6 დეკემბერს, კურიერმა ირაკლი მილაძემ ტიკტოკი ჩაწერა, სადაც თქვა რომ თბილისში, ე.წ. ბასლაინებში ბევრი მანქანა დადის, პოლიცია კი მათ შერჩევითად აჯარიმებს.
ამავე ვიდეოში, მან აგინა თბილისის მერს, კახა კალაძეს (მისი სატრანსპორტო პოლიტიკის გამო) და პოლიციელებს.
“მაგ დღეს განსაკუთრებით მაგრად თოვდა. ათი საათი ვიმუშავე. ცალკე ვიყავი ნერვებმოშლილი იმიტო რო, დგეხარ საცობში, თოვლი გედება და გუნდა კეთდება შენს ჩაფხუტზე. ცალკე გაიხედავ და იქ [ბასლაინზე] ვიღაცები გულაობენ”, – იხსენებს ირაკლი.
ჩაწერიდან ორ დღეში მან აღმოაჩინა, რომ მის ნაქირავებ სახლთან, სოფელ დიღომში შუშებდაბურული მანქანები იდგა. კიდევ ორ დღეში, ათ დეკემბერს, ეზოდან მოპედით რომ გავიდა, თეთრი მანქანა “კინაღამ დაეჯახა”. “გზა გავაგრძელე. ვინც ორი ბორბლით ვმოძრაობთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ვერც კი წარმოვიდგენდი…”
ირაკლის თქმით, სუპერმარკეტ “ფრესკოს” დიღმის ფილიალთან, მასთან უფორმო პოლიციელები მივიდნენ, პირადობა მოსთხოვეს და მანქანაში ჩასვეს.
“მარცხნიდან და მარჯვნიდან უკანა სავარძლებზე დასხდნენ სხვა პოლიციელები. წინ კიდე ორი პოლიციელი. მკითხეს, შენ ვის შეაგინეო. მერე ოთხივემ დამიწყო ცემა. მაგინებდნენ, და იმეორებდნენ რომ მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფას არავინ მაპატიებს”, – ამბობს იგი.
კურიერი იხსენებს, რომ ნაცემი პოლიციაში წაიყვანეს, ორი დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა და შემდეგ ბრალი წაუყენეს პოლიციის შეურაცხყოფისთვის.
როგორც შემდეგ აღმოაჩინა, ტიკტოკზე დადებული ვიდეოს გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. პოლიციელებმა სასამართლოზე თქვეს, რომ უწყების ჩასაბარებლად იყვნენ მოსულები, მან კი წინააღმდეგობა გაუწია და აგინა.
ამის გამო, თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი 2000 ლარით დააჯარიმა. ერთ თვეში კი კიდევ 2000 ლარით, ამჯერად უკვე ტიკტოკზე გინებისთვის.
“სასამართლოს მოსაზრებით, გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს” – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) 21 ივნისს გამოაქვეყნა.
წყარო ჯორჯიან თაიმსი