქტიკით, კიდევ ერთ სურვილს აისრულებს.16 მაისს ივანიშვილმა დააპატიმრა ნიკა გვარამია.

გავიდა მაისიც. დაიწყო ივნისი. ეს არის თვე, როცა უნდა გაირკვეს, გვაძლევენ თუ არა სტატუსს. მდგომარეობა კრიტიკულია. შანსები პრაქტიკულად აღარ რჩება. ივანიშვილი ადგა და კიდევ ერთი ლურსმანი ჩააჭედა – 7 ივნისს კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცებინა.

რამდენიმე დღეში დასავლურ მედიაში სანდო წყაროებზე დაყრდნობით უკვე იწერებოდა, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატები გახდებიან, საქართველომ კი დაკარგა შანსი.

14 ივნისს გამოცხადდა, რომ 3 დღეში ანუ 17-ში, ევროკომისია ევროპული საბჭოსადმი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ რეკომენდაციას გამოაცხადებს.

17 ივნისი – დასავლური მედია მართალი იყო. ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს ასეთი რეკომენდაცია მისცა: საქართველოს – პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად, უკრაინასა და მოლდოვას – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

22-ში, ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ერთი დრით ადრე, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო მოსმენების კანონს, მაგრამ ამას არც პოლიტიკური და არც პრაქტიკული თვალსაზრისით ჰქონდა რაიმე მნიშვნელობა. პოლიტიკურად საქართველოს საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო – სტატუსს არ მოგვცემდნენ; პრაქტიკულად კი – პრეზიდენტის ვეტო კენჭისყრის დროს ბარიერს ვერ ზრდის და ნებისმიერ დროს უბრალო უმრავლესობით დაიძლევა. შესაბამისად, ზურაბიშვილის ვეტოს არანაირი სარგებელი არ ჰქონდა.

23 ივნისი – უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. საქართველოს – არა.

ივანიშვილმა პირწმინდად მოიგო :

  1. შერჩა მოსმენების კანონი

  2. პოლიტპატიმარი გვარამია ჩატოვა ციხეში

  3. საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და სამეულიდან ამოვარდა.

აქვე მინდა ვთქვა სალომე ზურაბიშვილის შესახებ. მისი არც ერთი ნაბიჯი არ იყო გულწრფელი, არ იყო ქმედითი და არ იყო ნაკანახევი ქვეყნის ინტერტესებიდან გამომდინარე:

მან იცის, რომ მისი ვეტო ივანიშვილს პრობლემას ვერ შეუქმნის; მან იცის, რომ მისი მხრიდან ღარიბაშვილისა და კობახიძის კრიტიკა ივანიშვილისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, უფრო მეტიც, ივანიშვილისთვის სასარგებლოც კია.

ზურაბიშვილს, რომ საქართველოს ინტერესებით ემოქმედა, გამოიყენებდა სულ სხვა ,,ვეტოს” – ქმედითს. ესაა შეწყალების აქტი, რომლითაც უდანასაულო გვარამიას ციხიდან გამოუშვებდა და ქვეყანას აარიდებდა კიდევ ერთი პოლიტპატიმრის ყოლას. მაგრამ გამოაცხადა თუ არა მოსამართლემ განაჩენი, ზურაბიშვილს მაშინათვე უთხრეს ტელეეთერიდან ,,ქართული ოცნებიდან” – არ გაბედო! ივანიშვილის ინტერესი წითელი ხაზია !

სწორედ გვარამიას პატიმრობა იყო ზურაბიშვილის შემოწმების საუკეთესო საშუალება – მან ეს არ გააკეთა და საქართველოს ინტერესებზე მაღლა ისევ ივანიშვილის ინტერესები დააყენა.

რაც შეეხება მის ფორმალურ ვეტოს მოსმენების კანონზე. ივანიშვილმა აქაც თავის სტილში იმოქმედა – ჯერ ვენეციის კომისიაში გაგზავნა კანონი. საზოგადოების თვალის ასახვევად და ფორმალური პროცედურების დასაცავად.

აგვისტოს ბოლოს იქიდან უარყოფითი დასკვნა ჩამოვიდა. როგორც ყოველთვის, ფეხებზე დაიკიდა. 6 სექტემბერს კი თავის დეპუტატებს უბრძანა და ვეტო დააძლევინა.

ასე დასრულდა კინოს პირველი ნაწილი.

