1856 წელს გაზეთი Times გურულების შესახებ წერდა “თავზე დამაგრებული ჰქონდა ალმასებით მორთული თხელი ოქროს ფირფიტა, რომლის ქვემოდანაც ტალღისებურად გადმოშლილი თმები მხრებზე ჰქონდა გადაფენილი. ის იყო საოცრად ლამაზი და ამხედრებული იყო ასევე საოცრად ლამაზ ცხენზე. ეცვა ლურჯი ხავერდის ულამაზესი ტანსაცმელი, რომელზეც ბრწყინავდა ძვირფასი ქვები. რუსეთის ქვეშევდომობაში მყოფი ამ ხალხის წარმომადგენლებს ყველაზე დიდი ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ უცხოელები. მათ ისე ჩაიარეს ჩვენს წინ როგორც ათასერთი ღამის ზღაპრის სიზმარმა!“
.
ასევე მრავალ-ფეროვანი გახლდათ ქალბატონების ტანსაცმელიც, პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ბორის კუსტოდიევი (შემდეგში ცნობილი რუსი მხატვარი), რომელიც ოზურგეთს 1897 წელს სტუმრობდა დადამისისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ დიდი მცდელობის შედეგად ძვლივს დაითანხმა ერთი გურული ქალი დახატა იგი, მაგრამ აქვე წერს, რომ მისი დახატვა უნდოდა არა მისი შესახედაობის არამედ მისი ულამაზესი და გასაოცარი კაბის გამო.
.
რაც შეეხება “ჩაქურას” ზოგიერთის განმატებით მისი დასახლება ჩაქვიდან უნდა მომდინარეობდეს, თუმცა Çakır ჩაქირ (açık mavi) – ქართულად ღია ცისფერს ნიშნავს და შესაძლებელია ამასთანაც იყოს დაკავშირებული. ასევე როგორც ცნობილია ჩაქურის მსგავს ტანსაცმელს იცვამდა ანატოლიის მოსახლეობა – ბერძნები, ლაზები, სომხები და ა.შ.
.
ასევე როგორც ცნობილია გურიაში ტანსაცმელი და ნაჭერი თურქეთიდან ქობულეთის გავლით შემოდიოდა, რის თაობაზეც წერს დავით მაჭუტაძე კავკასიის მთავარმართებელს, როგორც მაჭუტაძის 1844 წლის 10 თებერვლის წერილიდან ირკვევა გურიაში თურქეთ-რუსეთის საზღვარზე საბაჟო კონტროლის დაწესების შედმდეგ ქობულეთიდან ტანსაცმელის შემოტანა შეწყდა ან მასზე დაწესებულმა ბაჟმა მისი ღირებულება ძალიან გაზარდა. ამ მხრივ განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილან გლეხები – „ესრედ უდიდესი ნაწილი მათგანი ითმენენ თვით უკიდურესსა ნაკლულოვანებასა ტანისსა მისისა შინა იქამდე, რომელ როგორც მე პირდაპირ ვიცი, მრავალნი არიან ესრეთი სახლობანი, რომელთა შინა დიდითგან ვიდრე მცირედმდე ყველანი შიშველნი არიან, ხოლო განსაკუთრებით გლეხის კაცის შვილები ვიდრე მეათე წლამდე უკანასკნელი პერანგიც არ ეღირსებათ.“
.
ასევე საინტერესოა, რომ ჩაქურას იგივე მოკლე ჩოხას გურულები ეძახდნენ “კვარტუას” ან “კვარტუა ჩოხას” (კვართი).
.
გაზეთი „ცნობის ფურცელი“ (1902 წელი 24 აგვისტო #1905) წერდა – “ენით, ზნითა და ჩვეულებით ქაქუთლებსა და ლიხაურელებს ვერც-კი გაარჩევთ. ტანისამოსიც ერთნაერი იციან, ძველი გურული „კვარტუა“ (ჩაქური). წმ. გიორგის შესაწირავი ქაქუთლებმა მართლ-მადიდებლებსავით იციან, ოღონდ ეკლესიაში არ დადიან”
.
ასევე საინტერესოა, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარის ფოტოებში გურული თავად-აზნაურობა ჩოხებშია ჩაცმული და ფაფანაკს ატარებენ.
.
გასული საუკუნის ოციანი წლებიდან მკვეთრად შეიცვალა გურიის კულტურული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ყოფიერება, რასაც შედეგად გურულების ჩაცმულობის შეცვლაც მოყვა და მათი მრავალფეროვანი სამოსი რუხმა და შავთეთრმა “სტანდარტულმა” ტანსაცმელმა შეცვალა.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა