“თუ დააკვირდებოდით, ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში, თავს ვიკავებდით ყოველგვარი განცხადების გაკეთებისგან, არავითარი აქტივობა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. დღეს, ვივამედმა გაავრცელა ეს განცხადება. დასკვნის გამოტანა ძალიან მარტივია, კიდევ ახალი პროვოკაციაა დაგეგმილი სააკაშვილის მიმართ.
მე არ მგონია, რომ აქ საზღვარგარეთ გადაყვანაზე იყოს საუბარი, იმიტომ, რომ ამის შესახებ მე და სააკაშვილის ოჯახის წევრებს გვეცოდინებოდა. ეცოდინებოდა, თავად სააკაშვილის. ახლახან ვესაუბრე ქალბატონ გიულის და მისთვის მსგავსი რამ ინფორმაცია ცნობილი არ არის. პირიქით, გამიზნულია, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ ან ციხეში ან გლდანის მე-18 ე.წ. სამკურნალო დაწესებულებაში, რაც სააკაშვილისთვის იქნება სასიკვდილო განაჩენის გამოტანა”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
კლინიკის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამაც და აღნიშნა, რომ ვივამედი გადაწყვეტილებებს იღებს არა დამოუკიდებლად, არამედ პენიტენციური სისტემის ბრძანების შესაბამისად. ალასანიაც ფიქრობს, რომ სააკაშვილის ციხეში დააბრუნებენ.
დღეს კლინიკა ვივამედმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ “სავარაუდოდ, იძულებულები” ხდებიან, მიმართონ პენიტენციურ დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა. მათი თქმით, სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკაში და ამ დროის განმავლობაში ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა მკურნალობის სქემა, თუმცა მათი მტკიცებით, სააკაშვილი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე.
სახალხო დამცველის კონსილიუმის ბოლო დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.
დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.
მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.
კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა – მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.
სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.