მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა

2023 მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პროგრამას ანახლებს, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია. ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ გააგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების კურსის სწავლებას, ქეთი ლობჟანიძე კი ახალგაზრდებს პროფესიული ორიენტაციის საფუძვლებს გააცნობს, მოუყვება ისეთ პროფესიებზე, რომელიც მომავლის პროფესიებადაა მიჩნეული დღესდღეობით მსოფლიოში. ეს არის მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა, ეგრეთ წოდებული STEM მიმართულებები.
„აუცილებელია ახალგაზრდებმა იცოდნენ, თუ რა სიახლეებია დღესდღეობით შრომით ბაზარზე, სადაა კადრების დეფიციტი. ეს ინფორმაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმ დროს, როცა იღებ გადაწყვეტილებას, თუ როგორ განავითარო შენი მომავალი. ცხადია, ნებისმიერ ადამიანს უნდა მოთხოვნადი პროფესია ჰქონდეს, სადაც ანაზღაურებაც მაღალია. სწორ დროს სწორმა რჩევამ, შესაძლოა მთელი ცხოვრება განსაზღვროს. ჩვენ ვახალისებთ იმ აბიტუროენტებს, ვისაც ენერგეტიკის, ინჟინერიის ან გარემოსდაცვის მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება. გარდა არაფორმალური ტრენინგებისა, სტუდენტიბის ხელშეწყობის მიზნით, კომპანია ბახვი ჰესი, აღნიშნულ ფაკულტეტებზე სწავლის საფასურის 80%-ს დაუფინანსებს მთისპირელ და ჩხაკაურელ ახალგაზრდას. ჩვენ დიდი სიამოვნებით შევუწყობთ მათ ხელს განათლების მიღების პროცესში, მით უფრო, რომ სექტორი ახალგაზრდა პროფესიონალების დანაკლისს განიცდის“ – აცხადებს დავით კობერიძე, ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერი.
ტრენინგ კურსი ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო მიმართულების ერთ-ერთი პროექტია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან არსებობს. 2022-2023 სასწავლი წლის პროგრამა სექტემბერში დაიწყო და ორივე სემესტრს მოიცავს. შეხვედრები მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლებში თვეში ერთხელ ტარდება. პროექტი უფროსკლასელთათვის, კერძოდ 9,10,11,12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მიზნად ისახავს ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვით საკითხებში, ასევე, ცოდნის გაზიარებას განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ და ინფორმაციის მიწოდებას პროფესიულ ორიენტაციის საკითხების ირგვლივ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share