ძალადობის მსხვერპლი “სხვისი შვილები” – გიორგი თარგამაძის ედიტორიალი

8-დან 16 წლამდე ასაკის სმენადაქვეითებულ გოგონებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ამის ამსახველ ვიდეომასალას სოციალური ქსელების შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ.. ჯოჯოხეთი! მიჭირს ჩვენს ლექსიკონში იმ სიტყვების პოვნა, რომელიც ძალადობის მსხვერპლ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მდგომარეობას მიესადაგება.

ჯამში საუბარია 27 ვიდეოზე, ანუ მტკიცებულებაზე, სადაც არა მხოლოდ არასრულწლოვანებისთვის სექსის შეთავაზებაზე, სექსუალურ ძალადობასა და ჯგუფურ გაუპატიურებაზე საუბრობენ, არამედ ასახულია სექსუალური აქტებიც არასრულწლოვან გოგონებთან და ეს ყველაფერი რეგულარულად, გასული 3 წლის განმავლობაში და შესაძლოა, უფრო ადრეც, თბილისში, ბათუმში და ქუთაისში ხდებოდა.

იმის გაგონებასა და გააზრებაზე, თუ რა ვითარებაში უწევდათ ამ ბავშვებს ცხოვრება წლების განმავლობაში, როგორ ძალადობდნენ უმწეო ადამიანებზე და რომ პედოფილიის ეს უმძიმესი აქტები ჩვენს ყურისძირში, თუმცა ჩვენგან შეუმჩნევლად რეგულარულად ხდებოდა, შეუძლებელია, თმა ყალყზე არ დაგიდგეს, ბრაზმა არ შეგიპყროს და მოძალადეების მკაცრად დასჯა არ მოითხოვო, რომლებიც ბავშვებისთვის ნაცნობი ადამიანები იყვნენ და მათი ნდობით ბოროტად სარგებლობდნენ.

სექსუალური ძალადობით გამოწვეული ტრავმა ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმაა, რომელიც როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ტრავმას მოიცავს. და ამ ტრავმის დამუშავება, მაშინაც კი, როდესაც ბავშვს სათანადო მხარდაჭერა და რეაბილიტაცია უტარდება, ძალიან ხანგრძლივი და რთული პროცესია. ეს ტრავმა უკვალოდ არ ქრება და უმეტესწილად საზარელ კვალს ტოვებს ბავშვის ფსიქოემოციური განვითარების კუთხით.

მსგავსი დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციაზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო და მისი ინსტიტუტებია. ფაქტია, რომ დღეს ამ ფუნქციას ვერ ასრულებს ვერც პოლიცია, ვერც სკოლა, ვერც სოციალური სამსახური. ქვეყანაში ტოტალური სიბნელე და გაუნათლებლობაა. სკოლებიდან ბოლომდე გარიყულია სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე საგანმანათლებლო კომპონენტი და მოსწავლეებმა, და უმეტეს შემთხვევაში, მათმა მშობლებმაც არ იციან, თუ სად გადის ზღვარი თამაშს, ხუმრობასა და სექსუალურ შევიწროებას შორის. ბევრ ოჯახში ამ საკითხებს საერთოდაც ტაბუ ადევს. ხელისუფლება კი ამ სიბნელეს ვითომ კონსერვატიული და ოჯახური ღირებულებებით ამართლებს, შესაბამის განათლებას კი დასავლური გარყვნილების გამოვლინებად აფასებს.

მართალია, არსებობს არასამთავრობო სექტორის მხრიდან არაფორმალური განათლების შემოტანის მცდელობა, თუმცა ფაქტია, რომ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ეს ორგანიზაციები თავად არიან შევიწროებული და მარგინალიზებული ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მხრიდან.

ცალკე საკითხია ასეთ თემებზე ქვეყანაში ყველაზე დიდი გავლენის მქონე ინსტიტუტის – ეკლესიის ნების გამომხატველი – საპატრიარქოს დუმილი, ამბიონების პოლიტიკური მიზნით გამოყენებაში ჩემპიონი მღვდელმთავრები ძალადობრივი ტექსტებით, ანტიევროპული განცხადებებით, ვითომდაც დასავლეთიდან მომავალი გარყვნილებისგან ქვეყნის დაცვით არიან დაკავებული.

ამ დროს საქართველოში კაცები ქალებს წიწილებივით ხოცავენ, პედოფილიის, სექსუალური ძალადობის და მოზარდების მიმართ ძალადობრივი მოპყრობის სხვა ფორმების ლამის ეპიდემიაა.

საერთო ეროვნული განგაშია ასატეხი. სასწრაფოდ მისაღებია გადაწყვეტილება ზოგად საგანმანათლებლო ეტაპზე სქესობრივი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საგნის შემოტანისა და სწავლების თაობაზე გასააქტიურებელია მასწავლებლებისა და თავად მშობლების ცნობიერების ამაღლების პროგრამები და დასახვეწი და გასაძლიერებელია ამ უკიდურესად სპეციფიკური დანაშაულის გამოვლენის, გამოძიებისა და სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები.

სანამ ამას არ გავაკეთებთ და ახალი ამბებიდან მიღებულ ცნობას მოზარდებზე სექსუალური ძალადობის შესახებ რუტინული საინფორმაციო ნაკადის ნაწილად აღვიქვამთ, სანამ თითოეულ ძალადობის მსხვერპლ და ფსიქიკადანგრეულ მოზარდში ჩვენს შვილებს არ დავინახავთ და შესაბამისი შემართებით არ ვიმოქმედებთ, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ცივილიზებულ საზოგადოებად ვიწოდებოდეთ, რომლისთვისაც ქრისტიანობა, ოჯახური ღირებულებები და კონსერვატიზმი მხოლოდ ფუნდამენტალისტი ფანატიკოსების, რუსული აგენტურის და ავანტიურისტების პოლიტტექნოლოგიური იარაღი და მანიპულაციის მექანიზმია და სხვა არაფერი.

ფორმულა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share