არც სახლი, არც მანქანა, მხოლოდ ავტოფარეხი – ყაველაშვილის „გამჭვირვალე“ ქონება

საქართველოს პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს და ამავე დროს „ხალხის ძალის“ წევრია, რუსული კანონპროექტის მიღების აუცილებლობას გამჭვირვალობის არგუმენტით ხსნის.

თუმცა, გამჭვირვალობას მოწყურებული დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია, რომლის ყოველწლიურად შევსებასაც მას კანონი ავალდებულებს, არც ისე გამჭვირვალეა. თუ პარლამენტარი ყაველაშვილი დეკლარაციას კეთილსინდისიერად ავსებს, გამოდის, რომ მას არ აქვს სახლი, არ აქვს მანქანა და მთელი მისი ქონება მხოლოდ ერთი ავტოფარეხია. 

ამავე დროს, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ამბობს, რომ „ევროპა თვითმიზანი არ არის“, შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანიის – Oil trade and invest gmbh -ის 24,5%-ის მფლობელია. ამის შესახებ ყაველაშვილმა 2019 წლის ქონებრივ დეკლარაციაში თავად ჩაწერა. კომპანიის წილების გასხვისების ან გაჩუქების თაობაზე 2020-2022 წლების დეკლარაციებში არაფერი იძებნება.

2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიხეილ ყაველაშვილმა კომპანიის კაპიტალის ოდენობაში 20 000 შვეიცარიული ფრანკი მიუთითა. მისივე ინფორმაციით, მისი პარტნიორები არიან ბიზნესმენები გია და გოჩა მახათაძეები.

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრია. ყაველაშვილი პოლიტიკაში ფეხბურთიდან მოვიდა. 1988 წლიდან 2016 წლამდე მისი კარიერა მხოლოდ ფეხბურთს უკავშირდებოდა. 1995-1997 წლებში ყაველაშვილი საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა.

2016 -2020 წლებში, მიხეილ ყაველაშვილი „ოცნებამ“ ნაძალადევის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, 2020 წელს მან ისევ „ოცნების“ წარდგენით იყარა კენჭი.

2022 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ორი მოწვევის პარლამენტარ მიხეილ ყაველაშვილს  მხოლოდ ერთი ავტოფარეხი აქვს და სხვა არაფერი – არც საცხოვრებელი სახლი, ბინა, ნაკვეთი და არც აგარაკი. მის ქონებრივ დეკლარაციებში არც მნიშვნელოვანი ფულადი დანაზოგის შესახებ იძებნება ინფორმაცია.

თავისივე ქონებრივ დეკლარაციაში მიხეილ ყაველაშვილმა მიუთითა, რომ ფლობს ავტოფარეხს თბილისში გაბაშვილის ქუჩაზე. ეს ავტოფარეხი მას 2007 წელს 22 000 დოლარად შეუძენია. როგორც თავად მიუთითა დეკლარაციაში, ავტოფარეხის ფართობი 88 კვ.მეტრია.

საცხოვრებელ სახლზე ყაველაშვილს დეკლარაციაში არაფერი ჩაუწერია.

საჯარო რეესტრის 2008 წლის ამონაწერის მიხედვით, ყაველაშვილი, ზუსტად იგივე მისამართზე, გარდა ავტოფარეხისა, 481 კვ.მეტრ  ფართობს ფლობდა – მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულზე. ეს ფართობი მას იპოთეკით ჰქონდა დატვირთული „სილქ როუდ ბანკში“.

2009 წლის ამონაწერის მიხედვით ეს ქონება სააქციო საზოგადოება „ბითიეი“ ბანკის [იგივე სილქ ბანკი] საკუთრებად არის დარეგისტრირებული. საფუძველი: იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს განკარგულება.

2022 წლის ამონაწერით კი, ყაველაშვილი აქ მხოლოდ ავტოფარეხს – 88 კვ.მეტრს ფლობს. 481 კვ.მეტრი კი, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულზე [იგივე საკადასტრო კოდით] ვინმე ნინო გოგეშვილს ეკუთვნის.

ყაველაშვილს სამი შვილი ჰყავს. უფროსი ინგლისში, მანჩესტერშია დაბადებული, მეორე – შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში. მესამე შვილი მას 2013 წელს, საქართველოში შეეძინა. წინა ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს ასევე, მის მეუღლეს თამარ ბაგრატიონს. მედიის ცნობით, თამარ ბაგრატიონი, მომღერალ ლიზა ბაგრატიონის დაა.

ყაველაშვილმა 2022 წლის დეკლარაციაში არ მიუთითა ასევე, რომ მისი მეუღლე, თამარ ბაგრატიონი შპს „გეომაკის“ 40 პროცენტის მფლობელია, თუმცა წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში ეს დაფიქსირებული აქვს. დეკლარაციების მიხედვით თამარ ბაგრატიონს ამ კომპანიიდან შემოსავალი 2016 წლიდან დღემდე არ მიუღია.

დეპუტატის დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლიდან დღემდე თამარ ბაგრატიონი დასაქმებული არ ყოფილა.

წინა დეკლარაციაში ყაველაშვილმა მიუთითა ასევე, რომ  უფროსი შვილი, მარიამ ყაველაშვილი ინდმეწარმედ არის დარეგისტრირებული. როგორც 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაშია მითითებული, მას საცხობი ჰქონდა. 2022 წლის მარტში მარიამ ყაველაშვილმა შპს „meltfranchise“ დააფუძნა. იგი თავად არის ამ კომპანიის დირექტორი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი.

მარიამ ყაველაშვილი და გიორგი ივანიშვილი [თამარ ბაგრატიონის შვილი პირველი ქორწინებიდან] ყაველაშვილის ბოლო დეკლარაციაში აღარ ფიქსირდებიან [ამის მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ]. გიორგი ივანიშვილი წარმატებული ფეხბურთელია.

ნეტგაზეთი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share