კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის კვორუმის არ არსებობის შესახებ საუბრობს და განმარტებას აკეთებს.
როგორც ხმალაძე აცხადებს, ბოიკოტის მექანიზმის გამოყენება უმრავლესობის მიერ ეწინააღმდეგება ზოგადად პარლამენტარიზმის პრინციპებს, რადგან უმრავლესობას ხელში აქვს გადაწყვეტილების მიღების იარაღი.
არსებობს პარლამენტარიზმის პრინციპები, საფუძვლები და ყველაფერი ასე დეტალურად არ იწერება ხოლმე. ბოიკოტის მექანიზმი საზოგადოდ, ეს არის ოპოზიციის ხელში იარაღი, რომ ზემოქმედება მოახდინო საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებაზე, ასევე, ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე.
ბოიკოტის მექანიზმის გამოყენება უმრავლესობის მიერ არის ყოვლად უაზრო რამ და ეწინააღმდეგება ზოგადად პარლამენტარიზმის პრინციპებს, რადგან უმრავლესობას ხელში აქვს გადაწყვეტილების მიღების იარაღი, იმიტომ რომ ისინი უმრავლესობაში არიან.
ოპოზიციას ამის საშუალება არ აქვს, რადგან ის უმცირესობაშია. ამიტომ, ოპოზიცია იყენებს ბოიკოტის მექანიზმს იმისათვის აჩვენოს საზოგადოებას, რამდენად მიუღებელია უმრავლესობის მოქმედება, რომ ისინი პროტესტს აცხადებენ.
უმრავლესობის მიერ ბოიკოტის გამოყენება ეს არის უარის თქმა იმ ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც მათ აკისრიათ როგორც პარლამენტის წევრებს. შეიქმნა აბსურდული ვითარება, რეგლამენტის თანახმად, კენჭისყრის წინ რეგისტრაცია იმართება და ჩვენი რეგლამენტის თანახმად თუ რეგისტრაცია არ გაიარა 75-ზე მეტმა წევრმა, მაშინ კენჭისყრა აღარ იმართება, რადგან რეგლამენტში გვიწერია, რომ პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ სხდომას ესწრება ნახევარზე მეტი“, – აღნიშნა ხმალაძემ.
ვახტანგ ხმალაძე განმარტავს რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
„თავისთავად ეს ნორმა, ჩემი აზრით არის პრობლემური, რადგან არაერთი გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არის პარლამენტი წევრთა არანაკლებ მესამედის ხმა. ესე იგი 50 ხმაც კი არის საკმარისი გარკვეულ პირობებში, მაგალითად კანონის მისაღებად, მაგრამ რეგლამენტში წერია, გინდა თუ არა სხდომას უნდა ესწრებოდეს 75-ზე მეტი წევრი.
თავის დროზე ეს ნორმა ჩაიწერა იმ დროს, როდესაც ზურაბ ჟვანია იყო პარლამენტის თავმჯდომარე და მაშინ მახსოვს, მე ვეუბნებოდი რომ „უნდა ესწრებოდეს იმდენი წევრი, რამდენი ხმაც არის საკმარისი კონკრეტული გადაწყვეტილების“ მისაღებად. თუ გადაწყვეტილების მიღებას ჰყოფნის 50 ხმა, სხდომაზე უნდა იყოს 50 კაცი ანუ რეგისტრაცია უნდა გაიაროს 50-მა კაცმა.
მაშინ ჟვანია ამის წინააღმდეგ წავიდა, იმ მოტივით რომ „ჩვენ თუ ამას ჩავწერთ ხალხი საერთოდ აღარ ივლის სხდომებზეო“. ასეთი მოსალოდნელი ქცევა პარლამენტის წევრთა მხრიდან იყო მიზეზი იმისა, რომ ასე ჩაიწერა და ამის პარალელურად ჩაიწერა ის, რომ თუ გააცდენ სხდომებს, გამოყენებული იქნება ფინანსური სანქცია, მაგრამ ჩვენი პარლამენტის წევრებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მათ საკმარისად დიდი შემოსავლები აქვთ პარლამენტის გარეთაც.
რას ქმნის ეს ვითარება ახლა? პარლამენტს მისაღები აქვს კანონები. კანონის მიღებას კენჭისყრა სჭირდება. სხდომაზე რეგისტრაციას გადის 75-ზე მეტი დეპუტატი, განიხილავენ კანონპროექტებს და შემდგომ უნდა გაიმართოს კენჭისყრა, კენჭისყრის წინ უნდა ჩატარდეს რეგისტრაცია, თუ ამ რეგისტრაციის დროს 75-ზე მეტი დარეგისტრირდა, მოუწევთ კენჭი უყარონ საგამოძიებო კომისიის შექმნასაც და საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საკმარისი იქნება 50 ხმა.
ამიტომ, არ გადიან ახლა რეგისტრაციას. იმიტომ არ გადიან რეგისტრაციას, რომ კენჭისყრა არ მოუწიათ, რადგან თუ 50 ოპოზიციონერი ზის დარბაზში, მაშინ საგამოძიებო კომისია შეიქმნება. შესაბამისად რა ვითარება შეიქმნა? თუ 50 ოპოზიციონერი ზის დარბაზში, უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაციას და ვერ მიიღებენ ვერანაირ გადაწყვეტილებას. არცერთი კანონი არ იქნება მიღებული.
ეს არის სრული აბსურდი, პარლამენტი ფაქტობრივად უარს აცხადებს თავისი ვალდებულებების შესრულებაზე. ვფიქრობ, ასეთი გათვლა აქვთ, რომ ოპოზიციაში საგამოძიებო კომისიის შექმნის ხმის მიმცემები არის 50-51 კაცი. ადამიანები ვართ და ზოგი ავად ხდება, ზოგს მივლინებაში უწევს წასვლა, უმრავლესობა ეცდება შეარჩიოს ის მომენტი როცა სასესიო დარბაზში არ იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნის ხმის მიმცემები, ამ დროს გაივლიან რეგისტრაციას, კენჭისყრებს, კანონებს მიიღებენ რაც მისაღებია, კენჭს უყრიან საგამოძიებო კომისიასაც, თუ 50-ზე ნაკლები იქნებიან, ხმას ვერ მოაგროვებს კომისია, შემდეგ ჩავარდება და ასეთი კომისია ამავე დანიშნულებით ვეღარ დაისმება პარლამენტში მომდევნო 6 თვის განმავლობაში.
6 თვე იქნებიან მშვიდად და კომისია ვეღარ შეიქმნება. ვფიქრობ, გათვლა ამაზეა. ახლა რამდენ ხანს შეძლებს ოპოზიცია, რომ შეინარჩუნოს რეგისტრაციის მომენტისთვის ყოველთვის იყოს სულ ცოტა 50 წევრი მხარდამჭერი საგამოძიებო კომისიის შექმნისა, ეს არ ვიცი“, – დასძინა ვახტანგ ხმალაძემ.