ახლა ვნახოთ, რა ხდება მეორე ნაწილში.

გამარჯვებულ ივანიშვილს ერთი პრობლემა მაინც დარჩა – ესაა 12 პირობა, რომელიც უარით გამოსტუმრებულ საქართველოს თან გამოაყოლეს. შეასრულებთ ამ 12 პირობას – მიიღებთ კანდიდატის სტატუსს.

ამ 12 პირობის შესრულება ნიშნავს დემოკრატიას, რასთანაც ივანიშვილის მმართველობა შეუთავსებელია. რისკენაც ამდენ ხანს მიიწევდა, თავისი ნებით ამ 12 პუნქტს გაანადგურებინებს ? გამორიცხულია. ის რუსულ ყაიდის პროვინციულ დიქტატურას აშენებს და არა დემოკრატიას.

იმ თორმეტ პუნქტში ჩამოთვლილია ისეთი პრობლემები, რაც სულ სათითაოდ შექმნა თავისი ძალაუფლების გასამყარებლად.

ახლა გავავლოთ პარალელი.

შარშან კალენდარი დაიწყო 24 თებერვალს. მაშინდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე კანდიდატის სტატუსის საკითხი დაჩქარებულად, შემჭიდროებულ ვადებში უნდა განხილულიყო – ამიტომ ამ პროცესს 4 თვე ეყო. საქართველო აუცილებლად მიიღებდა ამ სტატუსს – უბრალოდ, არაფერი უნდა გაეკეთებინა. რამე კი არ უნდა ექნა, უბრალოდ არაფერი უნდა ექნა, მაგრამ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა და უარის გარდა სხვა გზა არ დაუტოვა ევროკავშირს.

საქართველოსთვის მეორე კალენდარული ათვლა 2022 წლის 24 ივნისს დაიწყო, იმავე დღეს, როცა სტატუსი ვერ მივიღეთ, მაგრამ 12 პირობა დაგვიწესეს და პერსპექტივა შეგვინარჩუნეს.

საქართველოს მეორე შანსი და დრო მიეცა მოსამზადებლად, მაგრამ ეს ეს დრო ივანიშვილისთვისაც ხომ არსებობს – საბოტაჟისთვის.

ვითარება ასეთია, 2023 წლის ბოლოს საბოლოოდ გადაწყდება სტატუსის მეორე შანსის ბედი.

ბოლო პერიოდში მოხდა საინტერესო რამ.

როგორც კი დასავლეთიდან ,,ქართულ ოცნებას” დიპლომატიური არხებით მიუვიდა სიგნალები, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს შეიძლება, მაინც მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი, ივანიშვილმა პროცესები დააჩქარა.

რუსული კანონის გამზადებული და უჯრაში ჩადებული ქართული ანალოგი კანონპროექტად დაარეგისტრირებინა და დამტკიცებას შეუდგა. ჩვენ ვნახეთ, როგორი მწვავე რეაქცია გამოიწვია ამ საკითხმა. ივანიშვილს განზრახული აქვს, რომ ეს პროექტი პირველი მოსმენით ნებისმიერ ფასად მიარებინოს თავის პარლამენტს და მერე ეს პროექტი ,,მიაძინოს”, ,,დაასვენოს”. რადგან ცოტა მეტი დრო აქვს, ვიდრე შარშან ჰქონდა, ვენეციის კომისიაში საბოლოო დამტკიცების მერე კი არა, პირველი მოსმენის შემდეგ გაგზავნის. არსად ეჩქარება – ამ გზით სასურველ კანონპროექტს მყარად დაამაგრებს, საზოგადოებას შეაჩვევს, მოაბეზრებს და ედება გამზადებული დასამტკიცებლად იმ მომენტისთვის, რაც უფრო მოახლოვდება კანდიდატის სტატუსის მონიჭება-არმონიჭების თარიღი.
ზუსტად ისე, როგორც მოსმენების კანონზე გააკეთა. ეს პირველი პარალელი შარშანდელთან – ოღონდ ბევრად მძიმე.

მეორე – გვარამია ისევ ციხეშია.

მესამე – გვარამიას პრეზიდენტი ისევ არ იწყალებს და ვერც არგუმენტს ამბობს.

მეოთხე – სააკაშვილი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და სამკურნალოდ არ უშვებს. არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს დრამა. ივანიშვილის ხელშია.

