დოდო აბაშიძე – ნამდვილი პანტერა

„დოდო თავისი სისუფთავით, ვაჟკაცობით, გონიერებით, სიყვარულით ჩვენი უბნის და მთელი ქალაქის საზომი იყო. ომის დროს „ზემელზე“ პურს ყიდდა, რომ თავისი საძმო გამოეკვება. არაჩვეულებრივი ოჯახიშვილი გახლდათ, ჩემი უფროსი მეგობარი და ყველას გაჭირვების ტალკვესი. დოდოსგან ვისწავლეთ ყველაფერი: ქუჩაში ლაღად დადიოდა, მართალი ნაბიჯი და უდიდესი მოთმინების უნარი ჰქონდა. თავისი ინიციატივით არასოდეს უჩხუბია, მაგრამ თუ დაინახავდა, რომ ვინმეს ჩაგრავდნენ, ან პირადად შეეხებოდა ვინმე, მტრისას, ჩხუბში ნამდვილი პანტერა იყო!“- მითხრა ერთხელ ბატონმა გურამ ლორთქიფანიძემ („ლორთქია“) და საუბრისას ისიც მიამბო, როგორ სცემა დოდო აბაშიძემ „ინტურისტის“ ბაღში, საზაფხულო რესტორან „ორიენტში“ საბჭოთა კავშირის გმირი მელიტონ ქანთარია. რაზე სცემა, ვერ გეტყვით, ბატონ გურამს კონკრეტული მიზეზი არ ახსოვდა („მგონი, უზრდელად მოიქცა და დოდომ ეს ვერ აიტანა. მელიტონი ცოტა უხეში კაცი იყო“), მაგრამ დოდო ამის გამო გაციმბირებას ძლივს რომ გადაურჩა, ფაქტია. მელიტონმა დოდოს სამაგალითო გასამართლება მოითხოვა და არავის თხოვნას არ ითვალისწინებდა – ყველას უარით ისტუმრებდა. თხუთმეტი დღის განმავლობაში დოდოს გათავისუფლებას უშედეგოდ ცდილობდნენ აკაკი ხორავა, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი, ელდარ შენგელაია… საბჭოთა კავშირის „პირველი მედროშის“ დაშოშმინება თურმე მხოლოდ სენაკელმა „კანონიერმა ქურდმა“, „ყვავამ“ შეძლო. თავად მელიტონმაც კი გაოცებულმა უთხრა დოდოს: შენ ვინ ყოფილხარ, კაცო?! მთელი ქვეყანა კი მოვიდა ჩემთან სათხოვნელად, მაგრამ „ყვავაც“ თუ შეწუხდებოდა შენი გულისთვის და სენაკიდან ჩამოვიდოდა, არ მეგონაო“…

წყარო-nostal.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share