ფორმულას ინფორმაციით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრ ნათია თურნავას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება სურს. მოხსნილი მინისტრი ინტენსიურ შეხვედრებს მართავს და თანამდებობაზე დასაბრუნებლად აქტიურ კონსულტაციებშია ჩართული.
დეტალები:
აუდიენცია რამდენიმე დღის წინ, თურნავას ინიციატივით, არაოფიციალურ გარემოში შედგა. ფაქტს გვენეტაძეც ადასტურებს, თუმცა რა უთხრა გადაყენებულმა მინისტრმა, არ აკონკრეტებს. ფორმულას ინფორმაციით, თურნავამ კობა გვენეტაძეს საკუთარი გეგმების შესახებ უამბო. როგორც აღმოჩნდა, ყოფილი მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობას უმიზნებს. შანსი მას შემდეგ ექნება, რაც გვენეტაძეს უფლება-მოსილების ვადა ამოეწურება, ანუ 11 თვეში. ამასთან, ფორმულას ინფორმაციით, გვენეტაძეს პრეზიდენტობა მეორე ვადითაც სურს. ფაქტს ბანკის მოქმედი პრეზიდენტი არ უარყოფს.
ერთადერთი ვისაც თურნავასთვის ბანკის კარის გაღება შეუძლია – სალომე ზურაბიშვილია. სწორედ პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს. საბჭოში მოხვედრის შემდეგ თურნავას ბანკის პრეზიდენტობის შანსი ექნება.
ვინ დგას ნათია თურნავას უკან ? – არაოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ბიძინა ივანიშვილის პროტეჟეა. ზურგს უმაგრებს ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი – ვანო ჩხარტიშვილიც.
რაც შეეხება გვენეტაძეს – ფორმულას ინფორმაციით მას ე.წ გეგმა “ბე” მზად აქვს. კერძოდ, თუ პოსტს თავად ვერ შეინარჩუნებს, ლობირებას მისივე მოადგილეს, ვიცეპრეზიდენტს – პაპუნა ლეჟავას გაუწევს. ის, ვინც ეროვნული ბანკის საქმიანობას კარგად იცნობს, გვეუბნება, რომ გვენეტაძე ღარიბაშვილისთვის თავსატეხია; რადგან ბანკის მოქმედ პრეზიდენტს ახლო კავშირები აქვს სავალუტო ფონდთან.