საკარანტინო ბიზნესკავშირები და ჟამიანობისას ნაშოვნი მილიონები

მთავრობის პროექტი, რომლის მიზანიც კორონავირუსის მართვასთან ერთად, ტურიზმის გადარჩენა იყო, ვერც ყოვლისმომცველი და ვერც ,,გადამრჩენელი” აღმოჩნდა.

საქართველოს მთავრობამ კოვიდინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო ზონებისთვის სასტუმროების დაჯავშნა 2020 წლის 10 მარტიდან დაიწყო. თავდაპირველად ამ სივრცეში ის ადამიანები ხვდებოდნენ, რომლებიც მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოდიოდნენ. მოგვიანებით საკარანტინო ზონებში კოვიდინფიცირებულთა კონტაქტები განათავსეს, ახლა კი კოვიდინფიცირებულები გადაჰყავთ.

კოვიდსასტუმროებისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონები მხოლოდ ერთეულებმა მიიღეს. უცნობია, რა კრიტერიუმით ხდება სასტუმროების შერჩევა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მათი მეპატრონეები ის ადამიანები არიან, რომლებმაც ,,ქართულ ოცნებას” თანხა შესწირეს და შემდეგ ორმაგად ამოიღეს საკარანტინო ბიზნესით.

2020 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით იმერეთში 11 საკარანტინო სასტუმრო, მოეწყო, რომელთაგან ხუთის მფლობელი, ან ხელმძღვანელი, მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები, დეპუტატის ოჯახი, და ,,ქართული ოცნების” დამფინანსებლები არიან.


კოვიდსასტუმროები იმერეთში

„არგო“, „დისქავერი“, „ჯორჯიან ჰაუსი“, ,,სანი“, „ბაგრატი 1003“, „გორა“, „სტარ ჰოტელი“, „Sairme Resort“, „Best Western Sairme”, „შპს „წყალტუბო პლაზა“ და „ნიკალა“, – ეს ის სასტუმროებია, რომლებიც 2020 წლის მარტიდან დეკემბრის ბოლომდე იმერეთში საკარანტინო სივრცეების პროგრამაში ჩაერთო. ამ ობიექტებიდან შვიდი ქუთაისში, დანარჩენი კი ბაღდათსა და წყალტუბოში მდებარეობს.

ჩამოთვლილ სასტუმროებთან გაფორმებული ხელშეკრულებების, (2020 წლის მარტიდან 30 დეკემბრის ჩათვლით) საერთო ღირებულება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე ატვირთული დოკუმენტაციის თანახმად, ჯამში 6  369 156 ლარია.
იმერეთში არსებული საკარანტინო სივრცეებიდან (კოვიდსასტუმოებიდან), ერთერთ ყველაზე დიდ თანხაზე ხელშეკრულება ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შპს “წყალტუბო პლაზასთან” გააფორმა.  კომპანიას ცხრა  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში  1 918 230  ლარი ეკუთვნის. სასტუმრო საკარანტინო სივრცედ 28 თებერვლამდე იმუშავებს.

სასტუმრო “წყალტუბო პლაზა”

შპს „წყალტუბო პლაზას“ გენერალური დირექტორი გიორგი ორთოიძეა.  ის ამავე დროს შპს „ქარვა კოლხურის“ დირექტორია (ს/კ 404538568). კომპანია სახელმწიფო საინვესტიციო (საპარტნიორო) ფონდიდან ფინანსდება, რომლის ხელმძღვანელი ,,ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, დავით საგანელიძე გახლავთ,  სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კი საქართველოს ფინანსთა, ასევე ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების მინისტრები არიან.

ორთოიძეს წილები სხვა კომპანიებშიც უფიქსირდება, სადაც მისი პარტნიორები „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან. მაგალითად,   შპს „სამგორი ტბორში“ ორთოიძის პარტნიორია მალხაზ ყანჩაველი.   2016-2018 წლებში მან „ქართული ოცნება“ 105 000 ლარით დააფინანსა. ასევე, შპს „მაი სტარ ლენდ ჯორჯიაში“ (ს/კ 444549641) ორთოიძის კომპანიონს, ჯუმბერ ბერაძეს 16.09.2016 წელს  მმართველი პარტიისთვის  60 000 ლარი აქვს გადარიცხული.
,,ქუთაისპოსტი“ შეეცადა ორთოიძესთან დაკავშირებას, თუმცა მისი თანამშრომლების ინფორმაციით, ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.
შპს „კურორტი  საირმე“    იმერეთში ერთ–ერთი პირველია, რომელთანაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკარანტინო სივრცეების პროგრამის ამოქმედებიდან სამ დღეში (2020 წლის  13 მარტი) დაიწყო თანამშრომლობა.  გაფორმდა ოთხი ხელშეკრულება, ჯამში 2 463 202 ლარზე. შპს მომხმარებლებს ორ სასტუმროში, „ბესტვესტერნ საირმესა“ და „საირმე რეზორტში“ იღებდა.

სასტუმრო “საირმე”

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბიზნესმენი დავით ყიფიანია, რომელმაც “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო პერიოდში (27.08.2020) 5 000  ლარი შესწირა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე ატვირთული  დოკუმენტაციის (ს/კ 225058576) მიხედვით,  ,,კურორტ საირმეს” მესაკუთრე თემურ კოხოძეა. ის 2018 წელს  ჰოლდინგ “თეგეტა მოტორსის” გენერალური დირექტორი და 70% – ანი წილის მფლობელი გახლდათ.
გასულ წლებში კოხოძეც შემწირველად ფიქსირდება, ოღონდ სულ სხვა პარტიული გემოვნებით.  2012 წელს 60 000 ლარი  მან  “ნაციონალურ მოძრაობას” გადაურიცხა.

,,კურორტ საირმეს” ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორის, დავით ყიფიანის თქმით, მმართველი პარტიისთვის შეწირული თანხები და პოლიტიკური გემოვნება საკარანტინო სასტუმროების პროგრამასთან არაფერ შუაშია.

“მაშინ კონკურენცია საერთოდ არ იყო და არც ერთი ბრენდი, არც ერთი სასტუმრო არ თანხმდებოდა  საკარანტინო სივრცედ გადაკეთებაზე.  რეგიონში ჩვენ ვიყავით მეორე სასტუმრო, რომელმაც ეს გააკეთა. ის, რომ მე “ქართულ ოცნებასთან” ინტერესები მქონდეს და შევწირო რაღაც 5000 ლარი, ეს რა კავშირია?  ერთი არის სხვა და მეორე არის სხვა. დავით ყიფიანი არის პიროვნება, რომელსაც თავისი გარემოცვა და სამეგობრო ჰყავს, თუნდაც პოლიტიკურ პარტიებში. ჩემი გადასაწყვეტია, ვის ჩავურიცხავ, მინდა 2000 ლარს, მინდა 5000 და მინდა 1000 ლარს. თუ თქვენ რაღაც კავშირები გინდათ ააგოთ, ამ მიმართულებით ვერ წამოგყვებით”.

მმართველ პარტიასთან კავშირი იკვეთება ქუთაისში არსებულ კიდევ ერთ საკარანტინო სასტუმროსთან. “სანის” დირექტორი და მესაკუთრე ნინო თხელიძეა.

თხელიძე “ქართული ოცნების” პარლამენტის ყოფილი წევრის (2012 -2016 წლებში), ომარ ნიშნიანიძის მეუღლეა და “ოცნებისთვის” (15.05.2014 ) 3 000  ლარი აქვს შეწირული.

“სანისთან” ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო მომსახურებაზე  ოთხი ხელშეკრულება აქვს დადებული. ბოლო დოკუმენტით განსაზღვრული ვადა 2021 წლის 28 თებერვალია. მომსახურების საერთო ღირებულება 507 840 ლარს შეადგენს.
ნინო თხელიძე გვეუბნება, რომ მისი პოლიტიკური კავშირები არაფერ შუაშია ,,სანის” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროგრამაში ჩართვასთან.


სასტუმრო “სანი”

“ვინ გვკითხა საერთოდ, ვისი მხარდამჭერები ვიყავით. თავდაპირველად, ტურიზმის სააგენტომ უარი გვითხრა.  მხოლოდ მას შემდეგ დაგვიკავშირდნენ, როცა ქვეყანაში პიკი იყო”.

“ქუთაისიპოსტი” თხელიძის პარლამენტარ მეუღლეს, ომარ ნიშნიანიძესაც დაუკავშირდა:
 
“უბრალოდ, ჩვენი შერჩევა მოხდა იმის გამო, რომ ჯერ ერთი,  სასტუმრო წყნარ ეზოსა და  გარემოშია, სიმყუდროვეა, გვაქვს  52 ნომერი და ესეც აწყობდათ”.

,,ოცნების” შემწირველებისა და “ოცნების” ყოფილი დეპუტატის გარდა, ქუთაისში ერთი კოვიდსასტუმროს მეწილე  ექიმია.

