ამერიკაში მოღვაწე ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული, სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:
“კარგია რომ რაღაც მოვიგეთ სტრასბურგში, მაგრამ უკეთესი იქნება თუ გავარკვევთ რა მოვიგეთ.
ცხადია, ცივსისხლიანი იურისტები პროფესიულ დონეზე გაარჩევენ ვერდიქტს, მაგრამ არსებობს ელემენტარული ლოგიკაც, რომელიც ერთია იურისტისა თუ არაიურისტისათვის. ამ ლოგიკის თანახმად, ზემოაღნიშნულ ვერდიქტს არავითარი კავშირი არ აქვს საომარი მოქმედებების დაწყებასთან და ეხება მხოლოდ ამ მოქმედებების დასრულების შემდგომ პერიოდს. ამასთან, სასამართლო კონკრეტულად აფიქსირებს ამ პერიოდის ხანგრძლივობას და პრინციპულად აცხადებს უარს იმის განხილვაზე, რომ ადამიანის უფლებები მუდმივად ირღვეოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რაც მთავარია, ეს იყო საომარი მოქმედებების დაწყების ობიექტური მიზეზი, როდესაც საქართველოს სახელმწიფო იძულებული გახდა დაეცვა საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამასთან, სასამართლო არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მხარე, როგორც ოფიციალური მშვიდობისდამცველი, იურიდიულად იყო პასუხისმგებელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან დაწყებულ საომარ მოქმედებებზე და რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუდმივად ირღვეოდა საქართველოს მოქალაქეების ინტერესები. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით რუსეთს მოეხსნა პასუხისმგებლობა ომის დაწყებამდე მიმდინარე პროცესებზე და მისი ოფიციალური კონტროლი მხოლოდ შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა, რაზეც რუსეთს თავისუფლად შეუძლია იმართლოს თავი, რომ ომში ჩაება ჰუმანიტარული მოსაზრებით და გარკვეული დრო დასჭირდა კონტროლის დასამყარებლად.
გავიხსენოთ ტალიავინის წყალწყალა დასკვნა, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ მხარეს შეუძლია იმის მიხედვით, თუ რომელ კონკრეტულ პასაჟებზე გააკეთებენ კონცენტრირებას. დაახლოებით ანალოგიური შინაარსისა და სარგებლიანობისაა ეს „დიპლომატიური“ ვერდიქტიც. ძალიან წააგავს ამერიკის ახალი სახელმწიფო მდივანის განცხადებას საქართველოზე, სადაც იგი მხარს უჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, მაგრამ იმავე დროს ეთანხმება მოსაზრებას, რომ არ შეიძლება მტრების გაღიზიანება და პროვოცირება.
ცხადია, მოვლენა მაინც გარკვეულ დადებით კონტექსტს ატარებს, რადგან რუსეთის შესაძლო „გადემოკრატიულება“ და დასავლეთის მიერ ნავალნისადმი უპირობო მხარდაჭერა შესაძლოა ერთ დღეს ახალი გადატვირთვის დაწყების საფუძველი გახდეს და იმ დროისათვის საქართველოს დეოკუპაციის საკითხი რუსეთის ახალი, დემოკრატად მიჩნეული მმართველისათვის ულტიმატუმად უნდა იქნეს წაყენებული დასავლური თანამეგობრობის მიერ. ამ საქმეში კი ყველა მომგებიანი დეტალი გამოსადეგი იქნება.
დაველოდოთ გაწონასწორებულ, ობიექტურ, იურიდიულ ანალიზს.”- წერს სოციალურ ქსელში გურული.