საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა მიიღო რეზოლუცია, სადაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად მის საზღვარგარეთ გადაყვანაზეა საუბარი.
“გამოვდივართ მოწოდებით, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი. მოვუწოდებთ საერთაშორისო გაერთიანებას, უზრუნველყოს ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხო და დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული გადაყვანა სხვა ქვეყანაში ადეკვატური სამედიცინო მკურნალობისთვის”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს კიდევ ერთ რეზოლუციას, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა. ენმ-ის ცნობით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა დემოკრატიული პრინციპების პირდაპირი დარღვევაა, რითაც თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო ვერ მიიღწევა, რადგან მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება. ამასთან, რეზოლუციაში საუბარია მთავარი არხის დირექტორ ნიკა გვარამიას და მარტის აქციების დროს დაკავებულ აქტივისტ ლაზარე გრიგორიადისზეც.
***
სახალხო დამცველის კონსილიუმის ერთ-ერთ დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.
დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.
მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.