​სასტუმრო “დისქავერი” საკარანტინო სივრცეში მოქალაქეებს 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში  იღებდა. ობიექტის იურიდიული დასახელება შპს “დოვლათია”.  კომპანიას რამდენიმე მეწილე ჰყავს,  ქუთაისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრის სამედიცინო დირექტორი ბორის ჩაკვეტაძე და ამირან ქებულაძე. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სწორედ ქებულაძესთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, როგორც ინდმეწარმესთან. საკარანტინო მომსახურების ღირებულება 163 680 ლარია.

სასტუმრო “დისქავერი”

ბორის ჩაკვეტაძის შვილი, გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის საკრებულოს წევრია ,,ქართული ოცნებიდან”.

დეპუტატებისა და შემწირველი ბიზნესმენების მსგავსად, ექიმიც  ამტკიცებს, რომ  სასტუმრო არ შეურჩევიათ პოლიტიკური შეხედულებების და  ნაცნობ-მეგობრობის გათვალისწინებით.
დანარჩენი  ექვსი  სასტუმროს ხელმძღვანელებთან და  ხელისუფლებასთან კავშირი არ იკვეთება, ისევე, როგორც სასტუმრო “გორასთან”. სასტუმროს მფლობელმა შალვა ბობოხიძემ, ფართის საკარანტინო სივრცედ მოწყობის მოთხოვნით ხელისუფლებას 2020 წლის მარტში მიმართა.
“იმის გამო, რომ გაჩერებული ბიზნესი ცოტათი მაინც გამეცოცხლებინა, გადავწყვიტე სასტუმრო საკარანტინო სივრცედ გადამეკეთებინა. ვრეკავდი სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა ცხელ ხაზზე, ვაფიქსირებდი ჩემს მოთხოვნას, მაგრამ კონკრეტულ პასუხს ვერავინ მეუბნებოდა”.
სასტუმრო სახელმწიფო პროგრამაში მხოლოდ “ოთხთვიანი ბრძოლის” შემდეგ ჩართეს.

“როგორც მივხდი,  “თავისიანებს” ანიჭებდნენ  უპირატესობას”.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმრო “გორას” საკარანტინო მომსახურებაზე ხელშეკრულება 2020 წლის 10 ივნისს გააფორმა, 271 585 ლარის ჯამური ღირებულებით. თითოეული ადამიანის მომსახურებაზე კი, სხვა სასტუმროებისგან განსხვავებით, ,,გორას” სახელმწიფო ყველაზე დაბალ ტარიფს – 34 ლარს უხდიდა.
დანარჩენ ექვს სასტუმროს, “არგო”,  “ჯორჯიან ჰაუსი”, “ბაგრატი 1003”, “გორა”,  “სტარ ჰოტელი”, და “ნიკალა”,საკარანტინო მომსახურებისთვის, სახელმწიფომ  ჯამში 1 316 204 ლარის ხელშეკრულება გააფორმა.

განკარგულება # 538

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის #538 განკარგულების საფუძველზე, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას  დაევალა: „კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა”.

სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე  დაიწყო ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კოვიდსასტუმროების მომსახურებაზე გამარტივებული  ელექტრონული შესყიდვები.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წესდების მიხედვით, გამარტივებული შესყიდვა (რაც ნიშნავს კონკურენციის გარეშე კომპანიასთან ხელშეკრულების დადებას ერთ პირთან მოლაპარაკებით) მაშინ არის დაშვებული, როცა შესყიდვის ღირებულება 5 000 ლარია. უფრი მეტ თანხაზე  ელექტრონული ტენდერები ცხადდება, სადაც  მომსახურების შეთავაზება რამდენიმე კომპანიას კონკურენციის პირობებში შეუძლია.

კოვიდსასტუმროების შესარჩევად გამარტივებული ელექტრონული შესყიდვები მთავრობამ პანდემიითა და გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა. თუმცა, პანდემიის პირველი ტალღის გადავლისა და საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომაც, იგივე საკარანტინო მომსახურების შესყიდვა ისევ გამარტივებული წესით ხორციელდება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად სასტუმროების დაქირავებაში, 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ჯამში 73 მილიონ 300 ათას ლარამდე ღირებულების გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული სასტუმროების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასზე დაქვემდებარებულ ადგილობრივ საინფორმაციო ცენტრებს ავალებდა. ასე იყო იმერეთის შემთხვევაშიც.

