ოზურგეთისა და დმანისის თეატრებმა ერთობლივი სპექტაკლი – „მესაზღვრე შაშვები“ წარმოადგინეს

ოზურგეთისა და დმანისის თეატრებმა ერთობლივი სპექტაკლი – „მესაზღვრე შაშვები“ წარმოადგინეს – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სპექტაკლ „მესაზღვრე შაშვების“ პრემიერა გაიმართა. წარმოდგენა ოზურგეთისა და დმანისის დრამატული თეატრების ერთობლივი ნამუშევარია. საპრემიერო ჩვენებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, სახელმწიფოს რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, თეატრის მოყვარულთა საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ცნობილი ამერიკელი მწერლის, ნ. საიმონის, ნაწარმოების – „ბილოქსი ბლუზის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორია დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე. ადაპტირებული პიესის ავტორია ნინია სადღობელაშვილი, მხატვარი – თეო კუხიანიძე, მუსიკალური გაფორმების ავტორი – მანანა კიკაბიძე, რეჟისორის ასისტენტები – მაკა მამულაშვილი და გიორგი ბაბილოძე. სპექტაკლში მონაწილეობენ ოზურგეთის თეატრის მსახიობები: ციცი ბუცხრიკიძე, ნიკა ძნელაძე, ჯაბა მორჩილაძე, ირაკლი ურუშაძე, გიორგი ჩავლეშვილი და დმანისის თეატრის მსახიობები: ანა ბანძელაძე, გიორგი გიორგიძე, გია საგინაშვილი, დათო ჩოგოვაძე.
სპექტაკლი „მესაზღვრე შაშვები“ ომისა და ოკუპაციის თემას ეხება. პიესა ახალგაზრდა რეზერვისტების ამბავს გვიყვება, რომელთა ცხოვრების სტილის, პროფესიის, შეხედულებების გათვალისწინებით თითქოს დაუჯერებელია, რომ ისინი შეიძლება წავიდნენ ჯარში, ემსახურონ ქვეყანას და შეცვალონ თავიანთი ცხოვრების გზა. ეს ასპექტი სამხედრო ამბავს საკვირველ მოვლენად აქცევს. ახალგაზრდებს მოუწევთ ისწავლონ, განიცადონ, დაიცვან თავიანთი ღირსება და ოკუპანტებთან ბრძოლაში საკუთარი თავი აქციონ თავგანწირვისა და გმირობის სიმბოლოდ.
სპექტაკლ „მესაზღვრე შაშვებს“ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები მაყურებელს 26 მარტსაც უჩვენებენ.
ცნობისთვის: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონის თეატრები სპექტაკლს ერთობლივად დგამენ. 2022 წლის დეკემბერში სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა პრემიერა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული და სენაკის თეატრების ერთობლივი სპექტაკლისა „მეფე ლირი თავშესაფარში“.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიესალმება რეგიონული თეატრების წარმატებულ შემოქმედებით თანამშრომლობას – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share