სასწრაფოს თანამშრომლები დაბალ ხელფასს და ცუდ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ – „მთავრობას ანაზღაურება 175%-ით მოემატა, ექიმებს კი 24%-ით“

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა პარასკევს აქცია კვლავ გამართეს ლოზუნგით „ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს”. მათი განცხადებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტს გააგრძელებენ და უკიდურეს ზომებსაც მიმართავენ და გაიფიცებიან.

როგორც სასწრაფოს ექიმები ამბობენ, იმის გამო, რომ ხელფასი არ ჰყოფნით, დამატებითი მორიგეობა უწევთ, გარდა ამისა, დატვირთული სამუშაო გრაფიკი წესიერი კვების საშუალებას არ იძლევა, ეს ყველაფერი კი მათ ჯანმრთელობაზე აისახება.

ექიმებმა აქცია სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის შენობასთან შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს და ხელფასების გაზრდასთან ერთად სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სასწრაფოში დასაქმებული ადამიანების ხელფასი მიზერულია, 100%-იან ზრდას ითხოვენ, თუმცა, ამბობენ, რომ შეიძლებოდა ეს ეტაპობრივადაც მომხდარიყო. მათი განცხადებით, როცა საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, ეს ექიმების ჯიბეზე არ აისახება.

სასწრაფო დახმარების ექიმები ხელფასების გაზრდას და შესაბამის სამუშაო პირობების შექმნას ხუთი წლის განმავლობაში ითხოვენ, როგორც მედიკოსები ამბობენ, ამ ხნის განმავლობაში მთავრობას ანაზღაურება 175%-ით მოემატა, ექიმებს კი 24%-ით.

„ხუთი წლის განმავლობაში, როცა ჩვენ ვითხოვდით თვითონ ემატებოდათ, კოვიდი იყო თუ პანდემია და ქვეყანას უჭირდა, მარტო ჩვენთვის უჭირდა ქვეყანას?!” – აცხადებს „ევრონიუსთან” აქციის მონაწილე.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებულებმა აქცია მანამდეც გამართეს, ექიმების პროტესტი იმ 50%-იანი დანამატის გაუქმებას მოჰყვა, რომელიც კოვიდპანდემიის დროს დაუნიშნეს. ზაფხულში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესაც შეხვდნენ, რომელიც 2023 წელს ხელფასების 10%-იან ზრდას დაჰპირდა, თუმცა ექიმებისთვის ეს დათქმა მიუღებელია.

სასწრაფო დახმარების მძღოლის, თემურ გურგენიძის თქმით, იმის გამო, რომ ხელფასი არ ყოფნის, დამატებითი მორიგეობა უწევს.

„ჩვენ ღირსეულ ხელფასს ვითხოვთ. დიდი ხანია ხელმძღვანელობასთან და სამინისტროსთან ამ თემაზე ვსაუბრობთ. გვქონდა ორი უშედეგო მედიაცია. პრაქტიკულად, არცერთი ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ის სიტუაცია, რაც ქვეყანაშია, ინფლაციის ფონი, ჩვენს ოჯახებს მძიმე ტვირთად აწევს. გუშინ მორიგე ვიყავი, ჩემი ბრიგადა ოც მისამართზე იყო. მთელი ღამე ვმოძრაობდით.

„ნორმალური კვების საშუალებაც კი არ გვაქვს. თვის განმავლობაში რვა მორიგეობა გვიწევს, მაგრამ იმის გამო, რომ ხელფასი არ მყოფნის, დამატებით მორიგეობაზე დავდივარ. ეს ყველაფერი ჩემი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდება”, – განაცხადა სასწრაფო დახმარების მძღოლმა.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის, ირაკლი ამირანაშვილის განცხადებით, გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, პერსონალი იძულებული იქნება უკიდურესი ზომა მიიღოს.

„მედიცინის მუშაკთა პროფესიულ კავშირს სასწრაფოში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა მოგვმართეს და გვთხოვეს, რომ დღეს მათთვის სოლიდარობა გამოგვეცხადებინა და გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციაში კიდევ ერთხელ მიგვეღო მონაწილეობა. დღეს კიდევ ერთხელ გავაფრთხილებთ დამსაქმებელს და ვეტყვით, ნუ გვაიძულებენ, რომ მივიღოთ უკიდურესი ზომა. უკიდურესი ზომა ის არის, რომ თანამშრომლები გაიფიცონ. ჩვენ მოვისმინეთ, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ხელფასები იანვრიდან 10%-ით გაიზრდება.

„მოთხოვნა, რომ ხელფასი მეტით გაზრდილიყო, თურმე არარელევანტური ყოფილა და 10%-იანი ზრდით უნდა დავკმაყოფილებულიყავით. ყველამ კარგად ვიცით, რომ ინფლაცია 10%-ზე მეტია, შესაბამისად, ეს 10% სასწრაფოში დასაქმებულებისთვის საკმარისი არ არის. იქნებ დამსაქმებლებმაც და ჯანდაცვის სამინისტრომაც მიიღოს ზომები იმისათვის, რომ მორიგე მედპერსონალი და მძღოლები მოვიდნენ არა აქციაზე, არამედ ოჯახთან გაატარონ თავისუფალი დრო. ჩვენი მოთხოვნა ხელფასის 100%-იანი ზრდა იყო, თუმცა ახლა ეტაპობრივ ზრდაზეა საუბარი”, – განაცხადა ირაკლი ამირანაშვილმა.

პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აქციები ყოველ პარასკევს ჩატარდება და პერმანენტულად გაგრძელდება, სანამ მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share