ბაღჩის ფხალი შეჭამადად მზადდება შემდეგნაირად: დანაყილი ნიგოზი, ძმარი, [ტყემალი ან ბრეწოული], ქინძი, ნიორი და მარილი აურიეთ ერთმანეთში და შეაზავეთ ხსენებული ფხლები. ჭიჭილაყა, როცა ჩვილია, უნდა უყოთ ძმრის მაგიერ მკუხი – უმწიფარი ყურძნის მტევანი დაინაყოს და წვენი უყოთ – ეს არის მკუხი, როცა დაბერდება, მაშინ კი ძმარი უნდა უყოთ.
.
ლობიო ნედლი [პარკებად]: ქონალობიო, წითელი ლობიო, ქოქიე ლობიო, უნდა მოხარშოთ, გასწუროთ, შემდეგ შეაზავოთ ძმარში ან ბრეწოულში. პილპილი, ზაფრანი, შაშტრამი, ქინძი და ნიორი, აურიეთ ერთად მოხარშულ ლობიოს და მზად იქნება. ხმელი ლობიო ჩააყენეთ თიხის ქოთანში და მოხარშეთ, შემდეგ უყავით იგივე სანელებელი და წამოადუღეთ და შელესეთ. ქონალობიოს ამოლესვა არ უნდა.
.
კეჟერა ფხალი საზამთროდ დამჟავდება ასე: ჯერ მოინწალება [მდუღარე წყალში ამოივლება], შემდეგ გაცივებული ჩაეწყობა ჭურში ფენებად. თითო ფენას მოეყრება მარილი, მონწალული ნიახური ძირიანად და ბაბილოს [ვენახის] ფურცელი და პილპილი, ზედ მოეწყობა მეორე ფენა და ამგვარად აამსებენ ჭურს. ზედ დაასხამენ ნიახურის ნახარშს და კარგად დაახურავენ თავზე. ზამთრისთვის დამჟავებული იქნება.
.
მჟავე ლეჟერა ასე მზადდება საჭმელად: უნდა კეჟერა დაიჭრას წვრილ-წვრილად, დაინაყება მარილი, ნიორი, ქინძი და მძაღე, აირევა ძმარში, ზედ წაეჭრება პრასა, მაკიდო და მზად იქნება.
.
სოკოკვერცხი [სოკო] მზადდება ასე: ჯერ მოიხარშოს როგორც ქათამი, უნდა დაიდვას ზედ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ქინძი, მარილი და ძმარი დაესხას. ასევე მზადდება მანჭკორა [სოკო], რომელიც ჩნდება დამპალს წიფლის მორზე და ტყემლის ხეზე.
.
სოკომჭადაც [სოკო] ასევე მზადდება. ბადრიჟანი ჯერ უნდა მოიხარშოს და დაიწუროს ან ხელით ანდა ორს ძელს შუა, გადააჭრათ უნდა ხახვი და მაკიდო. შეაზავეთ დანაყილი ნიგოზი, ქინძი, ნიორი, პილპილი, მარილი, შეაზავეთ ძმარში, აურიეთ ბადრიჟანში და მზად იქნება.
.
ცერცვის შემზადება: ოქროს ცერცვი ნედლი [პარკი] მოიხარშება, როგორც ნედლი პარკი ლობიო, მიწის ცერცვის კი მარტო კაკალი მოიხარშება. შემზადება უნდა როგორც პარკ ლობიოს.
.
ხანჭკოლას შემზადება: ხანჭკოლა მოიხარშება და მოხარშული გამქანვარე მდინარე წყალში ჩაიდგმება მეჩხრად დაღობილ კალათით, დაჯორგვენ და დატოვებენ შიგ დასაბწნელად შვიდ-ცხრა[7-9] დღეს ან მეტს, ამას ჰქვია დაბწნა. შემდეგ მარილს მოაყრიან და სჭამენ. კანს შემოაცილებენ ჭამის დროს.
.
მენიკი ჩიჩუა, ჩაწერილია ჩოხატაურში 1936 წელს (შინამრეწველობის მასალები (პირველ–ასლები) შეკრებილი ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით)
.
კარიკატურა ჩოხატაურის ბაზრობა1928 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა