უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან გამოყვანის ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტმა დაგეგმა, საქართველოს ხელისუფლება კი ამ ფაქტს მალავს.
მამულაშვილის თქმით, სამხედრო დაზვერვის სტრუქტურაში შედის ქართული ლეგიონიც და მათ ამ ოპერაციის შესახებ იცოდნენ.
“სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი არის ის სტრუქტურა, რომელშიც ქართული ლეგიონიც შედის. ამ ოპერაციის დაგეგმვის შესახებ ჩვენც ვიცოდით. სპეცოპერაცია იყო ჩატარებული სწორედ სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მიერ და საქართველოს მოქალაქეები უკრაინის მოქალაქეებთან ერთად იყვნენ ფაქტობრივად გათავისუფლებულები და გადმოყვანილი უსაფრთხო ზონაში.
ეს სპეცოპერაცია მთლიანად არის ჩატარებული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის მიერ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ამას მალავს და ფაქტობრივად, მადლობის მაგივრად არც კი ახსენეს რომ ეს არის უკრაინელი ძალოვნების მიერ ჩატარებული ოპერაცია” – განაცხადა მამულაშვილმა.
ქართული ლეგიონის თქმით, უკრაინულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეების გადარჩენის ვალდებულება რამდენჯერმე აიღო, მათ შორის აფხაზეთის ომში მონაწილეობითაც.
მამულაშვილის თქმით, ფაქტი, რომ ომში ჩართული უკრაინა დაეხმარა საქართველოს მოქალაქეებს არის იმის დასტური, რომ „საქართველოს მთავრობა არ ზრუნავს თავის მოქალაქეებზე“.
მისი აზრით, საქართველოს მთავრობის ქმედებები “არის რუსეთისადმი ლოიალობის ნიშანი”, საქართველოს მთავრობას “უკრაინის ხსენებისაც ეშინია”, რისი მიზეზიც ისაა, რომ “ის კრემლის დაკვეთებს ასრულებს”.
მისი თქმით, უკრაინაში ძალიან ცუდად ფასდება ის, რომ „საქართველოს მთავრობამ არც ერთხელ ახსენა, რომ სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში “მთლიანად ჩართული იყო უკრაინული ძალოვანი სტრუქტურა”.