გურული სამზარეულო – წველისაგან საჭმელების შემზადება-გაკეთება და სამზარეულოს ნივთები

რძე-კვერცი
.
რძე-კვერცხი მზადდება ასე: როცა რძე ადუღდება, შიგ ჩაითქვიფება კვერცხები; უნდა ჩაერთოს მარილი, ქონდარი და ნიორი. როცა კვერცხები მოიხარშება, მზად არის.
ნადუღარა
.
სველს [რძიდგან ყველის ამოღების შემდეგ დარჩენილი წვენი] მივადგამთ ქოთნით ცეცხლზე, ადუღების შემდეგ დავდგამთ ცალკე. რომ გაცივდება, ნადუღი მისით მოიყრის თავს ქოთანში. ქოთნიდგან ჩავასხამთ ნარმის თხელს ტომარაში [პატარა კუშტულიანი ნარმის ტომარა]. დავკიდებთ და დაიწურება და ტომარაში ნადუღარა დარჩება. შემზადდება მარილით და ომბალოთ, დანაყილით, და მზად იქნება. ნადუღარადამ დაწურულს წვენს ჰქვია წურუქა.
.
რძეში გადაზელილი ყველი
.
ყველი დაიჭრება ბრტყლად, კარგია ჩვილი და მარილნაკლები ყველი, და ჩაიწყობა ადუღებულ რძეში. დუღილის დროს ხის კოვზით ზელავენ, როცა ყველი მიხარშება და ზელით გადაგბება, დაურთავენ დანაყილს მარილს, ნიორს და ონჭოს [ონჭო არის ბაღჩის სუნელი] და მზად იქნება.
.
ქაქიე
.
ქაქიე კეთდება სველისაგან. სველში ადუღებამდის გაიძვრის გამერდინებული [სუფთა თვლებიანი საცერი] ჭადის ფქვილი. დუღილის შემდეგ შესქელდება და მზად იქნება.
.
ქაში
.
ქაში მზადდება ასე: წინ-წინ მოიხარშება ბრინჯი ცალკე წყალში, გადაშრება [წყალი გამოეცლება დუღილში] ზედ უნდა დაესხას რძე, მირთვა უნდა ცოტა მარილის და შაქრის, იდუღოს და ქაში მზად იქნება. ხშირად ქაშს ბრინჯის მაგიერ პურის ფქვილს ან პიპკ [ძალიან სუფთად დაფქვილს] ჭადის ფქვილს აურევენ და ხარშავენ. იშვიათ შემთხვევაში კარტოფილის ფქვილსაც ხმარობენ.
სამზარეულოს მოწყობილობა:
.
ძველად ჩვენში ვისაც ცოტა შეძლება ჰქონდა, სამზარეულოს იკეთებდა ცალკე შენობაში, თუ არადა საცხოვრებელი სახლის ბოლოს [უკან] მოადგამდენ ახორს და შიგ სამზარეულო ჰქონდათ მოწყობილი. უღარიბეს მცხოვრებლებს სამზარეულო და საცხოვრებელი სახლი ერთი ჰქონდათ.
.
საჭმელს იქავე ამზადებდენ, სადაც თვითონ ცხოვრობდენ. ეხლაც ბევრია ჩვენში ასეთები. სამზარეულოს მოწყობილობა ძველადაც და ეხლაც არის უბრალო. შიგ კედელზე ერთს კუთხეში იყო მიჭედილი მუზანდარა [შკაფი-კარადა], სადაც ინახებოდა სამზარეულოს ჭურჭლეულობა და მზა საჭმელებიც და წვრილმანი ნივთები.
საჭმელს ამზადებდნენ შუა ცეცხლზე, რომლის პირდაპირ ოჯინჯალაზე ცამოკიდებულია ხის კაკვი ან რკინის ჯაჭვი; საცეცხლურს აქვს კერია [დიდი და მოგრძო ქვა], რომელზედაც იწყობა გრძელი შეშები. ინთება ცეცხლი და მზადდება საჭმელები. სამზარეულოში ინახებოდა და ეხლაც ინახება
.
სამზარეულოს საჭირო ნივთები:
.
ქვის კეცები [სხვადასხვა ზომისა და ასეთივე თიხისა] კელამიდა.
.
გვიმი [ქფილის შესანახი ხის ან თიხის ჭურჭელი].
.
საცრები [სიმინდის და პურის ფქვილის გასაცრელი], მერდინი და უბრალო საცერი.
.
გობები [სხვადასხვა ზომისა და] ბარქაშები [პატარა გობები]. კარდლები [სხვადასხვა ზომისა] კაპჭანა [პატარა კარდალი].
.
ლაფერა [ღომის დასამზადებელი ბრტყელი კოვზი]. ჩოგანი [სუფთა მრგვალი ჯოხი. სიგრძე სამი-მეოთხედი არშინი, სისქე ორი-სამი სანტიმეტრი, ღომის დასაზელი].
.
ფილი [ხისა] ქვიჯა სანაყი ქვით. ქოთნები [თიხის სხვადასხვა ზომისა] კოჭოპი [ პატარა ქოთანი]. კოვზები ხისა [სხვადასხვა ზომის]. სამარილე [მარილის შესანახი ჭურჭელი]. ჩახანა – [თუჯის ქვაბები სხვადასხვა ზომებისა]. ჯამები ხისა და თიხისაც. თუნგები.
.
თიხის ჭურჭლები: ჩაფები, კოკა, დერგები სამჟავებელი, დოქები დიდი და პატარები ლაგინა[პატარა დოქი], ჭარიკა [პატარა კოკა].
.
მენიკი ჩიჩუა, ჩაწერილია ჩოხატაურში 1936 წელს (შინამრეწველობის მასალები (პირველ–ასლები) შეკრებილი ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით)
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share