უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არაერთი სახის სანქცია დაუწესდა როგორც ქართულ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებს“ (Georgian Airways LLC), ასევე მის ხელმძღვანელს – თამაზ გაიაშვილს. კიევი განაგრძობს მუშაობას საერთაშორისო დონეზე მათი სანქცირების მიზნით.
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებს“ (Georgian Airways LLC) მთელი რიგი აკრძალვები შეეხო. სანქციების სია 14 პუნქტისგან შედგება.
Georgian Airways-ს ჩამოერთვა ფინანსური და იურიდიული პირების აქტივებით სარგებლობისა და განკარგვის უფლება, სავაჭრო ოპერაციების განხორციელება; რესურსების ტრანზიტი – ფრენა, ტვირთის გადაზიდვა უკრაინის ტერიტორიის გავლით. აიკრძალა უკრაინის საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამოყენება; კაპიტალის გატანა უკრაინიდან; შეჩერდა ეკონომიკური და ფიზიკური ვალდებულებების შესრულება.
ასევე, Georgian Airways-ს შეეხება ყველა არსებული ლიცენზიის ანდა ნებართვის შეჩერება თუ ანულირება, რომელთა მიღება (ქონა) კომპანიას „გარკვეული სახის საქმიანობის“ საშუალებას და კერძოდ – წიაღირსეულით სარგებლობის საშუალებას აძლევს.
აკრძალვა შეეხება პრივატიზაციას, საქონლისა და სერვისების საჯარო შესყიდვებსაც, სახელმწიფო ქონების იჯარით აღებას, ფასიანი ქაღალდების მოხმარებას; მოქმედება შეაჩერა ყველა შესაძლო სავაჭრო ხელშეკრულებამ, ერთობლივმა პროქტმა, სამრეწველო პროგრამამ – უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. აიკრძალა წვდომა ტექნოლოგიებსა და ინტელექტუალურ საკუთრებაზე.
უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური სანქციები დაუწესდა „საქართველოს ავიახაზების“ დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილსაც.
სანქცირებული ფიზიკური პირების სიაში, სადაც ძირითადად რუსეთის მოქალაქეებს ვხვდებით, საქართველოს მოქალაქე – თამაზ გაიაშვილი 192-ე ნომრით არის შეყვანილი.
მის შემთხვევაშიც, უკრაინის კანონმდებლობაზე დაყრდნობით, აკრძალვა შეეხო, აქტივებზე წვდომას, სავაჭრო ოპერაციებს, ფასიან ქაღალდებს; ლიცენზიებს, რესურსების ტრანზიტს, ფრენების შესრულებას, ერთობლივი პროექტების ნებართვებს და სხვა.
სანქციების დაწესების შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებები, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 1 ივლისს, ბრძანებულებაზე ხელმოწერით დაამტკიცა. „სპეციალური პერსონალური ეკონომიკური და სხვა სახის შეზღუდვები“ დაუწესდათ ასევე სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
უკრაინა გააგრძელებს მუშაობას, რომ ამ სანქციებს საერთაშორისო პარტნიორებიც შეუერთდნენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებული აქვს, რომ სანქციების დაწესების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს „ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს“ და „მათ წინაშე დააყენოს ანალოგიური შეზღუდვების მიღების საკითხი“.
1 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შესრულების პროცესში ჩართული იქნებიან სახელმწიფო სტრუქტურები. „უკრაინის მინისტრთა კაბინეტი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და ეროვნულ ბანკთან ერთად, უზრუნველყოფს განხორციელებასა და ეფექტიანობის მონიტორინგს“, – წერია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
რადიო თავისუფლება