მეხუთე – ომის ფონზე ივანიშვილის ანტიუკრაინული და ანტიდასავლური პოლიტიკა წარმოუდგენელ მასშტაბებს იძენს. ზენიტშია. მიმდინარეობს პირდაპირ რუსული პროპაგანდა სახელისუფლებო დონეზე. მოსკოვი ქებას არ იშურებს საქართველოს ხელისუფლების მისამართით.

დღევანდელი მოცემულობით, კანდიდატის სტატუსის ჩასაშლელად უფრო მეტი კოზირი აქვს დაგროვებული, ვიდრე შარშან მოახერხა იმ შემჭიდროებულ დროში.

არ ეყოფა ზემოთ ჩამოთვლილი თემები საბოტაჟს? კიდევ დაამატებს. მაგალითად, გამზადებული აქვს ფორმულას დახურვის გეგმა. არც ეს ეყოფა? გაჩნდებიან ახალი გვარამიები. რა პრობლემაა.

მომისმენია ასეთი მოსაზრებაც – ამ საკითხებს გამოიყენებს ვაჭრობისთვის, რომ კანდიდატის სტატუსიც მიიღოს, საკუთარ თავზეც მიიწეროს და ძალაუფლებაც გაიმყაროს.

კონტრშეკითხვა მაქვს – შარშან რატომ არ ივაჭრა? ხომ ექნებოდა სტატუსი? რაში დასჭირდა საბოტაჟი?

არის კომენტატორების სხვა კატეგორიაც (მე მათ მავნებლებს დავარქმევდი) – ამტკიცებენ, თითქოს ივანიშვილი ადგება და აგენტების კანონზე თავადვე იტყვის უარს. თავისით არასდროს არაფერს იზამს თავისივე სანუკვარი ოცნების – დიქტატურის დამყარების წინააღმდეგ ! კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ასეთი მავნებლური აზრებით არ ეცადონ საზოგადოების მოტყუებას ?!

და რა იცით თქვენ, რას გადაწყვეტს ? წინასწარმეტყველები ხართ ?

თავი დავიმშვიდოთ ? ივანიშვილის კეთილი ნების იმედად ვიყოთ თუ რას გვთავაზობენ ?

ერთადერთი, რაც ამ კაცს დაამარცხებს, სწორი და დაუღალავი პროტესტია. მისი კომბინაციები, სვლები – მოდი აი, ტერმინი ხომ არ შევცვალოთ კანონპროექტში და მსგავსი სისულელეები, ეს მხოლოდ სატყუარაა, არ ცვლის მიზანსა და შინაარს და გათვლილია მხოლოდ იმაზე, რომ საზოგადოება დაიღალოს და დანებდეს.

პროტესტსა და ენერგიას სჭირდება სწორი კალაპოტი, კარგად მართვა. პროტესტი უნდა იყოს არა მომენტალურად კულმინაციური, რასაც დაღმასვლა მოჰყვება, არამედ უნდა იყოს აღმავალი – საჭირო დროს, საჭირო მომენტში, საჭირო მასშტაბით. გადამწყვეტ მომენტს, გადამწყვეტ დღეებს, როცა მართლა იქნება უპრეცედენტოდ ხალხმრავალი პროტესტი საჭირო, საზოგადოება ძლიერი უნდა შეხვდეს და არა გამოფიტული. მანამდე ყველამ იმდენი უნდა შეძლოს, რამდენიც შეუძლია. იმოქმედოს. ამასთან, ამბიციები მოთოკოს, კი არ დააზიანოს პროცესი, არამედ მას რამე შეჰმატოს. საბოლოოდ ყველა პროტესტი თავს მოიყრის ერთ წერტილში. ამ პროცესის გარდაუვალობა ისაა, რომ კულმინაცია აუცილებლად დადგება – უნდა მივხვდეთ მომენტს.

დასასრულ,

თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მოიპოვებს, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხისა და ევროკავშირის დამსახურება და გამარჯვება ივანიშვილსა და რუსეთზე !

თუ კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილისა და რუსეთის ბრალი. და ჩვენი სისუსტის ბრალიც. და ეს იქნება მათი კიდევ ერთი წარმატება !

ხალხისა და ევროკავშირის ძალისხმევით კანდიდატის სტატუსს მოვიპოვებთ თუ მეორედაც დაგვაკარგვინებს ივანიშვილი, ჩვენ მაინც ყველა ვარიანტში მოგვიწევს ბრძოლა მისთვის ძალაუფლების ჩამოსართმევად.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share