ჰასან ბეგი თავდგირიძე გურიაში დიდად საპატივცემულო კაცი ყოფილა, განსაკუთრებით კი 1841 წლის აჯანების დროს მოუხვეჭია დიდი სახელი. თუმცა მერე დროება შეიცვალა და 1853 წლის 11 ოქტომბერს რუსეთ თურქეთის ომი დაიწყო. იმავე წლის 15 ოქტომბრის ღამეს კი 5000 თურქი ჯარისკაცი და ბაშიბუზუკი ჰასან და ალი ბეგ თავდგირიძეებისა და დედე აღას მეთაურობით თავს დაესხა შეკვეთილში არსებულ წმინდა ნიკოლოზის ფორტს.
.
ფორტს 500 კაციანი გარნიზონი იცავდა, რომელშიც რუსებზე უფრო მეტი გურულები იყვნენ გიორგი გურიელის მეთაურობით. თურქებმა ფორტი აიღეს, ბრძოლაში დაიღუპა გიორგი გურიელი და გარნიზონის დიდი ნაწილი. 1854 წელს კი თავდგირიძის მეთაურობით თურქების მიერ ოზურგეთის დაკავება მოხდა, შემდეგ ნიგოითის ბრძოლაში თავდგირიძემ სახელი კი არა თავიც დაკარგა.
.
ჰასანბეგის ავტორიტეტზე ეგნატე ნინოშვილიც წერს და თანაც უთითებს, რომ ცნობილი გურული სიმღერა „ჰასან-ბეგურა“ მისივე გამოთმული ყოფილა – „დიდსა და პატარას ამ დროს გურიაში ჰასან ბეგი უტრიალებდა ენაზე და ქებას ასხამდნენ. ასე გასინჯეთ. ამ ბეგის შეთხზული სიმღერა ჰასან-ბეგურიც კი მაშინათვე გადმოიღეს და გახდა გურიაში პირველ სახალხო სიმღერად.“
.
ზემოხსენებულ აზრს იური სიხარულიძე არ იზიარებს – „ასეთი შეხედულება სწორი არ არის ამ სიმღერის წარმოშობა აღნიშნულ ხანაზე გაცილებით უფრო ადრეა საგულისხმებელი. „ჰასან-ბეგური“ ორპირი სიმღერაა, აკ. ნ. ბერძენიშვილის აზრით ეს გარემოება მისი სიძველის დამადასტურებელია.
.
რატომ უნდა მიეჩნია ხალხს ჰასან ბეგი სიმღერის გამომთქმელად? ჩვენი აზრით ხალხის ამ რწმენის საფუძველი ორი გარემოება უნდა ყოფილიყო.
.
1. ალბად ჰასან ბეგ თავდგირიძე ამ სიმღერის ორიგინალური შემსრულებელი უნდა ყოფილიყო, რის გამო ხალხმა მას ჰასან ბეგისებრ თქმას ჰასან ბეგური უწოდა, ხოლო უფრო გვიან სახელწოდების (ჰასანბეგური) მიხედვით, ეს ბეგი მის გამოთქმელადაც აღიარა.
.
2. შეიმჩნევა, რომ გურიაში პოპულარ ძველ ქართულ საგუნდო სიმღერათა ერთი ნაწილი ქვემო გურიიდან (ბათუმი, ქობულეთი) მომდინარეობს. ჰასანბეგურიც ქვემო გურიაში, კერძოდ, ქობულეთში უნდა იყოს შექმნილი. საფიქრებელია, ეს გარემოება საფუძვლად ამ სიმღერის ავტორობის ხალხურ ვერსიას.“
.
1853 წლის შემდგომ გურულების დამოკიდებულაბაზე ჰასან ბეგის მიმართ ნათლად მეტყველებს რუსი სამხედრო ისტორიკოსის ბ. კოლიუბაკინის ჩანაწერი, რომელმაც 1877 წელს გურიაში ნახა და მოისმინა ჰასანბეგურას შესრულება – „ეს ცეკვა რომელშიც მონაწილებენ მხოლოდ კაცები მიმდინარეობს სიმღერის თანხლებით. სიმღერებდან რომელსაც გურიაში მღერიან მათთვის განსაკუთრებული მანერით ერთი გამოირჩევა თავისი საბრძოლო ხასიათით, ეს სიმღერა აღწერს ნიგოითის ბრძოლას რომელშიც მოკლეს ჰასან-ფაშა, მისი მოკვეთილი თავი კი გურულებმა შუბზე წამოაგეს; ახლა როდესაც ამ სიმღერას მღერიან, ერთ მომღერალს, რომლიც ქოროს წინ დგას ხელში უკავია მაღალი შუბი, რომელზეც თავის მსგავსი საგანია ჩამოცმული ჰასან-ფაშას მოკვეთილი თავის ნიშნად.“
.
ე. ნინოშვილი – „ჯანყი გურიაში“, თხზულებათ სრული კრებული (1954).
ი. სიხარულიძე – „ჰასანბეგურას შესახებ“, გაზეთი „ბრძოლის დროშა“ (1956 წ. #1)
ი. სიხარულიძე – “გლეხთა აჯანყება გურიაში 1841 წ.” (1956 წელი)
Колюбакин, Борис Михайлович Воспоминания офицера Кобулетского отряда в кампанию 1877-78 гг (1897)
ილისტრაცია – თურქული ბატალიონის შეტევა შეკვეთილის სიმაგრეზე 1853 წლის 15 სექტემებრს
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა