ლანჩხუთის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი იხურება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ლანჩხუთის მოსახლეობა როგორც ჩანს ამ ამბავმა ძალიან დაადარდიანა და ერთმანეთის მიყოლებით, ცენტრის მედ-პერსონალი, ასევე უბრალო მოქალაქეები, კლინიკის დახურვის ამბავს ეხმაურებიან და თუ ხელისუფლება მათ თხოვნას, რომ არ დახურონ ე.წ. “ძველი საავადმყოფო” არ გაითვალისწინებს, აქციას აანონსებენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საავადმყოფოს რეაბილიტაციას წლების წინ ბიძინა ივანიშვილი აპირებდა. თანხაც იყო დასახელებული, მილიონნახევარი ლარი.თუმცა რატომ გადაიფიქრა ოლიგარქმა ცენტრის რეაბილიტაცია, ჩვენთვის უცნობია.
„ყველაფერი 2016 წლის აგვისტოში დაიწყო… პირველად შევხვდი ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ მხოლოდ ერთმანეთის და პაციენტების სიყვარულით და მხოლოდ სიყვარულით, თითქმის ანაზღაურების გარეშე და ეს გრძელდებოდა წლები, თვეები, დღეები.
ითმენდნენ ყველაფერს….
ერთმანეთის სიხარულს და მწუხარებას იზიარებდნენ და საღამოს სახლში, ფულის ნაცვლად,პაციენტების და კოლეგების სიხარულები და მწუხარებები მიჰქონდათ.
პანდემიისა თუ ეპიდემიის პირობებში,სრულიად დაუცველები, ზოგჯერ საკუთარი ინფიცირების ხარჯზე სულს უბერავდნენ და აცოცხლებდნენ კლინიკას, პაციენტებს…
ეს არ იყო მხოლოდ მუშაობის სურვილი, ეს იყო სურვილი, რომ არ დასრულებულიყო ის დიდი ისტორია, რასაც „ძველი საავადმყოფო“ ჰქვია, ისტორია, რომელიც ინახავს მოგონებებს თაობებზე…
ჩემთვისაც არ არის ეს შენობა, უბრალოდ ნაძვებში მდგარი ბავშვობის მოგონება, სადაც ჩემი და უამრავი ჩემი ახლობლის სიცოცხლე დაიწყო ან გადარჩა. ჩემთვის ეს შენობა ბრძოლის და მოთმინების სიმბოლოა,სადაც ყველას დევიზი ქართული ანდაზა „ვინც მოითმენს, ის მოიგებს“ იყო.
და მე მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, ისეთ ქალაქში, სადაც სწავლით და მუშაობით, ბრძოლით და არ დანებებით, თუნდაც სიბერეს მიტანებული ექიმი, სახლში ბედნიერი წავა, იმის იმედით, რომ შვილიშვილებს რაღაც ღირებული, დიდი ისტორიის ნაწილი შემოუნახა და ამისთვის ღირდა ბრძოლა და მოთმინება.. ეს “ძველი საავადმყოფოა“ და ჩვენ ის გვჭირდება!“ _ წერს საავადმყოფოს თანამშრომლი, თეონა ქურიძე.
ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საავადმყოფოს დახურვის ამბავს, ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო მენაღარიშვილი:
“„ცრემლებს ვერ ვიკავებ. ეს არ არის მარტო ისტორიულად ძველი საავადმყოფო, ეს იმ ადამიანების -ექიმების, ექთნების, სანიტრების, ტექნიკური პერსონალის მთელი ცხოვრებაა, უძილო ღამეებით, სიკვდილზე გამარჯვების სიხარულით, ზოგჯერ მძიმე დასასრულით, 5-6 თვის დაგვიანებით აღებული ხელფასით, მაგრამ მაინც მომავლის იმედით!“- წერს მენაღარიშვილი.
“„რამდენი თაობის, ექიმებისა და ექთნების, სანიტრებისა და სხვათა სახელებსა და გვარებს უფრთხილდება და სიამაყით იხსენებს ეს საავადმყოფო. რამდენი ურთულესი ოპერაცია დასრულებულა წარმატებით, სიცოცხლის გაგრძელებით. უძლიერეს პროფესიონალებს ეამაყებოდათ ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოში მუშაობა. ომიც არ დამთავრებულა ისე, 24-საათიანი გრაფიკით რომ არ ემუშავა ჩვენს მედპერსონალს, რომელმაც გაუძლო სახელმწიფო რეგულაციებს, გაღარიბებული პაციენტების შველას, უხელფასობას. პერსონალი, რომელიც შეიშვენებდა ინფრასტრუქტურულად გამართულ სამუშაო კაბინეტებს. მეამაყებით მე თქვენ. იმედს ვიტოვებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს კვლავ დაუბრუნდება კონკურენტუნარიანი მრავალპროფილური ინფრასტრუქტურით ახალი კლინიკა“ – დაწერა სოციალურ ქსელში კიდევ ერთმა ექიმმა ნონა მურვანიძემ.
ასევე საკმაოდ კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა ამ ამბავს, ლანჩუთის მკვიდრი მიშა თვალაბეიშვილი:
“სასაცილო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ქვეყანაში ესეთი კოვიდ ვითარებააბ. თითქმის დღე არ გადის რო გარდაცვლილზე არშევიტყო, დღე ღამეში 400-500 ინფიცირებული, არ არის კლინიკებში ადგილი, ამ დროს გაჟღერდა ინფორმაცია რომ კლინიკა იხურება…. კლინიას სადაც ნამდვილად პროფესიონალები მუშაობენ. პატარა კლინიკა რომელსაც დიდი ისტორია აქვს დღეიდან თითქმის უმოქმედო ხდება.?
ქართული ოცნება / Georgian Dream
მოგმართავ მთელი ლანჩუთის სახელით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კლინიკის დახურვა ეს იქნება დიდი შეცდომა თქვენი მხრიდან მოგმართავთ ლანჩხუთის მოსახლეობას გულთან მიიტანეთ ჩვენი გულის ტკივილი და გვერდით დაუდექით ამ ძირძველი ღირსების მქონე კლინიკას … არ დაიხუროს ლანჩხუთის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი.
პ.ს უხამსი კომენტარები და მიზანმიმართული ლანძღვა არ არის საჭირო გთხოვთ ნუ ლანძღავთ ნურავის უბრალოდ დააფიქსირეთ თქენი აზრი ლანძღვა გინების გარეშე მადლობა ყველას გვერდშიდგომისთვის.” – წერს თვალაბეიშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: