ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 ტალღას დაიწყებს და შეეცდება შეაჩეროს სანქციების თავიდან არიდების ძალისხმევა, – ამის შესახებ ევროკმისარმა ფინანსურ საკითხებში, მეირიდ მაკგინესმა განაცხადა.
„ევროპამ სანქციების 10 პაკეტი გამოაქვეყნა. ჩვენ გვექნება კიდევ ერთი პაკეტი“, – განაცხადა მეირიდ მაკგინესმა.
მისი თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების გარდა, ბრიუსელი ასევე შეეცდება უზრუნველყოს სანქციების ეფექტურად განხორციელება, რათა ფიზიკურმა პირებმა და ორგანიზაციებმა მათი გვერდის ავლა ვერ მოახერხონ.
„ჩვენი ინფორმაციით, სანქციები მოქმედებს და მეტს გავაკეთებთ, მაგრამ უნდა მივაქციოთ ყურადღება მათ სრულ განხორციელებას. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვერ იპოვიან გზებს ჩვენი სანქციების თავიდან ასაცილებლად და არაერთხელ მითქვამს, რომ რაც უფრო ღრმაა ჩვენი სანქციები, მით უფრო ეფექტურია და მით უფრო მეტად ეძებს რუსეთი ამ გზებს, სხვა ქვეყნების თუ სხვა საბანკო ანგარიშების საშუალებით სანქიცებისთვის გვერდის ავლის გზებს“, – აღნიშნა ევროკომისარმა.
მისი თქმით, არ შეიძლება იმ ძალისხმევის სათანადოდ არ შეფასება, რასაც რუსეთი სანქციების თავიდან ასარიდებლად იყენებს.
”არასათანადოდ ნუ შეაფასებთ ძალისხმევას, რომელსაც რუსეთი, თავის მეგობრებთან ერთად, ჩვენი სანქციების თავიდან ასაცილებლად ახორციელებს – სანქციები გავლენას ახდენენ რუსეთის ეკონომიკაზე, ისინი გავლენას ახდენენ რუსეთის ომის მანქანაზე“, – აღნიშნა ევროკომისარმა.
მეირიდ მაკგინეს დაუსვეს შეკითხვა, აპირებს თუ არა ევროკავშირი დაასანქციროს ქვეყნები, რომლებიც რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებიან, რაზეც ევროკომისარმა უპასუხა, რომ ბლოკი ორიენტირებულია ინდივიდებსა და ორგანიზაციებზე.