წელს თხილის მოსავალიც გაიზრდება და ფასიც – თურქეთში ცუდი მოსავალია

თხილის მოსავლიანობა მატულობს. ფერმერები აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე სეზონი ერთ-ერთი საუკეთესოა, როცა მოსავალი იზრდება და ხარისხიც მეტ-ნაკლებად გამორჩეულია. ამ მხრივ სახელმწიფო პროგრამამაც კარგად იმუშავა, ფერმერებმა დროულად მიიღეს ზომები. სექტორი ახლა მთლიანად ამინდზეა დამოკიდებული. მწარმოებლები დაახლოებით 55 ათას ტონა თხილს ელოდებიან, რა თქმა უნდა, თუკი ყველაფერი ნორმალურად განვითარდება.

რაც შეეხება თურქეთს, აგროპორტალ “ფასტ ფრუტის” ინფორმაციით, თურქეთს წელს სერიოზული პრობლემა შეექმნა, რადგან ევროკავშირის ბევრი მყიდველი უკვე ალტერნატიულ მიმწოდებლებს, მათ შორის საქართველოს ანიჭებს უპირატესობას.

პორტალი წერს, რომ გლობალურ ბაზარზე კონკურენცია მძაფრდება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მსხვილი მოთამაშეა, ბაზარზე აბსოლუტური ლიდერობის მიუხედავად, ამ სეზონზე თავისი პროდუქციის მნიშვნელოვანი მოცულობის გაყიდვა ვერ შეძლო. 2023-24 წლების სეზონზე თურქეთმა პროგნოზირებული 1,825 მილიონი ტონიდან 810 ტონა მოსავალს ელოდება, რაც გლობალური წარმოების 63%-ია.

რაც შეეხება ქართულ თხილს, თურქეთის ფაქტორი, ცხადია, ადგილობრივი პროდუქტის გაყიდვასა და ფასებზე დადებითად იმოქმედებს, თუმცა კონკრეტულად რა მოცულობით შეიძლება თხილი გაიყიდოს, ჯერჯერობით ვერც მწარმოებლები და ვერც ექსპორტიორები აკონკრეტებენ.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი თოდუამ ,,რეზონანსს” განუცხადა, რომ მოსავალი, სავარაუდოდ, 55 ათას ტონას მიაღწევს, თუკი შემაფერხებელი გარემოებები არ იქნება.

„თხილის სექტორს წელს გაცილებით უკეთესი სასტარტო პირობები აქვს, ვიდრე წინა წლებში. სახელმწიფო პროგრამამ ამ მხრივ დადებითი როლი შეასრულა. ამინდის მხრივაც წინა წელი უფრო ნალექიანი იყო, ვიდრე მიმდინარე. აგროღონისძიებები აქტიურად გრძელდება და მოლოდინი უკეთესია. სავარაუდოდ, 55 ათას ტონა თხილის მოსავალს მაინც მივიღებთ, მთავარია, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. წამლობა მიმდინარეობს და მთავარია დროულად მოხდეს მოსავლის აღება, გაშრობა და თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა დაიცვან აგროვადები და არ დაუშვან შეცდომები, რადგან ეს ხარისხზე ცუდად იმოქმედებს.

როგორიც არ უნდა იყოს დარგში არსებული სიტუაცია, მნიშვნელოვანია რა მოსავალს მიიღებს თურქეთი და როგორი იქნება იმ ქვეყანაში ინფლაციის დონე. თურქეთს ამ მხრივ ახლა სახარბიელო ვითარებაში არ არის. ჯერ ადრეა იმის თქმა, როგორი იქნება ფასი, თუმცა ველოდებით, რომ თხილის ღირებულება ცოტათი მაინც გაიზრდება. ჩვენ მოტივირებული და მიზანმიმართული ვართ, ყველას ვურჩევთ კონკურენტუნარიანები ვიყოთ და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ვაწარმოოთ“, – აღნიშნა თოდუამ.

ექსპორტთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს კომპანია  კომპანია “ნათ.ჯი”-ს დამფუძნებელ მამუკა ბერიაშვილს, რომელიც ექსპორტზე შემაფერხებელ გარემოებად ლარის კურსს მიიჩნევს და ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს თურქეთში მოსავლიანობა, ქართულ თხილის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.

„თურქეთისთვის კონკურენციის გაწევა იოლი არ არის, წარმოებაში მკვეთრი ჩამორჩენა გვაქვს, ამიტომ მეტი იქნება მოსავალი თურქეთში თუ ნაკლები, ქართული პროდუქტის ექსპორტზე ეს ფაქტორი დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ფასის მხრივ ყველაზე მეტად ლარის კურსის ეფექტი იგრძნობა. კარგია, რომ ეროვნული ვალუტა მყარია, მაგრამ ექსპორტიორებს ეს გარკვეულ პრობლემას გვიქმნის. ჩვენი პროდუქციის ფასით ნაკლებად კონკურენტული ხდება.

კურსის გამო თხილის ღირებულება იკლებს, რაც საბოლოოდ ფერმერების უკმაყოფილებას იწვევს. წელს როგორი იქნება ფასი, გლობალურ პროცესებთან ერთად,  კურსზეა დამოკიდებული, ამიტომ ჯერჯერობით პროგნოზი გამიჭირდება”, – აღნიშნა,,რეზონანსთან” საუბრისას ბერიაშვილმა.

თხილის მოსავლიანობის ზრდაზე საუბრობენ მწარმოებლებიც. კომპანია ,,ჯეო იუსის” ხელმძღვანელმა ლაშა შენგელიამ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია, მაგრამ შედეგი საბოლოოდ ამინდზეა დამოკიდებული.

,,ყველა პირობამ – ამინდმა, პრევენციულმა ღონისძიებებმა – კარგი შედეგი მოგვცა. ნამდვილად გაზრდილი მოსავალი და ასე თუ გაგრძელდა, ხალხი მეტ სარგებელს მიიღებს. ფაროსანაც თითქმის გაქრა. ამ ეტაპზე თხილი, ძირითადად, სიდამპლესა და ნაცარზეა შესაწამლი, რაც ხარისხზეც უკეთესად იმოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ კარგი მოცემულობაა, პროგნოზს ვერიდებით, რადგან არ ვიცით, საბოლოოდ რა შედეგს მივაღწევთ, ამინდმა უნდა გაამართლოს, რაც შეგვეძლო, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ძალიან კარგი მოსავალი იქნება”, – უთხრა ,,რეზონანსს” ლაშა შენგელიამ და დასძინა, რომ ფასი, სავარაუდოდ, მოიმატებს, თუმცა ზუსტად რამდენით, ჯერჯერობით უცნობია.

ძველი თხილის რეალიზაცია პრაქტიკულად დასრულებულია. ამჟამად 4-5 ლარის ფარგლებშია 1 კგ გაუტეხავი თხილის ფასი, გატეხილისა კი – 12-13 ლარია.

ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: იტალია, გერმანია, ესპანეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, საფრანგეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ლატვია, ესტონეთი და ბელგია.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share