მწერალი და „კავკასიური სახლის“ ხელმძღვნელი ნაირა გელაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს მიმართავს.
განცხადებაში ის წერს, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ რუსული კანონის განხილვის შეჩერებაა.
„ბატონებო, როგორ გულწრფელადაც არ უნდა იყოთ დარწმუნებულნი, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ დაუყოვნებლივ მიღების გარეშე საქართველო დაიღუპება, დღეს ერთადერთი კეთილგონივრული გადაწყვეტილება იქნება, შეაჩეროთ კანონის განხილვა.
როგორც ზრდადასრულებული და კეთილი ნების ადამიანი მოიქცეოდა, განუცხადეთ მოქალაქეებს, რომ პარლამენტი გააგრძელებს საკითხზე მუშაობას საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად და საერთო თანხმობით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ან რაღაც სხვა გზას დაადგება.
ნუთუ რაიმე ღირს ჩვენი შვილების, სტუდენტების, ახალგაზრდების (უფროს თაობა სულაც რომ არ ვახსენოთ ) ასეთ ტრავმად ასეთ ნერვების წყვეტად, ასეთ სასოწარკვეთად, რასაც იმ ერთადერთი, ოცდაათწლიანი იდეალის, ერთადერთი საზოგადოებრივი შეთანხმების გაბათილება იწვევს, ეს „კანონი“ რომ გვპირდება?
თუ არ იქნება დემოკრატიული საქართველო და დასავლეთთან მეგობრული, ნაყოფიერი, ღირსეული თანამშრომლობა, რასაც დიდი შრომა სჭირდება, მაშ რიღასთვის ვნაყეთ წყალივით ჩვენი უახლესი ისტორია? რიღასთვის ღვარა ხალხმა ამდენი სისხლი და ცრემლი?
ყველასთან განხეთქილებას, რაც ამ „კანონმა“ ბოლომდე აშკარა გახადა, ვერც ხელისუფლება გაუძლებს და ვერც ქვეყანა.
მოგიწოდებთ, არ დაუშვათ ძალის გამოყენება საპროტესტო მიტინგის მონაწილეთა წინააღმდეგ! ნუ გაიმეორებთ იმ სისასტიკეს, რომლის მსხვერპლიც, როგორც წესი, უდანაშაულო ადამიანები ხდებოდნენ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე!
გაიხსენეთ, რომ ამ ახალგაზრდებს ვერაფერი შესთავაზეთ ისეთი, რომ მათ საკუთარ სამშობლოში დაედგომებოდეთ!
შეჩერდით! წინ მართლა უფსკრულია!“ – წერს გელაშვილი.
წერილი 7 მარტის 17:00 საათით თარიღდება. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ გაავრცელეს.