რისთვის დადიან და რას სწავლობენ ქართველი მოსამართლეები ამერიკაში

მას შემდეგ, რაც ოთხმა მოსამართლემ კოლეგების სანქცირების შემდეგ, აშშ-ში წასვლაზე ერთი კვირით ადრე თქვა უარი, მათი ადგილი სხვებმა დაიკავეს. ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პროგრამა გადაარჩინეს და გარისკეს თუ არა მათ საკუთარი კარიერით, როდესაც გავლენიანი მოსამართლეების სოლიდარობას არ შეუერთდნენ?

მადონა მაისურაძე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა. იგი აქამდე ორი სხვადასხვა სასწავლო პროგრამით იყო შტატებში, მათ შორის, შარშან გაიარა ის კურსი, რასაც ახლა მისი კოლეგები ესწრებიან ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში.

ვიზიტის დროს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლეები ძირითადად ეცნობიან, როგორ მუშაობს ამერიკაში ნაფიც მსაჯულთა პრაქტიკა და რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს სასამართლო ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვისას.

ატლანტაში მიმდინარე პროფესიულ სემინარზე, რომელსაც ამერიკის მოქალაქეები აფინანსებენ, მოსამართლეები უშუალოდ თარჯიმნის დახმარებითა და მასპინძელი ამერიკელი მოსამართლის თანხლებით აკვირდებიან შტატებში სისხლის სამართლის საქმეების წარმოებას. ასევე ყველა მოსამართლეს თითქმის ინდივიდუალურ მენტორობას უწევენ ამერიკელი მოსამართლეები.

აშშ-ს საელჩოს პროგრამები ასევე მოიცავს ტრენინგებსა და კონფერენციებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე, სასამართლო დარბაზის მართვასა და მართლმსაჯულების სისტემის სხვა საკითხებზე.

გასულ წელს 26-მა ქართველმა მოსამართლემ გაიარა სასწავლო პროგრამა.

“რამდენიც არ უნდა წაიკითხო, რამდენ კვლევასაც არ უნდა გაეცნო, უშუალოდ, როდესაც პროცესებში ხარ ჩართული, ხედავ და ყველაფერს აკვირდები, ბუნებრივია, ცოდნა გემატება”, – ამბობს მადონა მაისურაძე და იხსენებს ატლანტაში, კობის [ზედა ინსტანციის] საოლქო სასამართლოს სხდომებს, რომლებზეც მკვლელობებისა და სხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულების საქმეებს ნაფიცი მსაჯულები ისმენდნენ.

“ეს [სემინარი] მოიცავს ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესს, განხილვას და ვერდიქტის მიღებას, რაც ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. სასამართლო განხილვები დილის 10 საათიდან იწყება და საღამოს 5 საათამდე გრძელდება. თავისთავად, ამას ვესწრებოდით…”, – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ, მისი აზრით, ეს გამოცდილება საინტერესო იქნებოდა იმ მოსამართლეებისთვის რეგიონებიდან, რომლებმაც წელს კოლეგების სანქცირების შემდეგ უარი თქვეს აშშ-ში გამგზავრებაზე.

მათ შორის იყვნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან ნანა ჯოხაძე და ბათუმის სასამართლოდან თამარ ბეჟანიშვილი. მაშინ იუსტიციის საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა მოსამართლეების ეს ნაბიჯი სანქცირებული კოლეგებისადმი “სოლიდარობის გამოცხადებად” შეაფასა.

“ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ნაფიცი მსაჯულების სასამართლო აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის პროცესია. თუ მართლა შენი თვალით არ ნახე, ძალიან გაჭირდება ამ გამოცდილების დაგროვება, ამას წლები სჭირდება”, – ამბობს მოსამართლე მადონა მაისურაძე, რომელიც, ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის “უცხოა” კოლეგების მხრიდან “სოლიდარობის აქტების” გამოხატვა და გაუგებარია, რატომ ხდება ეს მაინცდამაინც ამერიკული სასწავლო პროგრამების შემთხვევაში.

“მართალი გითხრათ, არ მესმის, არც გამოცდილება არსებობს ამისი, ზოგადად, ჩვენ ერთმანეთისგან არც ვითხოვთ სოლიდარობას, რადგან პოტენციურად, ამან შეიძლება, მიკერძოების ნიშნებიც გააჩინოს. შეიძლება აღმოჩნდეს სიტუაცია, როცა მოსამართლეც თავად იყოს მხარე სასამართლოში… შარშანაც იყო სოლიდარობის შემთხვევა [როცა “მთავარი არხის” გენდირექტორის, ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა, მოსამართლეთა ნაწილმა შტატებში გამგზავრებაზე უარი თქვა – რ.თ.] და მაშინ სანქცირება არ ყოფილა მიზეზი, ახლა ეს არის. ვფიქრობ, ამ ორი საკითხის გაერთიანება მაინცდამაინც მიზანშეწონილი არ არის”, – ამბობს მოსამართლე.

ატლანტის პროფესიულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თამარ ბეჟანიშვილსა და ნანა ჯოხაძესთან ერთად კიდევ ორი მოსამართლე უნდა გამგზავრებულიყო – თბილისის საქალაქო სასამართლოდან კონსტანტინე კოპალიანი და ბადრი კოჭლამაზაშვილი.

გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე, მათგან ნაწილმა სანქცირებული კოლეგების მიმართ სოლიდარობის, ნაწილმა კი “ვიზიტის მკვეთრად პოლიტიკური მნიშვნელობის” მიზეზით თქვა უარი წასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი და მზაობა მანამდე განაცხადის შევსებით დაადასტურეს.

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს მხოლოდ ერთ, მეხუთე მონაწილეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიეშვილს.

ნინო ელიეშვილი 2007 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა. იგი 2019 წლიდან უვადოდ არის გამწესებული თანამდებობაზე. ელეიშვილი კიდევ ორ მოსამართლესთან, ლია ორკოდაშვილსა და მაია ქოქიაშვილთან ერთად განიხილავს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლას და ტელეკომპანია “იმედში“ სპეცრაზმის შეჭრას ეხება.

ვიზიტი რომ არ ჩაშლილიყო, მასში მონაწილეობას სხვა მოსამართლეებიც დათანხმდნენ, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძე და გორის სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე, ლევან დარბაიძე. ისინი გასულ წელსაც იყვნენ აშშ-ის საელჩოს სასწავლო ვიზიტში ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში.

ეკა არეშიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლეა 17-წლიანი გამოცდილებით. ოთხ კოლეგასთან ერთად (ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური და თამარ ხაჟომია) გასულ წელს მან მოსამართლეთა გამოხატვის შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ეკა არეშიძის პორტფოლიოშია ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული “ხორავას ქუჩის საქმე”. მისი განაჩენით, ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა, მეორე კი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ, რაც იმას ნიშნავდა, რომ არასრულწლოვნის მკვლელი პროკურატურას იდენტიფიცირებული არ ჰყავდა.
“ქართული ოცნების” იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა “ხორავას ქუჩის საქმეზე” განაჩენი სასამართლოს წარმატების მაგალითად მოიყვანა “იმედთან” ინტერვიუში: “… ის მოსამართლე, რომელიც არ დაეთანხმა პროკურატურის მიერ დადებულ გამოძიების შედეგებს, ეკა არეშიძე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ დაამტკიცა რამდენიმე დღის წინ. ამ შემთხვევაში რომელ სასამართლოში კლანზე საუბრობენ?!” – თქვა ივანიშვილმა 2019 წლის აპრილში.
გასული წლის ოქტომბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ აშშ-ში მოსამართლეების ვიზიტების შეფასებისას თქვა ფრაზა: “ხუთი დღით წავლენ, დაათვალიერებენ შენობებს…”. ამ განცხადებას ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა ეკა არეშიძე და დაწერა: “[…] მაოცებს, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც შენობების მეტი არაფერი დაამახსოვრდა ამ ვიზიტებით, იმედია ასეთები უმცირესობაში არიან. მადლობა ყველა იმ ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას, ვინც წლებია იღვწის და უამრავ რესურსს ხარჯავს ქართული სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის“.

 

ლევან დარბაიძე გორის რაიონული სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეა, თითქმის 10-წლიანი გამოცდილებით. 2021 წლის ნოემბერში იგი 20-ზე მეტ კოლეგა მოსამართლესთან ერთად გაემიჯნა იმ განცხადებას, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის პასუხად გაავრცელა; ლევან დარბაიძე ასევე ხელს აწერდა კოლეგების იმ განცხადებას, რომლითაც გაკრიტიკებულია “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებები. მაშინ მოსამართლეები წერდნენ, რომ ამ ცვლილებებით მათ ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას ექმნებოდა საფრთხე. კერძოდ, მარტივდებოდა მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, მოსამართლეთა ნებართვის გარეშე მივლინება, დასაშვები ხდებოდა მოსამართლეთა სანქცირების მიზნით მათი სხვა სასამართლოში გადაყვანა, დაქვეითება და კრიტიკული აზრის გამო დევნა. საბოლოოდ, პარლამენტმა ეს ცვლილებები დაამტკიცა.

სემინარის კიდევ ერთი მონაწილე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ჩიხლაძეა.

თამარ ჩიხლაძე 2016 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2017 წლიდან იგი უვადოდ გაამწესეს. ისიც ერთ-ერთი იყო 20-ზე მეტი მოსამართლიდან, ვინც 2021 წლის ნოემბერში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელებულ, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას გაემიჯნა.

ჯგუფის განახლების შესახებ ინფორმაცია მოსამართლე ეკა არეშიძის საჯარო პოსტიდან გახდა ცნობილი, როდესაც მან ატლანტაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

მოგვიანებით, ამერიკაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა მოსამართლე ლევან დარბაიძემაც და მიაწერა: “აშშ-ში სასწავლო ვიზიტი დაიწყო”.

რადიო თავისუფლება

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share