ვინ ეკითხება სხვა ქვეყნის ელჩს, რა სჭირდება საქართველოს და რა – არა?! – მიხეილ ყაველაშვილი

„როდესაც ეს ვნებათაღელვა ჩაცხრა და მოგვენიჭა პერსპექტივის სტატუსი, ჩვენმა არაერთმა გულშემატკივარმა ობიექტური კითხვა დასვა, თუ რატომ არ მიეცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როცა ბევრ საკითხში საქართველო უსწრებს დანარჩენ ორ ქვეყანას. თუ ვინმეს უნდოდა, სამართლიანად წარემართა ეს პროცესი, პირველად საქართველოსთვის უნდა მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის„ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, „ხალხის ძალა“ ხმამაღლა საუბრობს ისეთ საკითხებზე, რაც ქართულმა საზოგადოებამაც და ჩვენმა პარტნიორმა, თუ არაპარტნიორმა ქვეყნებმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რათა სწორი შეხედულებები ჰქონდეთ ჩვენს ქვეყანასა და მის შიგნით მომხდარ მოვლენებზე.

გარდა ამისა, ყაველაშვილის თქმით, მოძრაობა ებრძვის უსამართლობას, რისი არაერთი მაგალითიც არსებობს მისი არსებობის მცირეხნიან ისტორიაში.

„ჩვენი მოტივაცია იყო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და ეროვნული ინტერესი. გავიხსენოთ ის თემები, რომლებზეც პირველებმა დავიწყეთ ხმამაღლა საუბარი. შარშან მიმდინარეობდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი, სადაც წინასწარ ვიცოდით, რომ საქართველოს გამოყოფდნენ დანარჩენი ორი ქვეყნისგან, არ მისცემდნენ კანდიდატის სტატუსს, რათა ქვეყანაში გამოეწვიათ ვნებათაღელვა, საზოგადოებას გამოეთქვა უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ და ამით გამოეწვიათ რევოლუციური ცვლილებები. ასევე გაიხსენეთ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც არაფერი ესაქმებათ ამ პოლიტიკურ ვნებათა ღელვაში, მათი კონკრეტული საქმიანობა უნდა იყოს განსაზღვრული, რას აკეთებენ და რას აკეთებდნენ ადრეც, მაგრამ ვნახეთ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ და დაიწყეს ხელისუფლების გადაყენებასა და ტექნიკური მთავრობის შექმნაზე საუბარი.

პოლიტიკური პროცესების ავანგარდში იყვნენ შარშანდელი ივნისის მოვლენებში. ეს ხომ ფაქტია და ჩვენ ამას ვამხელდით. შემდეგ გაიხსენეთ, როდესაც ეს ვნებათაღელვა ჩაცხრა და მოგვენიჭა პერსპექტივის სტატუსი, ჩვენმა არაერთმა გულშემატკივარმა ობიექტური კითხვა დასვა, თუ რატომ არ მიეცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როცა ბევრ საკითხში საქართველო უსწრებს დანარჩენ ორ ქვეყანას. თუ ვინმეს უნდოდა, სამართლიანად წარემართა ეს პროცესი, პირველად საქართველოსთვის უნდა მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. ის სამუშაო პროცესი, რომელშიც ჩვენი საჯარო სისტემა ჩართულია, ახლა არ დაწყებულა. ეს დაიწყო ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულებიდან, ეს ყველაფერი გრძელდება და საქართველო იმ კანდიდატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა იყო ყოველთვის. როცა უკრაინაში ომი გაჩაღდა და საქართველოს თავისი როლი უნდა ეთამაშა, „გლობალური ომის პარტიის“ მიზანი იყო, საქართველო როგორმე ჩართულიყო ამ პროცესებში. ხელისუფლების დაზარალების მიზნით სწორედ ამ საკითხების გამოყენება დაიწყეს პოლიტიკური ნიშნით, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ არ შეასრულა მათი მოთხოვნები, რომლებიც ითვალისწინებდა საქართველოს მეტ აქტიურობასა და ომში ჩართულობას. ამაზე ფაქტებით ვსაუბრობდით ჩვენ.

გაიხსენეთ ჩვენი მიმართვა ელჩის მიმართ, სადაც ვეკითხებოდით, თუ რატომ არ ემიჯნებიან იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ საქართველოს ომში ჩართვას. გაიხსენეთ ის უკრაინელი მაღალჩინოსნები, რომლებიც დღემდე ოპოზიციურ მედიაში არიან წამყვანები, სპიკერები და მოუწოდებენ ქვეყანას ომში ჩართვისკენ. ჩვენმა საზოგადოებამ ჩვენი მოტივაციის შესახებ სიმართლე გაიგო, დაუდგა ქართულ ხელისუფლებას გვერდით და შევინარჩუნეთ მშვიდობა. ეს არის ყველაზე მთავარი – უსაფრთხოება და მშვიდობა. ჩვენი ინიციატივით, ბრძოლითა და ამ მხილებებით მივაღწიეთ იმას, რომ აქამდე მოვედით, მაგრამ საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ ეს პროცესი არ გაჩერებულა, ეს გამოწვევები გაგრძელდება არჩევნებამდე. სწორედ ეს ჯგუფები, რომელთაც ახალისებს ამერიკის ელჩი, არიან პასუხისმგებელნი მარტის მოვლენებზე. დღეს კი ყველაფერი ნათელია, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს არავითარი კავშირი არ ჰქონდა რუსულთან. მე აქამდეც ვთქვი, წინასწარ მქონდა ინფორმაცია, რომ ამ კანონს დაარქმევდნენ რუსულს. პროტესტის ნიშნად ბევრი მოტყუებული ახალგაზრდა გამოვიდა გარეთ. მათ მოატყუეს, თითქოს ვიღაც რუსეთში მიაქანებდა ამ ქვეყანას.

სწორედ იმისთვის ვიბრძვით, რომ ისინი იყვნენ თავისუფლები. თავისუფლებაა მთავარი. ადამიანს უნდა შეეძლოს, განსაკუთრებით ახალგაზრდას, რომ თავად გადაწყვიტოს, თავად იმსჯელოს ნებისმიერ საკითხზე. როდესაც საუბარია კრიტიკულ აზროვნებაზე ორიენტირებულ განათლებაზე, რომელ დასავლურ, ცივილურ და განვითარებულ ქვეყანაში შეიძლება, მსგავსი საკითხი განხილულიყო, რომ პარლამენტში ინიცირებულ კანონზე ეთქვათ, არც წაიკითხოთ, არც განიხილოთ, პირდაპირ გააპროტესტეთო? – ეს ხომ პირდაპირი დაკვეთა იყო და მე არ მინდა, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ასეთი დაკვეთების მსხვერპლი იყოს.

მათ კითხვა მაინც უნდა დასვან. ეს ხომ მარტივი საწყისია აზროვნების, რომ კითხვა მაინც დასვას, უნდა გაუჩნდეს სურვილი რომ თუ ეს კანონი მის წინააღმდეგაა, სულ მცირე, იცოდეს, რა კანონია, წაიკითხოს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ჩვენი პარტნიორია, უფლება, რომელსაც ის საკუთარ თავს აძლევს, მიუღებელია, ვასალური დამოკიდებულებაა. როგორ შეიძლება, უცხო ქვეყნის ელჩმა თქვას საქართველოში ნებისმიერი კანონის ინიცირებაზე, რომ ეს არ სჭირდება საქართველოს?! ვინ ეკითხება მას, რა სჭირდება საქართველოს და რა – არა?!“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share