“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის – თინათინ ბოკუჩავა თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, თუმცა ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც უამრავ “საცეცს” ტოვებს. ყველაზე მძლავრ მოთამაშედ კი ბოკუჩავა კვლავაც “ნაციონალურ მოძრაობას” მიიჩნევს:
მან ინაუგურაციაზეც ილაპარაკა. ბაიდენის მიერ ენტონი ბლინკენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ასევე, CIA-ის დირექტორის დანიშვნაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთთან მიმართებით მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება. ენტონი ბლინკენმა პირდაპირ მიანიშნა, რომ ნატოში გაწევრება არ არის რუსეთის პრეროგატივა, რომ ეს, უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაში, ამ ქვეყნების ავტონომიური გადაწყვეტილებაა, რომელიც თავად
უნდა მიიღონ და მასზე გავლენა რუსეთს ვერ ექნება. ივანიშვილს ძალიან კარგად ესმის, რასაც ნიშნავს ეს ცვლილებები. ისიც კარგად იცის, რომ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, რადგან 31 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხდნენ – გააყალბეს და გასამარჯვებლად, ფაქტობრივად, გადაწერეს შედეგები. სწორედ ყველაფრისთვის თავის ასარიდებლად გადადგა ეს ნაბიჯი, ფორმალურად, რათა თვალი აეხვია ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ არავინ არის ისეთი მიამიტი, ეს დაიჯეროს. თითქოს, ის არ არის მთავარი პასუხისმგებელი პირი იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება… რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, მის ლეგიტიმაციას არ ახდენს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი. ლეგიტიმაციას ახდენს ქართველი ხალხი, რომლის უმრავლესობა, მათ შორის – “ქართული ოცნების” წიაღშიც, დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა და ამიტომაც არ გააჩნია ლეგიტიმაციის ის ხარისხი, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა ჰქონდეს. ნიშანდობლივია, რომ ივანიშვილს არც ერთმა დემოკრატიული სახელმწიფოს მეთაურმა არ მიულოცა გამარჯვება, რატომ? იმიტომ, რომ ყველას კარგად ესმის, რა მოხდა სინამდვილეში – მძიმე დარღვევებს ვგულისხმობ. ამ დარღვევებზე საუბრობდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს.
სულ რომ იზოლაციაში მოიქციოს თავი, შუშის კოლბაში ჩაჯდეს და ჩახსნას ყოველგვარი საკომუნიკაციო არხი “ოცნების” წევრებთან, აქ მაინც უამრავი “საცეცი” რჩება – ისინი ინერციით ბოლომდე მისი დავალებების შემსრულებლებად დარჩებიან. აბა, ტიკარაძე შინაგანი მრწამსის ან პოლიტიკური გამოცდილების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებებს? ეს ხომ ღიმილის მომგვრელია. ივანიშვილს პირადი კადრები ჰყავს, რათა აკონტროლოს ქვეყანაში მიღებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ საღად და გონივრულად. არჩევნებით დამტკიცდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ოპოზიციას უჭერს მხარს. ოპოზიციის მიმართ მოლოდინი დიდია, ხალხი მათ მოიაზრებს ამ ქვეყნის რეალურ და ლეგიტიმურ მთავრობად, ადამიანებად, რომლებმაც მოიპოვეს ხმების უმრავლესობა.
“კვირის პალიტრა”