,,ჩვენ ვართ ერთი ჯაჭვის ნაწილი და  რა თქმა უნდა, ჩვენ ვაწვდიდით მათ ყველა საჭირო ინფორმაციას. ტურიზმის ადმინისტრაციას DMO Imereti-ს მიერ გადაეცა სრული ბაზა რეგიონში არსებული  ობიექტების შესახებ“, – ამბობს DMO Imereti-ის (ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი)  ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი.

კოვიდსასტუმროების შესარჩევად იმერეთიდან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ინფორმაცია 150-მდე ობიექტზე მიაწოდეს.

“სულ 11 სასტუმრო აიღეს, თუმცა რა  კრიტერიუმით მოხდა მათი შერჩევა,  არ ვიცი”, – აცხადებს ლილუაშვილი.

რის მიხედვით არჩევენ კოვიდსასტუმროებს, ამ  კითხვით ,,ქუთაისიპოსტმა” ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას  წერილობით 2020 წლის 30 დეკემბერს მიმართა, თუმცა პასუხი საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ კანონით (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლი) დადგენილ ვადაში არ მიგვიღია.

2020 წლის 13 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით,  გამარტივებული ტენდერის გზით, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ საკარანტინო სივრცით მომსახურეობაზე იმერეთში სულ 41 ხელშეკრულება 6  369 156 ლარზე  გააფორმა.

კვება კარანტინში

კოვიდსსტუმროებთან დადებულ ხელშეკრულებებს არ ახლავს დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება საკვები, რითიც იქ განთავსებულებს უმასპინძლდებიან.

სახელმწიფო შესყიდვების საააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულ თანდართულ დოკუმენტებში ნათქვამია,  რომ საკარანტინო სივრცით მომსახურებაში შედის  კვება (საუზმე,  სადილი, ვახშამი) და ორი ბოთლი წყალი ერთ ადამიანზე.

სამაგიეროდ, ყველა ხელშეკრულებაში წერია, რომ: „არ დაუშვას, ხელშეკრულების დადებამდე და მისი დადების შემდგომ ადმინისტრაციის (ტურიზმის ადმინისტრაციის)  წინასწარი თანხმობის გარეშე, სოციალური, ან სხვა მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება ხელშეკრულების პირობების შესახებ. შემსყიდველთან შეთანხმებას ექვემდებარება ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეხება სტუმრების იზოლაციას, საკარანტინო პირობებს, მათ კვებას და მათ განთავსებას“.

,,ქუთაისიპოსტის“ მიერ მოკვლეული ინფორმაციით,  ერთი ადამიანის კვებაში სახელმწიფო ხან ძვირს, ხან იაფს იხდის.

მაგალითად, თავდაპირველად  სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“ ერთი ადამიანის  გამოკვებაზე დღეში  50 ლარს, შპს „კურორტი საირმე“ – 30 ლარს, ხოლო სხვა სასტუმროები  25 ლარს იღებდნენ.

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას, სასტუმროს ნომრის ღირებულება ყოველ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების საგანს წარმოადგენდა (2020 წლის 10 მარტიდან 21 მარტამდე). 21 მარტიდან კი „ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსთვის ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებდა სასტუმროს ნომრის ღირებულებას – 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსთვის შეადგენს 25 ლარს“.

​თუმცა ეს დადგენილება ყველასათვის ,,გასაგები“ არ აღმოჩნდა, რადგან, მაგალითად,  „წყალტუბო პლაზა“ ერთი ადამიანის კვებაში სახელმწიფოს დღემდე 29 ლარს იღებდა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები არათანაბრად არა მხოლოდ კვების ნაწილში, არამედ კოვიდსასტუმროების ნომრებზეც იხარჯება. მეტიც, ერთი და იგივე სასტუმრო, ერთსა და იმავე ნომერში განსხვავებულ თანხას ითხოვს.

მაგალითად, შპს „კურორტ საირმეში“  ერთი ხელშეკრულებით (CMR200056523) განსაზღვრული ერთი ნომრის ღირებულება 140 ლარია. იგივე ნომერი სხვა  ხელშეკრულებით (CMR200140208) 55 ლარი ღირს.

არასტაბილური ფასებია სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“. მარტის თვეში დადებული ხელშეკრულებით (CMR200057516) იქ ერთი ნომრის ღირებულება დღეში 100 ლარია, ანალოგიური პერიოდის სხვა ხელშეკრულებაში (CMR200147962)   კი 50 ლარი.

სასტუმრო ,,სანიში“ ნომრის ღირებულება სტაბილურად 55 ლარი გახლავთ.

რატომ იხდის ერთ შემთხვევაში ორჯერ მეტ თანხას სახელმწიფო კოვისასტუმროების ნომრებში, როცა შესაძლებელია იგივე მომსახურება გაცილებით ნაკლებ ფასად შეისყიდოს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან ვერც ამ კითხვაზე მივიღეთ პასუხი.

სამაგიეროდ, კრიტიკულად აფასებენ ფასთა სხვადასხვაობას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

“კოვიდსასტუმროების ნაწილში მთავარ პრობლემად გამოიკვეთა დაგვიანებით მიღებული დადგენილება, რომელმაც განსაზღვრა ერთ ადამიანზე დასახარჯი მაქსიმუმი ბიუჯეტი. ამის გამოც ვერ მოხერხდა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა“, – ამბობს IDFI-ის  (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) ანალიტიკოსი მარიამ გოგიაშვილი. მისივე თქმით, კოვიდსასტუმროების სახელმწიფო შესყიდვებში აშკარად იკვეთება კორუფციის  ნიშნები.

,,გამარტივებული შესყიდვების დროს, არსებობს რისკი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები  კონცენტრირდეს მმართველი პარტიის შემომწირველ, ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან, შესაბამისად, აუცილებელია დეტალურად დასაბუთდეს, რატომ შეირჩა კონკრეტული კომპანია და რა უპირატესობა გააჩნდა მას სხვა კომპანიებთან შედარებით; ასეთი დასაბუთება, ან თუნდცა ბაზრის კვლევის დოკუმენტები ხელმისაწვდომი არ იყო კოვიდსასტუმროების შემთხვევაში. ამასთან, სხვადასხვა კვლევებით გამოიკვეთა, რომ საკარნტინო ზონებად დაქირავებული სასტუმროების ნაწილი სწორედ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული კომპანიებია.  ვთვლით, რომ საჭიროა მეტი კონტროლი და გამჭვირვალობა  კომპანიების შერჩევის პროცედურების კუთხით”, – ამბობს  მარიამ გოგიაშვილი.

IDFI-ის ანალიტიკოსების აზრით, კონტროლს ისიც აფერხებს, Covid-19-თან დაკავშირებული შესყიდვები შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ცალკე გამოყოფილი  რომ არ არის.

კოვიდსასტუმროები ბიუჯეტიდან ,,თანხის გაწერის“ საშუალებად მიაჩნიათ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. “ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრის გიგა შუშანიას თქმით, ამ გზით მთავრობამ უკვე გაფლანგა ასეულობით მილიონი ლარი.

“ძირითადად ეს მიმართული იყო “ქართული ოცნებასთან” დაახლოებული პირების და ჩინოვნიკებთან დაახლოებული პირების სასტუმროების გადარჩენისათვის, ხელისუფლება ზრუნავდა, მხოლოდ საკუთარი სასტუმროს ბიზნესის გადარჩენას.  ვნახეთ, როგორ მოკლეს ტურიზმი, როგორ მოკლეს მცირე ბიზნესი. მთავრობამ პანდემია გამოიყენა პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც“.

2020 წლის 21 მარტიდან 15 ნოემბრის  ჩათვლით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად სასტუმროების დაქირავებაში, ჯამში 73 300 000 ლარამდე ღირებულების გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა. 6 369 156  ლარი გადამისამართდა კოვიდსასტუმროებზე იმერეთში.

საკარანტინო სივრცეებით მომსახურების პროგრამაში, საქართველოს მასშტაბით, 200- ზე მეტი სასტუმრო ჩაერთო.

კოვიდსასტუმროების პროგრამა,  რომელიც  მთავრობის თქმით, ერთის მხრივ, ადამიანებზე ზრუნვას  და  მეორე მხრივ, ტურიზმის გადარჩენას ისახავდა მიზნად, ნაწილობრივ მთავრობასთან დაახლოებული პირების დახმარების პროგრამა აღმოჩნდა.

ყოველ შემთხვევაში, ეს აჩვენა კორონავირუსის მართვის პირველი და მეორე ტალღის საკარანტინო სივრცეების სახელმწიფო შესყიდვებმა, სადაც სასტუმროები პოლიტიკური გემოვნების მიხედვით შეირჩა. ტურიზმის ნაწილობრივ გადარჩენის ნაცვლად, ბიუჯეტის ფულით  კიდევ უფრო მეტად გამდიდრდნენ ჩინოსანთა მეგობრები.

წყარო:kutaisipost.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share