„საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიერ ინიციირებული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ყოველმხრივ საზიანოა ჩვენი ქვეყნისათვის. ამ დღეებში ბევრი გამოვიდა, ვინც სერიოზულად ფიქრობს საქართველოს წინსვლასა და კეთილდღეობაზე, და ღიად გამოთქვა თავისი უარყოფითი აზრი ამ კანონპროექტზე.
მეც მიმაჩნია, რომ ეს ანტისაზოგადოებრივი კანონპროექტი, თუ ის კანონად იქცევა, დიდ ზიანს მოუტანს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ამგვარი კანონები ავტორიტარული რეჟიმებისათვის არის დამახასიათებელი, რასაც რუსეთის მაგალითზე ვხედავთ,“ – უთხრა მზექალა შანიძემ „ნეტგაზეთს“.
აკადემიკოსის თქმით, მრავალ სხვა უარყოფით შედეგთან ერთად ეს კანონი ხელს შეუშლის ჩვენში მეცნიერების განვითარებას.
„ისეთი დიდი პროექტები, როგორიცაა: ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნა და კავკასიური ენებისა და კულტურების ელექტრონული დოკუმენტაციის დაწყება, ვერ განხორციელდებოდა უცხოური ფონდების დაფინანსების გარეშე.
ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიებისათვის ქართული ანბანის პირველი შრიფტის დამზადება და პირველი ქართული ვებგვერდების შექმნაც უცხოურ ორგანიზაციას უკავშირდება – ჯორჯ სოროსის ფონდს, რომლის შევიწროებასა და სახელის გატეხას წარსულშიც ცდილობდნენ და დღესაც იმავეს სჩადიან.
მე იურისტი არა ვარ და ამიტომ გამიჭირდება ე. წ. აგენტების კანონის კონსტიტუციური და იურიდიული თვალსაზრისით განხილვა, მაგრამ აშკარად ვხედავ, რომ იგი დემოკრატიის ყველა ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება,“ – აცხადებს “ნეტგაზეთთან” მზექალა შანიძე.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.